თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. ბორჯომ-ხარაგაულის ტყეში, რომელიც 20 აგვისტოდან იწვის, გამვლელებმა ბენზინის კანისტრა აღმოაჩინეს.
„დილას, ბორჯომის ტყეში ბენზინიანი, ოცლიტრიანი ბიდონი ვიპოვეთ. პატრული მოვიყვანე,მერე შსს მოვიდა, შეაფასეს, გამომძიებელი გამოიძახეს და ძიება დაიწყო. ეხლა ჩვენებაზე ვარ. სხვა ადგილას ქალსაც უპოვია ორი ცალი ბენზინიანი ბიდონი ტყეში", — წერს მომხმარებელი Akaa Sinjikashvily Facebook-ის სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს ხანძრის ფაქტზე უკვე აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მუხლით „ნივთის დაზიანება ან განადგურება".
მანამდე შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე, შეიძლება თუ არა ხანძარი განიხილებოდეს როგორც დივერსია, განაცხადა, რომ გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს.