ქართველი ექს-მილიონერი ბაშკირეთის ენციკლოპედიაში და მისი ფეისბუქ-საყვარლები

© FB/ Temur Kiladzeთემურ კილაძე
თემურ კილაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპაში წარმოებული ბიზნესის შემდეგ ორჯერ გახდა მილიონერი და... ამდენჯერვე გაკოტრდა. დღეს საქართველოშია. ახლახან ბოლონიურმა საკმაოდ ცნობილმა გამომცემლობა ISMECALIBRI-მ კონტრაქტიც შესთავაზა...

თემურ კილაძე — მისი ისტორია კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ცხოვრება მოულოდნელობით სავსე ერთი დიდი რომანია, სადაც წინასწარ გაუთვლელი, დაუჯერებელი ამბები ხდება. ნიჭიერი ადამიანია და ამიტომ ამ ზოგჯერ გაუთვლელ პასაჟებს ყოველ ჯერზე გონივრულად იყენებდა. მიაჩნია, რომ საჭირო ადგილას საჭირო დროს მოხვედრა საქართველოს გარდა ყველგან გამოუვიდა…

ოცდათექვსმეტი წლისა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ოცდაჩვიდმეტისა კი პროფესორი და კათედრის გამგე გახდა. 2007 წელს ბაშკირეთის ენციკლოპედიაში მოხვდა როგორც ქიმიკოსი, რომელსაც ნავთობგადამამუშავებელ სფეროში ასზე მეტი ნაშრომი აქვს დაწერილი. ევროპაში წარმოებული ბიზნესის შემდეგ ორჯერ გახდა მილიონერი და… ამდენჯერვე გაკოტრდა. დღეს საქართველოშია.  წარმატება საკუთარმა წიგნებმა მოუტანა. სულ ახლახან ბოლონიიდან საკმაოდ ცნობილმა იტალიურმა გამომცემლობა  ISMECALIBRI-მ ბატონ თემურს კონტრაქტიც შესთავაზა.

© FB/ Temur Kiladzeთემურ კილაძე: უზომოდ შეყვარებული ვიყავი და ყველაფერს ვაკეთებდი, რომ „იმ გოგოს“ შევენიშნე
ქართველი ექს-მილიონერი ბაშკირეთის ენციკლოპედიაში  და მისი ფეისბუქ-საყვარლები - Sputnik საქართველო
თემურ კილაძე: უზომოდ შეყვარებული ვიყავი და ყველაფერს ვაკეთებდი, რომ „იმ გოგოს“ შევენიშნე

 —  ბატონო თემურ, საკმაოდ უჩვეულო გზა გაიარეთ, ყველაფერი მოასწარით და ცხოვრება, რომ იტყვიან, სრული პაკეტით გაიარეთ…

— სკოლა 1976 წელს მახარაძეში ოქროს მედალზე დავამთავრე. საქართველოდან თვრამეტი წლისა წავედი და 2008 წელს დავბრუნდი. მოსკოვში, გუბკინის ინსტიტუტში, რომელსაც ყველა „კერასინკას“ ეძახდა, თავადაც არ ვიცი რატომ,  მაინცადამაინც ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების ფაკულტეტზე ჩავაბარე. შემდეგ გადავედი უფაში, ნავთობის ინსტიტუტში, იმავე სპეციალობაზე. ამის მერე ნამდვილად ფანტასტიკური ცხოვრება დამეწყო, იმიტომ რომ…  უზომოდ შეყვარებული ვიყავი და ყველაფერს ვაკეთებდი, რომ „იმ გოგოს“ დაენახა და ჩემზე ეთქვა: რა ბიჭია, ყველას სჯობიაო! ისე ძალიან მინდოდა, იმ გოგოს შევენიშნე, რომ ოცდათექვსმეტი წლისა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი გავხდი, ოცდაჩვიდმეტისა კი — პროფესორი და კათედრის გამგე. 

