ურეკში მაშველებმა 12 საათში 52 ადამიანი გადაარჩინეს

© Ministry of Internal Affairs of Georgiaქართველი წყალზე მაშველები ბათუმში
ქართველი წყალზე მაშველები ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაშველების მიერ გადარჩენილთა შორის ყველაზე უმცროსი 4 წლის გოგონა, ყველაზე ასაკოვანი კი 84 წლის მამაკაცი იყო.

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. შსს-ს წყალზე მაშველებმა 12 საათის განმავლობაში ურეკში 52 ადამიანი გადაარჩინეს, ნათქვამია უწყების პრესსამსახურის განცხადებაში.

მაშველების მიერ გადარჩენილთა შორის ყველაზე უმცროსი 4 წლის გოგონა, ყველაზე ასაკოვანი კი 84 წლის მამაკაცი იყო.

„წყალზე მაშველებმა ურეკში, შავი ზღვის სანაპირო ზოლის კილომეტრნახევრიან მონაკვეთზე, 12 საათის განმავლობაში, 52 მოქალაქის გადარჩენა შეძლეს. მათ შორის იყო საქართველოს 25 და უცხო ქვეყნის 27 მოქალაქე“, — იუწყება შსს-ს პრესსამსახური.

აღსანიშნავია, რომ ყველა სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა.

16 აგვისტოს მონაცემებით, საზღვაო სეზონის გახსნის შემდეგ შსს-ს მაშველებმა წელს, მხოლოდ შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების 300-მდე მოქალაქე გადაარჩინეს, მათი უმეტესობა ნაპირზე 4-5 ბალიანი შტორმის დროს გამოიყვანეს.

ასევე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა ამავე პერიოდში შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 200-მდე დაკარგული ბავშვი იპოვეს და მშობლებს უვნებლად დაუბრუნეს.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ წლევანდელი საზღვაო სეზონისთვის 135 მაშველი შეარჩია და გადაამზადა. ასევე გარემონტდა თორმეტი მცურავი საშუალება. მოქალაქეების უსაფრთხოებისა და რისკების პრევენციის მიზნით, ზღვაში საცურაო არეალის მანიშნებელი ტივტივები განთავსდა, სამაშველო საგუშაგოები თანამედროვე საზღვაო-სამაშველო ინვენტარით აღიჭურვა, სანაპირო ზოლში კი ქართული და ინგლისურენოვანი საინფორმაციო ბანერები დამონტაჟდა, რომელთა საშუალებითაც დამსვენებლებს ცურვისთვის სახიფათო ადგილების შესახებ აფრთხილებენ.

რამდენიმე დღის წინ ბათუმში 15 წყალზე მაშველი სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის მადლობის სიგელებით დააჯილდოეს.



ყველა ახალი ამბავი
0