ბათუმის საბაგირო „არგოს“ დღეს მემილიონე ტურისტი ეწვია

გამოწერა
საბაგირო „არგომ“ დღეს მემილიონე სტუმარი, უკრაინელი ტურისტი ალექსი ტუჩაკი სპეციალური სერტიფიკატებითა და საჩუქრებით დააჯილდოვა

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. ბათუმის საბაგირო „არგომ“ დღეს მემილიონე სტუმარი, უკრაინელი ტურისტი ალექსი ტუჩაკი სპეციალური სერტიფიკატებითა და საჩუქრებით დააჯილდოვა, იუწყება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პრესსამსახური.

ტუჩაკი მეგობართან ერთად საქართველოში პირველად მოგზაურობს. იღბლიან ტურისტს საჩუქრები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა, კურორტ „გოდერძის“ დირექტორმა ზურაბ ჭურკვეიძემ და საბაგიროს დირექტორმა გიორგი აბაშიძემ გადასცეს.

საჩუქრებს შორის იყო საბაგირო „არგოს“ ულიმიტო საშვი, კურორტ „გოდერძის“ ხუთდღიანი ტური, ვახშამი რესტორან „არგოში“ და ფასდაკლებების ბარათი „Batumi Card”.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული ტურისტისთვის აჭარაში მოგზაურობა იყოს დაუვიწყარი. ჩვენი მემილიონე ვიზიტორისთვის დღევანდელი დღე ნამდვილად სასიამოვნო სიურპრიზებით სავსე აღმოჩნდა. მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში გვაქვს ტურისტული ინფასტრუქტურა, სადაც ადამიანები დროს სასიამოვნოდ ატარებენ“, — ანაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

მისი თქმით, მსგავსი ინფრასტრუქტურის შექმნა რეგიონში კვლავ გრძელდება და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ აჭარას რაც შეიძლება მეტი ტურისტი ეწვიოს.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ წელს საბაგიროს სერვისით 17 813-ით მეტმა ვიზიტორმა ისარგებლა, ვიდრე გასული წლის 8 თვეში.

ყველა ახალი ამბავი
0