გინდა დაიჯერეთ, გინდ — არა, არც პარტიის წევრი ვყოფილვარ და არც КГБ-ს თანამშრომელი. იმ გოგომ კი მართლა შემნიშნა და მეც მთელი ოცი წელი თვალს ვერ ვაშორებდი. „პერესტროიკის“ მერე, როცა ცხოვრება აირია, ყველაფერი მივატოვე და ევროპაში გადავსახლდი…

© photo: Sputnik / თეონა გოგნიაშვილითემურ კილაძის წიგნები
ქართველი ექს-მილიონერი ბაშკირეთის ენციკლოპედიაში  და მისი ფეისბუქ-საყვარლები - Sputnik საქართველო
თემურ კილაძის წიგნები

 — ამის მერე მილიონერი გახდით და ბაშკირეთის ენციკლოპედიაშიც კი მოხვდით…

— როცა ჩემი დისერტაციის თემა ჩემსავე საქმიანობას დაემთხვა — ორ წელიწადში მართლა მილიონერი გავხდი. სხვათა შორის, საბჭოთა კავშირში პირველად მე დავიწყე ნავთობის კერძოდ გადამუშავება. იმიტომ კი არა, რომ ჭკვიანი ვიყავი, უბრალოდ ჩემი სადოქტოროს თემა იყო „93 ოქტანური რიცხვის ბენზინის წარმოება“. 2007 წელს კი ბაშკირეთის ენციკლოპედიაში მოვხვდი როგორც ქიმიკოსი, რომელსაც ნავთობგადამამუშავებელ სფეროში ასზე მეტი ნაშრომი აქვს დაწერილი. (ამონარიდი ენციკლოპედიიდან: БАШКИРСКАЯ ЭНЦИЛОПЕДИЯ, ТОМ 3, СТР. 395 КИЛАДЗЕ Темур Какоевич (р.17.6. 1949, г.Махарадзе), химик-технолог. Д-р хим. Наук,профессор (1985). После окончания УНИ (1975) работал там же, с 1981 зав. отраслевой лабораторией. В 1987-93 зав. каф. общей химии УГИС. В 2002  —2003 Ген.директор Холдинга Башлеспром. Автор св. 100 науч. трудов, 15 изобретений).

ჩემი მოღვაწეობა ისე მოეწონა ბაშკირეთის პრეზიდენტ მურთაზ რახიმოვს, რომ 2002 წელს დამნიშნა ჰოლდინგის დირექტორად, რაც, ფაქტობრივად, უპორტფელო მინისტრის ტოლფასი სტატუსი იყო.

© FB/ Temur Kiladzeთემურ კილაძე: თუ იღბლიანი ვარ, ჩემს ქვეყანაში რატომ არ აღმოვჩნდი საჭირო დროსა და საჭირო ადგილას?
ქართველი ექს-მილიონერი ბაშკირეთის ენციკლოპედიაში  და მისი ფეისბუქ-საყვარლები - Sputnik საქართველო
თემურ კილაძე: თუ იღბლიანი ვარ, ჩემს ქვეყანაში რატომ არ აღმოვჩნდი საჭირო დროსა და საჭირო ადგილას?

 — ბატონო თემურ, როგორც ჩანს, რისკიანი ხართ: სტატუსებს, საქმიანობის სფეროს და საცხოვრებელ ადგილებსაც პერმანენტულად იცვლიდით?

— ეგრეა. ორმოცი წლისამ დავწერე განცხადება, დავტოვე კათედრის გამგეობა და ევროპაში, ადრიატიკის ზღვის პირას გადავსახლდი. მეგონა, რაც ვიშოვე, სიცოცხლის ბოლომდე მეყოფოდა. ყველაზე მეტად ჩემს ყოფილ ცოლსა და შვილს გაუმართლათ. პირველი იტალიაში, ვენეციაში ცხოვრობს და მეორე დედისგან თხუთმეტ კილომეტრში. თავად მე ხორვატიასა და იტალიაში 15 წელი ვიცხოვრე, დაახლოებით ერთი წელი კი — ვენაში. 

 —  ხორვატიაში როგორ აღმოჩნდით?

