ხატია გიგოლაშვილი
19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით, ბახმაროში ყოველწლიურად იმართება ტრადიციული დოღი და სხვა სადღესასწაულო ღონისძიებები. ფერისცვალების სახელობის ეკლესიაში ტარდება საზეიმო წირვა-ლოცვა გურიისა და მეზობელი რეგიონების სასულიერო პირთა მონაწილეობით. ტრადიციულ დოღსა და მარულაში სამეგრელოდან, აჭარიდან და გურიის სხვა რაიონებიდან ჩასული მხედრებიც იღებენ მონაწილეობას.
ბახმარო მაღალმთიანი კურორტია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედზე, ზღვის დონიდან 1926-2050 მ. მისი ტერიტორია წარმოადგენს ერთგვარ ქვაბულს, რომელიც გარშემორტყმულია ნაძვისა და სოჭის მარადმწვანე ტყით.
ლეგენდის თანახმად კურორტის სახელი ულამაზეს თავადის ქალს, მაროს უკავშირდება. მარო თურქებმა მოიტაცეს, უკან დადევნებულ მდევარს კი ხანჯლით განგმირული დაუტოვეს, გვერდით ქვაზე კი, მისივე სისხლით დააწერეს: „ბახ მარო“ — რაც ნიშნავს „ნახეთ თქვენი მარო“.
ბახმაროს ჰაერის უნიკალური სამკურნალო თვისებები პირველად ამ მხარეში ზაფხულის საძოვრებზე ამოსულმა მწყემსებმა აღმოაჩინეს, როცა ჭლექით დაავადებული ერთ-ერთი მათგანი აქაურმა ჰაერმა სასწაულებრივად სწრაფად და საბოლოოდ გამოაჯანმრთელა. სამანქანო გზა ბახმაროს მიმართულებით XX საუკუნის 80-იან წლებში გაკეთდა.
ბახმაროში დოღის ჩატარებას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი. აქ ფერისცვალების დღესასწაული დიდი ხალხმრავლობით აღინიშნება და დოღი ამ დღესაწაულის კულმინაციური მომენტია.
მარულაში მონაწილეობენ სოფლისა და სპორტული ცხენები და ყველა მონაწილე გამარჯვებას პრესტიჟის საქმედ მიიჩნევს. სხვადასხვა დისტანციაზე გამარჯვებულებს პრიზებს გადასცემენ. ამ დროს კურორტ ბახმაროში თავს იყრიან როგორც ადგილობრივი დამსვენებლები, ასევე, სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული სტუმრები. გურულ ფაცხებში ადგილობრივი სამზარეულო, ხელნაკეთი ნივთები და ხალხური რეწვის ნიმუშებია გამოფენილი. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, დააგემოვნონ ტრადიციული გურული კერძები. ღონისძიების ბოლოს იმართება დასკვნითი კონცერტი.