თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. თბილისის პოლიციის თანამშრომლებმა ჭონქაძის ქუჩაზე განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, 1983 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავა, აღნიშნულია საქართველოს შსს-ს ვებ-გვერდზე განცხადებაში.
მკვლელობა თბილისის ცენტრში ოთხშაბათ საღამოს მოხდა. მალე მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამაკაცი ქუჩაში ფეხით მიდიოდა, როდესაც მას მიუახლოვდა მოტოციკლი, საიდანაც უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი მიიმალა.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 აგვისტოს თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე, შურისძიების მოტივით, ნაცნობს — 1973 წელს დაბადებულ ი. ძ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა", — აღნიშნულია განცხადებაში.
პოლიციამ მკვლელობის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, რაც შვიდიდან 15 წლამდე პატიმრობით ისჯება.
მკვლელობის სხვა დეტალებზე შსს-ში არ ლაპარაკობენ. მასმედიის ვერსიით, მიზეზი სამარშრუტო ტაქსების ბიზნესთან დაკავშირებული ძველი კონფლიქტია, თუმცა ოჯახი აცხადებს, რომ ამის შესახებ არაფერი სმენია.