თამუნა გაჩეჩილაძე უცხო ქვეყნებში ბავშვობიდან მოგზაურობს. დღეისთვის დაახლოებით 25 ქეყანაში იქნება ნამყოფი და თითოეულმა მათგანმა აღფრთოვანება და გაკვირვება გამოიწვია მასში.
— მოგზაურობას ყველა ადამიანის ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი უნდა ეკავოს, თუმცა ჩვენი სოციალური, თუ ფინანსური პრობლემების გამო, ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს თავის თავს ეს სიამოვნება მიანიჭოს. მერწმუნეთ ამაზე დიდებული, ამაზე ლამაზი არაფერი არ შეიძლება იყოს ადამიანის ცხოვრებაში.
- პირველად როდის იმოგზაურეთ უცხო ქვეყანაში და რა შთაბეჭდილებებით დაბრუნდით?
— პირველი ქვეყანა, რომელშიც ფეხი დავდგი იყო ულამაზესი პეტერბურგი, თუმცა ეს შორეულ წარსულში, ჩემს ბავშვობაში იყო. სწორედ მაშინ „მოვიწამლე“ მოგზაურობის დაუძლეველი სურვილით და მას მერე არასოდეს გავჩერებულვარ. სოფელი არ გვქონდა არც დედის და არც მამის მხრიდან. ეს ერთის მხრივ ცუდი იყო, მაგრამ სწორედ ამან მოგვცა საშუალება მოგვევლო მაშინდელი საბჭოთა კავშირის ქვეყნები. პეტერბურგი კი სამუდამოდ დარჩა ჩემს გულში, როგორც ზღაპრების და ოცნებების ახდენის, საოცარი ფარფატა ფერიების არამიწიერი სივრცე. დღემდე ასე გრძელდება. ბევრი ქვეყანა მინახავს, მაგრამ არც ერთი ისეთი ლამაზი არ იყო, როგორიც პეტერბურგი. ამაში დამეთანხმება ყველა, ვინც იქ ერთხელ მაინც არის ნამყოფი. წლები გავიდა, არავისთვის არ არის პრობლემა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოახულება, მაგრამ მე ისევ მინდა მოვხვდე ჩემი ბაშვობის დაუვიწყარ ზღაპრულ პეტერბურგში, იმედი მაქვს ასეც იქნება.
- სულ რამდენ ქვეყანაში იქნებით ნამყოფი?
— რაც მახსენდება ოცდახუთამდე ქვეყანაში ვიქნები ნამყოფი. რაც უფრო მეტ ქვეყანას ვნახულობ ვხვდები, რომ მეტის და მეტის გაგება მინდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებზე და ხალხზე.
- ამ ქვეყნებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი რომელი ქვეყანა იყო?
— რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. მაგალითად პირველად ესპანეთში, რომ ჩავედი მეგონა იმაზე აღმატებულს ვერაფერს ვნახავდი და მონუსხული ვიყავი. მერე იტალია ვახე და მივხვდი, რომ უფრო დიდი და გენიალურიც არსებობდა სამყაროში. რთულია რომელიმე ერთი გამოყო, მაგრამ სხვადასხვა ქვეყნებში არის ერთი, რამე კონკრეტული რაზეც შემიძლია უსასრულოდ ლაპარაკი, მაგალითად კორდობაში (ესპანეთი) მესკიტა, ეს არის ულამაზესი ტაძარი, სადაც ერთ სივრცეში ერთდროულად კათოლიკური მესაც მიმდინარეობს და მუსულმანურიც. ეს არის მავრიტანული არქიტექტურის ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლი.
ნოიშვანშტაინი — (თეთრი გედის სასახლე) ბავარიის ალპებში იდუმალი მეფის ლუდვიგ მეორის სასახლე… მეფის, რომელმაც სახელმწიფო ხაზინა გააკოტრა ამ სასახლის აშენებისთვის, მაგრამ მხოლოდ 40 დღე იცხოვრა მასში. სასახლე, რომელშიც წელიწადის ნებისმიერ დროს იყო წელიწადის ოთხივე დრო, სასახლე რომლის ნახვითაც ისეთი გაოგნებუი იყო უოლტ დისნეი, რომ მისი ნახატი ფილმები ყოველთვის ამ სასახლის ლოგოთი იწყება. ეს არის სასახლე, რომელმაც თითქმის გააკოტრა სახელწიფო, მაგრამ მეფის იდუმალი გარდაცვალების შემდეგ (ლუდვიგ მეორე თავის მკურნალ ექიმთან ერთად ტბაში იპოვეს დამხრჩვალი) სულ რამდენიმე თვეში, მნახველების რაოდენობით ათჯერ გაამდიდრა იგივე ხაზინა.
