თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. პარიზის მსოფლიო ჩემიონატის მეორე დღეს ბერძნულ-რომაული სტილით ქართველმა მოჭიდავეებმა ვერც ერთი მედალი ვერ მოიპოვეს.
პოდიუმთან ყველაზე ახლოს იყო ზურაბ დათუნაშვილი (-80 კგ). თუმცა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ის გერმანელ პასკალ ეიზელთან (Pascal Eisel) დამარცხდა.
რაც შეეხება ბერძნულ-რომაული სტილით სხვა ქართველ მოჭიდავეებს, ლაშა მარიამიძემ (-59 კგ) ორთაბრძოლა კვალიფიკაციის სტადიაზე წააგო, გოგა გოგიბერაშვილი (-66 კგ) 1/16 ფინალში დამარცხდა, ხოლო ლევან არაბულმა (-130 კგ) მეოთხედფინალის ზღვარი ვერ გადალახა.
ამგვარად, ბერძნულ-რომაული ჭიდაობის საქართველოს ნაკრების აქტივში ორი ბრინჯაოს მედალია, რომლებიც შეჯიბრების პირველ დღეს მოიპოვეს რობერტ კობლიაშვილმა (-85 კგ) და რევაზ ნადარეიშვილმა (-98 კგ).
23 და 24 აგვისტოს მსოფლიო ჩემპიონატზე ქალები იასპარეზებენ, ხოლო 25 რიცხვიდან მედლებს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გაათამაშებენ. საქართველოს ნაკრებს რვა სპორტსმენი წარმოადგენს (თითოეულ წონით კატეგორიაში):
(-57კგ) – ბექა ლომთაძე
(-61კგ) – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
(-65კგ) – ზურაბ იაკობაშვილი
(-70კგ) – ზურაბ ერბოწონაშვილი
(-74კგ) – ჯუმბერ ყველაშვილი
(-86კგ) – დავით ხუციშვილი
(-97კგ) – ელიზბარ ხუციშვილი
(-125კგ) – გენო პეტრიაშვილი
ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატი პარიზში 26 აგვისტომდე გაგრძელდება.