ამოვარდნილმა ქარიშხალმა გურიას 405 000 ლარის ზარალი მიაყენა

გამოწერა
ოთხშაბათ ღამით გურიის რეგიონს ქარიშხალი და ძლიერი წვიმა დაატყდა.

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. 23 აგვისტოს ღამით ოზურგეთისა და ლანჩხუთის რაიონის სოფლებში მომხდარი ქარიშხლის გამო მიყენებული ზარალის ოდენობამ, წინასწარი გათვლებით, 405 000 ლარი შეადგინა, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს" გურიის გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.

ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. ძლიერი წვიმის გამო, რომელიც სამ საათს გაგრძელდა, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებსა და დაბა ურეკში 19 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. რაც შეეხება ლანჩხუთის რაიონს, სოფელ ღრმაღელესა და სუფსას თემში დაზიანდა 14 სახლი, რომლებიც ასევე სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს.

გუბერნატორის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გზებზე სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული არ არის.

„ადგილობრივი მნიშვნელობის გზები გაწმენდილია. აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება. ჯამში, სულ ოზურგეთში (ურეკი, ნატანები) და ლანჩხუთში (ღრმაღელე, სუფსა) დაზიანდა 33 საცხოვრებელი სახლი", — განაცხადა გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ.

გუბერნატორის თქმით, დაზუსტებული მონაცემები მიყენებული ზარალის შესახებ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

ყველა ახალი ამბავი
0