ჩანჩქერების ხეობა შვეიცარიის ალპებში — ეს იყო ფანტასტიკათა ჟანრის ყველზე ნათელფერება სივრცე, როგორიც მხოლოდ ერთხელ ვნახე ფილმში „ოზი დიდებული და ძლევამოსილი“. ეს იყო ჩანჩქერების ისეთი წყობა და ისეთი შეერთება, რომელსაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი.
კიდევ ერთი ქალაქი, რომელმაც უდიდესი სიყვარული დატოვა ჩემს გულში არის საფრანგეთის სანაპიროსთან, ნიცასთან ახლოს სან პოლი, მხატვრების ქალაქი. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ მხატვრებს თავისი ქალაქი ექნებოდათ და თანაც ასეთი ლამაზი. ყველაფერი ამ ქალაქში არის მხატვრებზე და მხატვრობაზე, სხვათაშორის ამ ქალაქშია დაკრძალული მარკ შაგალი.
…და პომპეი, იტალიის ერთ დროს ულამაზესი ქალაქი, რომელიც 79 წელს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდმა ვულკანმა გაანადგურა. დავდიოდი პომპეის ქუჩებში და დაუჯერებელი იყო ჩემთვის რა მოხდა 20 საუკუნის წინ ამ ულამაზეს ქალაქში, სადაც ფერფლმა ფილტვებში ჩაღწევის შემდეგ მომენტალურად გააქვავა იმ ქალაქში მყოფი ყველა ადამიანი, ეს ადამიანები კი ქვებად (ძეგლებად) ქცეული დღესაც შიშის ზარს სცემს ყველა მნახველს.
- როგორ გეგმავთ ტურს, როგორ ანაწილებთ დროს? რას ნიშნავს თქვენთვის ნაყოფიერი მოგზაურობა?
— ტურის დაგეგმვა ხანგრძლივი პროცესია. წლის განმავლობაში ვფიქრობ, რის ნახვა მინდა ამჯერად, რა განწყობები მაქვს. რაც შეეხება დროს, ვფიქრობ დრო არასოდეს არ არის საკმარისი, ამიტომ ვცდილობ მოგზაურობა ერთი თვე მაინც გრძელდებოდეს. ეხლაც გერმანიაში ვარ და ყოველ წუთს ვგეგმავ, სად რა მოვასწრო. ნაყოფიერი კი მაშინ არის მოგზაურობა, როცა სასურველ ადგილებს საკუთარი თვალით ნახავ და შეეხები. ენით აღუწერელია, როცა შთაბეჭდილებებით სავსე ბრუნდები შინ.
- რომელი ქვეყნის არქიტექტურას გამოარჩვედით?
— რამდენადაც ბანალურად არ უნდა მოგეჩვენოთ, ჩემთვის იტალიური რენესანსი დედამიწაზე მზის ამოსვლაა. თუმცა დღემდე ამოუცნობია და მომნუსხველი ეგვიპტური არქიტექტურაც.
- რა შეეხება მუზეუმებს. ყველაზე დასამახსოვრებელი რომელი მუზეუმი იყო?
— მუზეუმების ნახვაში რეკორდი მაქვს დამყარებული, დაწყებული ქაიროს მუზეუმიდან, სტანდარტულად სასახლეები შვეიცარიასა და ბავარიის ალპებში, ვერსალი, ლუვრი, ისტორიის მუზეუმი ვენაში, სამხედრო მუზეუმები ესპანეთსა და საფრანგეთში, ხელოვნების მუზეუმები, ბელვედერი, შონბურგი, პრადო, რეინა სოფია, ტისენ ბორნემისა, გემების მუზეუმი გერმანიაში (ბრემენი), და კიდვე ბევრი. გამორჩეულად მიყვარს პრადოს მუზეუმი მადრიდში, სადაც ველასკესის გენიალური შედევრებია. მსოფლიოს თითქმის ყველა მხატვრის მიერ დახატული ქრისტე მინახავს, მაგრამ ველასკესის ქრისტესნაირი სრულყოფილი არც ერთი… და იერონიმოს ბოსხის ტკბობის ბაღი… მიყვარს ეს ქმნილებები და მაბედნიერებს მათი ნახვა ისევ და ისევ.
