თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სამძიმარი გამოუცხადეს ბარსელონის ტერაქტის მსხვერპლთა ოჯახებს.
ბარსელონის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ხალხში მინივენის შევარდნის შედეგად, დაიღუპა ერთი და დაშავდა 32 ადამიანი. მედიის ინფორმაციით კი გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლოა 13-ს აღწევდეს, ხოლო დაშავებულებისა — 56 კაცს.
VIDEO: The scene after a terrorist attack in Barcelona pic.twitter.com/o4g7bynhCo — @BakarySonko
— Shawn McKenzie 🇺🇸 (@SMcK17) August 17, 2017
თავის მხრივ, ბარსელონის პოლიცია ადასტურებს, რომ დაკავებულია ტერაქტში ეჭვმიტანილი ერთი პირი.
„შეძრწუნებული ვარ ესპანეთში, ბარსელონაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას თანამედროვეობის ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ. ამ განსაცდელის ჟამს ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, მტკიცე თანადგომას ვუცხადებ ესპანეთის ხელისუფლებას და ხალხს“, — დაწერა მარგველაშვილმა საკუთარ Facebook-ზე.
ესპანელ ხალხს თანადგომა გამოუცხადა საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმაც.
„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში, ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ ესპანეთის მთავრობას, ესპანელ ხალხს. ტერორიზმი უკვე სისასტიკის ახალი მეთოდებით ემუქრება მსოფლიოს მოქალაქეებს. იღუპებიან სრულიად უდანაშაულო ადამიანები.
მჯერა, რომ ცივილიზებული მსოფლიო შეძლებს გაუმკლავდეს ამ უდიდეს გამოწვევას და მიაღწევს მშვიდობას. ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ ტერორიზმის დასამარცხებლად, რათა ადამიანებს მიეცეთ მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობა“, — ნათქვამია პრემიერის ფეისბუქგვერდზე.
საქართველოს პარლამენტის სახელით, ტერაქტის მსხვერპლთა ოჯახებს მიუსამძიმრა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემაც.
„ვუსამძიმრებ ესპანელ ხალხს დღეს, ბარსელონაში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვგმობ ამ შემზარავ თავდასხმას და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს და დაზარალებულებს“, — წერს ირაკლი კობახიძე.