— პარტნიორი მყავდა ბოსნიელი მულტიმილიონერი, რომელიც ვენაში ცხოვრობდა. ერთხელ მითხრა: წამოდი, წაგიყვან ხორვატიაში, რომელიც საქართველოს ძალიან ჰგავს და თუ მოგეწონება, დარჩიო. როცა ნახევარკუნძულ ისტრიაზე ჩავედით, ხორვატიაში ომი იყო, თუმცა იქ ეს საერთოდ არ იგრძნობოდა. იქაურობა ისე მომეწონა, რომ მანქანა და სახლი ვიყიდე, რაც იმ დროს ძალიან ადვილი იყო. რუსეთში საქმეების მოგვარებას ერთი წელი დასჭირდა, რის შემდეგაც ისევ უკან დავბრუნდი. ჩემი სახლიც ადგილზე იყო და მანქანაც, ვიფიქრე, რუსეთში აღარც წავალ-მეთქი და მართლაც, იქ მარტო საქმეებზე თუ წავიდოდი ხოლმე.

© FB/ Temur Kiladzeთემურ კილაძე: გურულს ყოლიფერი შეუძლია, არ იცის თუარა!
ქართველი ექს-მილიონერი ბაშკირეთის ენციკლოპედიაში  და მისი ფეისბუქ-საყვარლები - Sputnik საქართველო
თემურ კილაძე: გურულს ყოლიფერი შეუძლია, არ იცის თუარა!

ჩემი ბიზნესი იმდენად წარმატებული იყო, რომ 2002 წელს ბაშკირეთში, ფაქტობრივად, უპორტფელო მინისტრი გავხდი.  ევროპაში რომ გადავსახლდი, სამ წელში „მშვიდობიანად“ გავკოტრდი და ამის მერე სიტყვა „ნავთობის“ გაგონებაც არ მინდოდა. 

 — ნავთობის ბიზნესში ფიასკოს შემდეგ საქმიანობის ახალი სფერო მოძებნეთ…

— მოკლედ, დავიწყე მოღვაწეობა სულ სხვა სფეროში — ხე-ტყის გადამუშავება. დავდიოდი იტალიიდან რუსეთში დაიტალიელებს რუსებთან ვაკავშირებდი. იტალიაში გავხდი წარმომადგენელი უზარმაზარი ფირმისა, რომელსაც ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში 90 მლნ ბრუნვა ჰქონდა. მერე ისევ გავკოტრდი და საქართველოში ჩამოვედი, თუმცაგაკოტრების გამო არ ჩამოვსულვარ, მშობლები დამისუსტდნენ და პატრონი სჭირდებოდათ. 

 — ბატონო თემურ, რადგან საჭირო დროს საჭირო ადგილას ჩნდებოდით ხოლმე, შეიძლება ითქვას, რომ იღბლიანი ხართ?

— თუ იღბლიანი ვარ, ჩემს ქვეყანაში რატომ არ აღმოვჩნდი საჭირო დროსა და საჭირო ადგილას? ისე, რა საინტერესოა, რუსეთს დავჭირდი,  ხორვატიასაც, იტალიასაც, საქართველოს არ დავჭირდი, ანუ აქ ის საჭირო ადგილი და დრო ვერ მოვძებნე.

© FB/ Temur Kiladzeთემურ კილაძე: ისე, რომ იცოდეთ, ყველა ჩემი ნაწარმოები სიყვარულზეა
ქართველი ექს-მილიონერი ბაშკირეთის ენციკლოპედიაში  და მისი ფეისბუქ-საყვარლები - Sputnik საქართველო
თემურ კილაძე: ისე, რომ იცოდეთ, ყველა ჩემი ნაწარმოები სიყვარულზეა

 — სამაგიეროდ მწერალი გახდით და ძალიან საინტერესო წიგნები დაწერეთ.