ძალიან მიყვარს ფლორენციაში მედიჩების სასახლე პიტი. ჩემს ბავშვობაში იყო ასეთი წიგნი აკაკი გელოვანის „მარად ცოცხალი ხელოვნება“. მუზეუმში, რომ შევედი მეგონა ეს წიგნი თვალწინ გადამეშალა. აღორძინების ეპოქის უმშვენიერესი ტილოებია ამ სასახლეში და მათი შემხედვარე ხვდები, რომ ადამიანის ფატაზიას და შესაძლებლობებს საზღვარი მართლაც არა აქვს. მედიჩებმა კაცობრიობას შემოუნახეს აღორძინების ეპოქის ყველა მდიდარი, თუ ღარიბი ხელოვანის გენიალური ქმნილებები, პატრონობდნენ მათ და ხელს უწყობდნენ შემოქმედებით საქმიანობაში. აფინანსებდნენ და სტიმულს აძლევდნენ. მედიჩების ანდერძით, ვინაიდან მათი შტოს ბოლო წარმომადგენელი ქალი იყო, ყველა ეს ქმნილება გადაეცა ფლორენციას იმ პირობით, რომ არც ერთი მათგანი ქალაქს არასოდეს დატოვებდა და მათ სანახავად ადამიანები თავად ჩავიდოდნენ ფლორენციაში.
- რაიმე კურიოზულ სიტუაციას ხომ არ გაიხსენებდით?
— კურიოზები ბევრი გადამხდენია. ერთი მახსენდება ეხლა, გერანიაში ვიყავით მე და ჩემი მეუღლე და იქიდან სევილიაში უნდა გადავფრენილიყავით. მივედით აეროპორტში და არსად ტაბლოზე ჩვენი რეისის ნომერი არ ეწერა, ვიკითხეთ საინფორმაციოში და გვითხრეს, რომ დიუსელდორფში არის მეორე აეროპორტიც და იქიდან უნდა გავფრენილიყავით. რეგისტრაცია იწყებოდა და ისე ცუდათ გავხდი, უცებ გარეთ გამოვვარდით ტაქსი გავაჩერეთ და ვკითხეთ, თუ მოასწრებდა ჩვენს წაყვანას ჩავსხდებოდით თუ არა და დავრჩებოდით. ბედად მძღოლი პოლონელი აღმოჩნდა და არა გერმანელი, წესრიგის მოყვარული და რასაც ქვია გვაფრინა. მივედით ჩვენთვის უცნობ აეროპორტში და სასწაული ის იყო, რომ ჩასხდომა სრულდებოდა ერთი ადამიანი აღმოჩნდა ჩვენს წინ, ანუ წამებში მივუსწარით და შევძელით სევილიაში გადაფრენა. როგორც მერე გაირკვა არავინ ჩვენს სანაცნობოშიც კი, ვინც წლებია გერმანიაში ცხოვრობს, არ იცოდა, რომ დიუსელდორფში მეორე აეროპორტიც არსებობდა. მაშინ ძალიან ვინერიულე, მაგრამ ეხლა რომ მახსენდება მეცინება.
- რაიმე სამახსოვრო კოლექცია ხომ არ გაქვთ, რაც უცხო ქვეყნებს და მოგზაურობას უკავშირდება?
— უამრავი სუვენირი მაქვს. ყველა ქვეყნიდან მომაქვს სამახსოვრო სუვენირები და როცა მოგზაურობის სევდა შემომაწვება, საათობით ვუზივარ ამ მოგონებათა გუდას და ვირტუალურად ვმოგზაურობ მონატრებულ ქვეყნებში.
- ქვეყანა სადაც მოხვედრაზეც ოცნებობთ…
— ისლანდიაში მინდა წასვლა და ჩრდილოეთის ციალის ნახვა. ნოემბრიდან თებერვლის ბოლომდეა შესაძლებელი ამ სილამაზის ნახვა და ხვათაშორის ძალიან ბევრი ქვეყნიდან ჩანს, მაგრამ მე რეიკიავიკიდან მინდა ვნახო.
- საქართველოს გარდა დაუფიქრებლად რომელიმე ქვეყანაში იცხოვრებდით?
— გერმანიაში, ბავარიის ალპების რომელიმე სოფელში, აუცილებლად ქალაქიდან მოშორებით. ეს არის ქვეყანა სადაც ცხოვრება მართლა სიამოვნებაა, არის წესრიგი, სისუფთავე და სიმწვანე, რაც ასე გვაკლია ქართველებს.