თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. თბილისის სახელმწიფო საბავშვო ბაღებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი 18 სექტემბერს დაიწყება, ნათქვამია საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე განცხადებაში.
სასწავლო პროცესი ყველა სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებაში 15 სექტემბერს იწყება, რადგან ეს დღე პარასკევია, სააგენტომ საბავშვო ბაღების გახსნა 18 სექტემბერს გადაწყვიტა.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, თემურ თორდინავას ბრძანებით, სააღმზრდელო წლის დაწყებამდე საბავშვო ბაღების ადმინისტრაციებს დაევალათ შენობების სანიტარული დამუშავება, სამშენებლო ნარჩენების გატანა იმ ბაღებიდან, სადაც მიმდინარე არდადეგების პერიოდში სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარდა.
ასევე ბაგა-ბაღების ადმინისტრაციებს დაევალათ ეზოების და შენობების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სასმელი წყლის ლაბორატორიული ანალიზი, ცენტრალური გათბობის სისტემების შემოწმება და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და სხვა ტექნიკური სამუშაოების ჩატარება სააღმზრდელო პროცესის სათანადო პირობებში დაწყების უზრუნველყოფისათვის.
ახალ სასწავლო წელს თბილისის საბავშვო ბაღებში 60 ათასზე მეტი ბავშვი წავა, თუმცა ეს რაოდენობა შეიცვლება, რადგან სექტემბრის დასაწყისში საბავშვო ბაღების დამატებით რესურსებს განიხილავენ, რათა ჩაირიცხონ გარკვეული რაოდენობის ბავშვები, რომელთა რეგისტრაცია აქამდე ვერ მოხერხდა.