ელენა ინჯიას საოცარი, არასათამაშო და სათუთი თოჯინები

© FB/ Elena Injiaელენა ინჯიას ნახატი
ელენა ინჯიას ნახატი - Sputnik საქართველო
გამოწერა

საქართველოში ხელნაკეთი თოჯინების  შექმნის ტექნიკა დღითიდღე იხვეწება და ვითარდება. თოჯინა მხოლოდ სათამაშო არ არის — ის ხელოვნების ნიმუშიცაა და ეს სადავო საკითხი ნამდვილად არ არის.

ელენა ინჯია პროფესიით მხატვარია. ხელნაკეთი თოჯინების შექმნით წლების წინ დაინტერესდა. პირველი თოჯინა 10 წლის წინ გააკეთა და მას შემდეგ ამ საქმეს დიდი სიყვარულით ემსახურება. 

— პროფესიით მხატვარი ვარ. სამხატვრო აკადემია მაქვს დამთავრებული და ჩემი ძირითადი საქმიანობაც სწორედ ესაა. ბავშვობიდან ვხატავ. თავდაპირველად მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში დავდიოდი ხატვის წრეზე. შემდეგ მოსკოვში ვსწავლობდი, არაჩვეულებრივი მხატვრის სახელოსნოში. სანამ აკადემიაში მოვეწყობოდი, მყავდა არაჩვეულებრივი პედაგოგი, რომლისგანაც ძალიან ბევრი რამე ვისწავლე და მერეღა ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში.

© FB/ Elena Injiaელენა ინჯია და მისი ნამუშევრები
ელენა ინჯია და მისი ნამუშევრები - Sputnik საქართველო
ელენა ინჯია და მისი ნამუშევრები

 — თოჯინების შექმნით როდის დაინტერესდით?

— თოჯინების შექმნა ჩემი ჰობია. თოჯინები ყოველთვის მომწონდა, მაგრამ დაახლოებით ათი წლის წინ, როცა ჩემი შვილი გერმანიაში სწავლობდა, რაღაცის გამოძერწვა დაავალეს და  პირველად სწორედ მაშინ ავიღე ხელში მასალა. შვილს სასურველი ნივთი დავუმზადე, მაგრამ დამრჩა მასლა, რომელიც ვერ გადავაგდე. ვცადე თოჯინა გამომეძერწა. თავიდან ძალიან ვწვალობდი, არ ვიცოდი როგორ გამომეძერწა ტანი და ამისთვის ბოთლებს ვიყენებდი. ჩემმა მეგობარმა ნინო ასანიშვილმა, რომელიც ფანტასტიკურ თოჯინებს ქმნის, გარკვეული დეტალები მასწავლა. თანაც, როცა ბევრ თოჯინას გააკეთებ, მერე უკვე ცოდნა და პრაქტიკა გროვდება და თავისით ხვდები, რა და როგორ უნდა გააკეთო.

© FB/ Elena Injiaელენა ინჯიას ნამუშევარი
ელენა ინჯიას ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ელენა ინჯიას ნამუშევარი

— რა მასალით იქმნება თქვენი თოჯინები?

— სხვადასხვა მასალას ვიყენებ. ძირითადი მასალაა პოლიმერული თიხა, რომელსაც  ამერიკიდან ვიწერ. ჯერჯერობით ყველაზე მეტად  ეს მასალა მომწონს. 

 — როგორ ახერხებთ, რომ თქვენი თოჯინები  ნამდვილ ადამიანებს ჰგავდნენ? 

— მასალა ნეიტრალური ფერისაა და მერე ზედაა ყველაფერი მიხატული. ერთადერთს, თმებსა და წამწამებს ვიყენებ მზა ნაწარმს, ანუ ამ დეტალებს ვყიდულობ. 

 — როგორ უნდა შეარჩიოთ თმა, რომ ბუნებრივს ჰგავდეს?

— ეს მტკივნეული საკითხია, თმის შერჩევისას ძალიან ვწვალობ. მარტო ჩემთვის კი არა, ყველა მეთოჯინისთვის ძალიან რთული მომენტია თმის შერჩევა.

© FB/ Elena Injiaელენა ინჯიას ნამუშევარი
ელენა ინჯიას ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ელენა ინჯიას ნამუშევარი

 — თქვენი თოჯინების ერთი ნაწილი მხიარულია, ხოლო მეორე — სევდიანი. თქვენი ხასიათი და განწყობა ხომ არ აისახება ხოლმე მათ გარეგნობაში?

