თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია ყოფილმა პოლიტიკოსმა ირინა სარიშვილმა სულ რამდენიმე თვის წინ ტყუპი გოგონები იშვილა. მანამდე ქალბატონ ირინას ოთხი ვაჟი ჰყავდა, რომელთაგან ბოლოს, 2016 ნაშვილები გიორგი ავადმყოფობის გამო მალევე გარდაიცვალა.
დღეს ირინა სარიშვილი საკუთარ ფეისბუქგვერდზე პოსტს აქვეყნებს, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ მან მეშვიდე ბავშვი იშვილა.
„ტყუპებთან როცა დავდიოდი ბავშვთა სახლში, იქ ერთი პატარა ბიჭუნა იყო, 5 თვით გოგოებზე დიდი, მათსავით მზის შვილი. შევედი თუ არა პირველად მან გამიღიმა და იმის მერე თვალს არ მაშორებდა, სულ მიღიმოდა. ჩემი გოგოები მაშინ პატარები იყვნენ, სუსტები და თითქმის სულ ეძინათ. სანამ გაიღვიძებდნენ, სულ ამ პატარა პრინცს ვეთამაშებოდი. როცა გოგოები სახლში გამომყავდა, ფეხები უკან მრჩებოდა… ცოტა გაციებულივით იყო ჩემი მზის ბიჭუნა და ვერც ჩავეხუტე წესიერად, ტყუპებისთვის რომ არ გადამედო… ერთი ჩემთვის ჩავილაპარაკე, მე აქ მოვბრუნდები და თუ კიდევ აქ დამხვდები…“, — წერს სარიშვილი.
როგორც ირკვევა ტყუპების მსგავსად პატარა ალექსანდრეც დაუნის სინდრომით არის დაბადებული. იგი ერთი წლისაა. ვერ დადის, ვერ ლაპარაკობს. თუმცა ქალბატონი ირინას თქმით, უახლოეს მომავალში მას განმეორებით ჩაუტარდება ყველა გამოკვლევა.
„ყველაფერი დაზუსტდება და რის მორევაც შესაძლებელია და გვიან არ არის, ყველაფერს მოვერევით. აუცილებლად მოვერევით, ჩვენ უკვე ძალიან ბევრი ვართ და სულ ერთად ვიქნებით“, — წერს სარიშვილი.
სოციალური ქსელში თბილი და გულისამაჩუყებელი სიტყვებით ულოცავენ ქალბატონ ირინას ოჯახში ახალი წევრის მატებას.