თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. ბარსელონაში მომხდარი ტერაქტი მესამეა, რომელიც ევროპაში სამი თვის განმავლობაში გადაიტანა მელბურნის მცხოვრებმა, 26 წლის ჯულია მონაკომ, იუწყება РИА Новости ადგილობრივ რადიოსადგურ 3AW-ზე დაყრდნობით.
გოგონამ რადიოსადგურს მოუთხრო, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში ტერაქტების შემთხვევის ადგილთან ძალზე ახლოს იმყოფებოდა — ლონდონის ხიდზე, პარიზის ცენტრში, როდესაც ტერორისტმა თავდასხმა სამართალდამცავ ორგანოებზე განახორციელა და ახლა — ბარსელონაში.
„უნდა ვაღიარო, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ასეთ ვითარებაში ვვარდები… ეს მესამე შემთხვევაა… ლონდონის ხიდზე ინციდენტის დროს მეტროში ვიყავი, ასევე პარიზში ვიყავი იმ დღეს, როცა ინციდენტი მოხდა… მაგრამ მე მაინც გავაგრძელებ მოგზაურობას მსოფლიოს ირგვლივ!“, — განაცხადა მონაკომ.
ბარსელონაში მომხდარი ინციდენტისას ის რამბლას საფეხმავლო ქუჩაზე მაღაზიაში იმყოფებოდა. როგორც მონაკომ განაცხადა, თავიდან გაიფიქრა, რომ ჩვეულებრივი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, თუმცა, როდესაც დაინახა ხალხი როგორ გამორბოდა, მიხვდა რომ ტერაქტი იყო.