— ალბათ, აისახება. ზოგადად, ყოველთვის ვცდილობ, სასიამოვნო გარეგნობა და ხასიათი მივცე. რამდენად გამომდის არ ვიცი. ეს მნახველმა შეაფასოს.

 — თოჯინებისთვის სამოსსაც თქვენ ქმნით?

— კი, აბსოლუტურად ყველაფერი ჩემი შეკერილია. სამწუხაროდ, კერვა კარგად არ ვიცი. ძალიან მინდა, ისე შევისწავლო ეს საქმე და იმდენი მოვახერხო,  რომ ამ ტანსაცმლის გახდა და გამოცვლა შევძლო. ამ ეტაპზე ყველაფერი ტანზე აქვთ ხელით დაკერებული. ვცდილობ, რაღაცეებს ვსწავლობ, მაგრამ პროფესიულ დონეზე ჯერ ვერ ვკერავ.

© FB/ Elena Injiaელენა ინჯიას ნამუშევარი
ელენა ინჯიას ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ელენა ინჯიას ნამუშევარი

 — ვერ დაგეთანხმებით. თითოეული თოჯინის სამოსი არაჩვეულებრივია და მიმზიდველი. 

— დიდი მადლობა შექებისთვის. ძალიან ვწვალობ ტანსაცმლის შეკერვის დროს. არანაირ ზომებს და თარგებს არ ვიღებ, თვალის ზომით ვჭრი და ხელით ვკერავ, მანქანის ხმარებაც კი არ ვიცი.

 — გამოფენებში ხშირად იღებთ მონაწილეობას?

— ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში თუ რამე გამოფენა ჩატარებულა თოჯინების და ხელნაკეთი ნივთების თემატიკაზე, ყველგან მაქვს მონაწილეობა მიღებული. მეთოჯინეების ასოციაციის თავჯდომარეა არაჩვეულებრივი მეთოჯინე, ქალბატონი იულია საროკინა, რომელმაც გაგვაერთიანა ქართველი მეთოჯინეები. 

სასიხარულოა ის ფაქტი, რომ  ბევრი უნიჭიერესი მეთოჯინე ყავს საქართველოს. ქალბატონი იულიას თაოსნობით ბევრი ღონისძიება იმართება. ორჯერ საერთაშორისო გამოფენაც ჩატარდა, უცხოელი მეთოჯინეებიც იყვნენ მოწვეულები — ერთხელ გალერეა „სუმატოში“, ხოლო მეორედ ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ამ გამოფენამ. დამთვალიერებლების ასეთი რაოდენობა კარგა ხანია არ ყოფილა გამოფენებზე.

© FB/ Elena Injiaელენა ინჯიას ნამუშევარი
ელენა ინჯიას ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ელენა ინჯიას ნამუშევარი

 — ამ თოჯინებით თამაში შეიძლება?

— ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა. ჩვენი თოჯინებით თამაში არ შეიძლება. ეს არის ძალიან სათუთი, საკოლექციო თოჯინები. ეს რომ ბავშვს მისცე, ადვილად გააფუჭებს, რაც ძალიან გულდასაწყვეტი იქნება. ეს უფრო ხელოვნების ნიმუშია. თითოეულ მათგანს საოცარი აურა აქვს და გაფრთხილება სჭირდება.

 — საზღვარგარეთ თუ გიცდიათ თოჯინების რეალიზება?

— აქ ჩამოსული უცხოელები ხშირად ყიდულობენ, მაგრამ თავად რომ მეცადა საზღვარგარეთ გატანა და იქ რეალიზება, ასეთი შემთხვევა არ მქონია. პრაღაში საერთაშორისო გამოფენა რომ ტარდებოდა, საქართველოდან ოთხი მეთოჯინე წავიდა.  სამწუხაროდ მე იქ ვერ მოვხვდი.

© FB/ Elena Injiaელენა ინჯიას ნამუშევარი
ელენა ინჯიას ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ელენა ინჯიას ნამუშევარი

 — სამომავლოდ პერსონალურ გამოფენას ხომ არ გეგმავთ?

— პერსონალური გამოფენის ჩატარება ცოტა რთულია, რადგან არ მაქვს ისეთი რაოდენობის თოჯინები, რომ გალერეა შეივსოს. თუმცა ვოცნებობ ნახატების პერსონალურ გამოფენაზე და იმედი მაქვს ეს ოცნება ამიხდება. 


ყველა ახალი ამბავი
0