თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ბორჯომის ტყეში ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობდა.
ბორჯომის ტყეში ხანძარი, პრაქტიკულად, ლიკვიდირებულია. ადგილზე მუშაობას მეხანძრეები აგრძელებენ, რათა ახალი კერების გაჩენა არ დაუშვან.
„ადამიანურად მადლობა მინდა გითხრათ თქვენი თავდადებისათვის და გმირობისთვის. გულით ვამაყობ, რომ ასეთი ვაჟკაცები ჰყავს ჩვენს ქვეყანას… თქვენ გადაარჩინეთ ათასობით ჰექტარი ტყე. ცუდია რაც მოხდა, მაგრამ გაცილებით ცუდი შეიძლება მომხდარიყო, რომ არა თითოეული თქვენთაგანის გმირობა", — მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც პირველი წუთებიდან ცეცხლთან ბრძოლაში მონაწილოებდნენ.
ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობდა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 650 თანამშრომელი, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 900 თანამშრომელი, მათ შორის სასაზღვრო პოლიციის 20 მფრინავი. ასევე, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, პოლიციელები, ექიმები, ენერგეტიკის და ინფრასტრუქტურის სექტორში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლები, პირველი ქვეითი ბრიგადისა და საინჟინრო ბრიგადის 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე.
პრემიერმა საქართველოში ჩამოსულ მეზობელი ქვეყნების მეხანძრეებსაც მადლობა გადაუხადა.
„თქვენ, ჩვენს ბიჭებთან ერთად, ებრძოდით ამ ხანძარს და იბრძოლეთ თავდაუზოგავად და წარმატებულად. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ძმური დახმარებისთვის. ვაფასებთ ყველაფერს რაც გააკეთეთ", — მიმართა კვირიკასვილმა სომეხ მეხანძრეებს.
სომხეთმა საქართველოში 65 მეხანძრე და 12 ერთეული ტექნიკა გამოგზავნა.
პრემიერმა განსაკუთრებული მადლობა აზერბაიჯანელ მეხანძრეებსაც გადაუხადა.
„აზერბაიჯანი იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც სტიქიის ზონაში ვერტმფრენები გამოგზავნა, რაც განსაკუთრებით დასაფასებელია. გაწეული დახმარებისთვის აზერბაიჯანის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, მთავრობას და ხალხს მინდა მადლობა გადავუხადო", — განაცხადა კვირიკაშვილმა.
ბორჯომის ხეობაში სტიქიასთან ბრძოლაში ჩართული იყო აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს 1 ვერტმფრენი და სასაზღვრო პოლიციის 2 სადესანტო ვერტმფრენი. 12 ერთეული სახანძრო მანქანა, 7 ერთეული სპეცტექნიკა, 90 მეხანძრე-მაშველი.
განსაკუთრებული მადლობა დაიმსახურეს მფრინავებმა და ეკიპაჟის წევრებმა, რომლებიც ცეცხლის სტიქიას რამდენიმე დღის განმავლობაში ებრძოდნენ.
„სტიქიასთან ერთობლივი ბრძოლა იყო ადამიანური, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების საუკეთესო გამოვლინება", — განაცხადა კვირიკაშვილმა.
გარდა ზემოაღნიშნული ქართული და აზერბაიჯანული ეკოპაჟებისა, ცეცხლს ებრძოდა თურქეთის სატყეო სახანძრო სამსახურის 2 ვერტმფრენი და 1 თვითმფრინავი, ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს 1 ვერტმფრენი.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, თითქოს ბორჯომის ტყეში ცეცხლი განზრახ გააჩინეს. შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ საქმის გამოძიება გრძელდება.
ამავე დროს, საქართველოს მთავრობამ ბორჯომის ტყის აღდგენისა და ხანძრის შედეგების ლიკვიდაციისათვის სახსრების მოზიდვის მიზნით ანგარიშები გახსნა. ნებისმიერ მსურველს, მათ შორის უცხოეთში მცხოვრებსაც, ანგარიშებზე თანხის გადარიცხვა შეუძლია.