— რაღაცით ხომ უნდა გაეგო ჩემს ქვეყანას, რომ მეც მისი „ტვინიკოსი“ შვილი ვარ?!. ნათესავები მე არ მყავს (ის ვინც მომწონს, ცოტაა), მეგობრები იტალიაში, ხორვატიაში და რუსეთში დარჩნენ. მოკლედ, დავიწყე წერა. გურულს ყოლიფერი შეუძლია, არ იცის თუარა! გამახსენდა, რომ მგონი, გოგენმა, ძალიან გვიან დაიწყო ხატვა, არცკი იცოდა, ხატვა რომ შეეძლო. მეც ვიფიქრე, რით ვარ გოგენზე ნაკლები-მეთქი და… ამასობაში სამი რომანი დავწერე. „ოქროს საწმისი“, „ჩემი ფეისბუქის საყვარლები“ და „ პატარა გოგოს აღსარება“. ვეღარ მაჩერებენ და მეოთხეს ვწერ, რომელსაც დავარქმევ „მომსვლელი მოვა — წამსვლელი წავა“.

 — წავიკითხე და სადღაც ქართველი კაზანოვას ასოციაცია გამიჩნდა: კარგად იცით ქალის ფსიქოლოგია და სიყვარულზე საკუთარი, არაპოპულარული მოსაზრებები გაქვთ. მაგალითად, ერთ ნაწარმოებში ამბობთ, რომ სიყვარული ერთუჯრედიანია. ჩემი აზრით, ამ გამონათქვამით ბევრს აიმხედრებთ… 

— მე მიწერია, სიყვარული ერთუჯრედიანი რომ არ ყოფილიყო, მერკანტილური, ბავშვობაში ჩარჩენილი ქალის შეყვარება საერთოდ როგორ შეიძლებოდა-მეთქი?! (ასეთია ჩემი მოთხრობის არცთუ ისე გამორჩეული გმირი ნანა). სიყვარული არის ის მდგომარეობა, რომელშიც ადამიანები ერთმანეთს იყენებენ. მან არ იცის ისეთი შეყვარება, რომლის დროსაც მინიმალურ გაცვლას მაინც გააკეთებს. უაზროდ შეყვარება კი მხოლოდ 16-17 წლისებმა იციან. 

დააკვირდით, თუ ვიღაც გიყვარს და ის შენგან მიდის, პირველი ემოცია რა არის? რა და, „მე შენ სამაგიეროს გადაგიხდი“. ჰოდა, ამ გაგებით სიყვარული ბოროტებაცაა. თუმცა შვილს, რომელიც გიყვარს ამას არ ეუბნები. 

ჩემს წიგნში „წამსვლელი წავა, მომსვლელი მოვა“ ყველაზე მაგარ ფრაზად ეს მიმაჩნია: „სად გინახავთ  ბედნიერი სიყვარული? ერთადერთი, რომეოსა და ჯულიეტას სიყვარული იყო ბედნიერი, რომელიც სწორედ მაშინ დამთავრდა, როცა მათ ერთმანეთი საოცრად უყვარდათ. ყველა დანარჩენიდან ბედნიერი არცერთი იყო“.

 — ბატონო თემურ, ეს ფორმულა თქვენს ცხოვრებასაც ერგება?

— იცით, ჩემი სიყვარულები მეტნაკლებად მშვიდობიანად მთავრდებოდა. მაგალითად, ათი წლის წინ ჩემთან გაშორებული ცოლი, რომელიც დღეს გათხოვილია და იტალიაში ცხოვრობს, მამაჩემის დაკრძალვაზე ოზურგეთში ჩამოვიდა და ცხელი ცრემლებით დაიტირა. მერე რამდენიმე დღე დარჩა კიდეც. მეზობლებმა თქვეს, არაა ეგ ცოლს გაშორებული, მოგვატყუაო. ალბათ, ქმართან ერთად უნდა ჩამოსულიყო, რომ დაეჯერებინათ.

ისე, რომ იცოდეთ, ყველა ჩემი ნაწარმოები სიყვარულზეა. „ოქროს საწმისი“ იტალიურადაც ვთარგმნე, შევამოწმე, ვნახოთ, რა მოხდება-მეთქი და… საკმაოდ ცნობილმა ბოლონიურმა გამომცემლობა ISMECALIBRI-მ კონტრაქტი გამომიგზავნა: მოგვეწონა, გაგირედაქტირებთ და დაგიბეჭდავთო. 

მოკლედ, ერთ დღესაც, ვიცი, რომ პულიტცერის პრემიასაც მივიღებ… 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0