თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ქართველი მაშველები შავი ზღვის სანაპიროზე ორი საათის განმავლობაში შვიდ ტურისტს დაეხმარნენ, აღნიშნულია საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებაში.
მაშველებმა ქობულეთში, ჩაქვი-ბუკნარის სანაპირო ზოლზე 5 უცხოელი ტურისტი გადაარჩინეს, მათ შორის, 3 მცირეწლოვანი ბავშვი.
ზღვაში შესული ბავშვები ტალღამ გაიტაცა. მათ დასახმარებლად წყალში მშობლებიც შევიდნენ, მაგრამ ნაპირზე გამოსვლას ვერც ერთი ვეღარ ახერხებდა. დამსვენებლებს პირველი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და ახლა ისინი თავს კარგად გრძნობენ.
მაშველების დახმარება დასჭირდა ასევე სომხეთის ორ მოქალაქეს, რომლებიც ოზურგეთში ისვენებდნენ.
საზღვაო სეზონის გახსნის შემდეგ შსს-ს მაშველებმა წელს, მხოლოდ შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების 300-მდე მოქალაქე გადაარჩინეს, მათი უმეტესობა ნაპირზე 4-5 ბალიანი შტორმის დროს გამოიყვანეს.
ასევე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა ამავე პერიოდში შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 200-მდე დაკარგული ბავშვი იპოვეს და მშობლებს უვნებლად დაუბრუნეს.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ წლევანდელი საზღვაო სეზონისთვის 135 მაშველი შეარჩია და გადაამზადა. ასევე გარემონტდა თორმეტი მცურავი საშუალება. მოქალაქეების უსაფრთხოებისა და რისკების პრევენციის მიზნით, ზღვაში საცურაო არეალის მანიშნებელი ტივტივები განთავსდა, სამაშველო საგუშაგოები თანამედროვე საზღვაო-სამაშველო ინვენტარით აღიჭურვა, სანაპირო ზოლში კი ქართული და ინგლისურენოვანი საინფორმაციო ბანერები დამონტაჟდა, რომელთა საშუალებითაც დამსვენებლებს ცურვისთვის სახიფათო ადგილების შესახებ აფრთხილებენ.
რამდენიმე დღის წინ ბათუმში 15 წყალზე მაშველი სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის მადლობის სიგელებით დააჯილდოეს.