თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. ტერორისტები, რომლებმაც ბარსელონასა და კამბრილსში თავდასხმები განახორციელეს, თავიდან უფრო მასშტაბური ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ, სამიზნე ბარსელონის მთავარი ღირშესანიშნაობა, საგრადა ფამილიას ტაძარი უნდა ყოფილიყო, იუწყება სააგენტო Риа Новости ინტერნეტ-გამოცემა El Confidencial-ზე დაყრდნობით.
სწორედ ამ მიზნით მათ ალკანარეს დასახლებაში მდებარე სახლში დაამზადეს ბომბები, რისთვისაც დიდი რაოდენობის გაზის ბალონები და ასაფეთქებელი ნივთიერება „სატანის დედა“ გამოიყენეს. კატალონიის პოლიციამ აფეთქების ადგილზე 106 ბალონი აღმოაჩინა. თუმცა, ბომბების დამზადებისას, სახლი დაგეგმილ ტერაქტზე ადრე აფეთქდა და ბოროტმოქმედები „პლან ბ“-ზე გადავიდნენ. აფეთქების შედეგად, სავარაუდოდ, ორი ადამიანი დაიღუპა, მესამე კი დაიჭრა. ბარსელონასა და კამბრილსში ტერაქტების შემდეგ ის დააკავეს.
El Confidencial-ის მტკიცებით, თავიდან ტაძარი ტერორისტების ერთადერთი სამიზნე იყო.
კატლონიის სამართალდამცველი ორგანოები აცხადებენ, რომ ტერორისტულ დაჯგუფებაში 12 ადამიანი შედიოდა. მათგან ოთხი დაკავებულია, ხუთის ლიკვიდაცია პოლიციამ კამბრილსეში ტერაქტის შემდეგ განახორციელა, სავარაუდოდ, ორი ალკანარის დასახლებაში აფეთქების დროს დაიღუპა, სადაც ტერორისტები ბომბებს ამზადებდნენ. გარდა ამისა, კიდევ ერთი, გავრცელებული ინფორმაციით, მიიმალა. ბარსელონაში ტერაქტი, სავარაუდოდ, 22 წლის მაროკოელმა იუნეს აბუიაკუბმა განახორციელა. გამორიცხული არ არის, რომ ტერაქტის შემდეგ კატალონიის დედაქალაქში ამ ადამიანმა გაიტაცა ავტომობილი, მოკლა მძღოლი და ორ პოლიციელზე განახორციელა თავდასხმა.