გიორგი გოგიბერიძის კინოსამყარო, „თეთრი კვადრატი“ და ბათუმელი არკადი სტრუგაცკი

© FB/ Giorgi Gogiberidzeგიორგი გოგიბერიძე
გიორგი გოგიბერიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა

გიორგი გოგიბერიძე — მხატვარი, კინორეჟისორი, ტელეწამყვანი, ფოტოგრაფი და „ბიაფის“ ხელმძღვანელი,  ერთი სიტყვით, საინტერესო ხელოვანი. ბოლო 12 წელია, სხვადასხვა უცხოურ ფესტივალებზე ხან საპატიო სტუმრად და ხან ჟიურის წევრად ხშირად უწევს ყოფნა. მას, არა მხოლოდ კინოზე სასაუბროდ, ბათუმში დავუკავშირდით.

— ბატონო გიორგი, რა არის ის, რითიც თანამედროვე ქართული კინო გამოირჩევა?

— პირველ რიგში, გემოვნებით, განსაკუთრებული, ყველა ქვეყნის კინოსგან განსხვავებული ხელწერითა და კინოენით. აღსანიშნავია, რომ ქართველებს კინოს დიდი ხნის კულტურა გვაქვს და ალბათ მთავარი ამოსავალი წერტილიც ესაა. ჩვენ „ვაკეთებთ“ კინოს, რომელიც ყველას ესმის. ისეთი რეჟისორები, როგორიც მიხეილ კალატოზიშვილი, კოტე მიქაბერიძე და სერგო ფარაჯანოვი იყო, უკვე არ გვყავს, დღეს ვერც მიხეილ კობახიძისა და ოთარ იოსელიანის მსგავს კინოს იღებენ. ჩვენი დაფინანსება ძირითადად კორპროდუქციით შემოიფარგლება, კინემატოგრაფი სახელმწიფოს მიერ სათანადოდ არ ფინანსდება. უცხოეთის ფონდებს კი კონკრეტული მიმართულება აქვს და კონკრეტული ფონდების დაფინანსებული ფილმები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. 

© FB/ Gia Diasamidzeგიორგი გოგიბერიძე გადაღებისას
გიორგი გოგიბერიძე - Sputnik საქართველო
გიორგი გოგიბერიძე გადაღებისას

— ფაქტია, რომ ქართველი რეჟისორები უცხოურ ფესტივალებზე წარმატებას აღწევენ…

— დიახ, ქართველი რეჟისორები ყველა ფესტივალში წარმატებით იღებენ მონაწილეობას. უამრავ საერთაშორისო კინოფესტივალზე ვარ ნამყოფი და თითქმის ყველგან საკონკურსო სექციაში ქართული ფილმები იყო, რაც ქართული კინოს ძალიან დიდი გამარჯვებაა. ქართველმა რეჟისორებმა წელს ორ თვეში ორი დიდი საერთაშორისო ფესტივალის პრიზი მიიღეს. ესენია კარლოვი ვარისა და ლოკარნოს ფესტივალები, სადაც მარიამ ხაჭვანმა და ანა ურუშაძემ ფილმებით „დედე“  და „საშიში დედა“ წარმატება მოიპოვეს. არაჩვეულებრივად მიიღეს ნანა ექვთიმიშვილის ფილმი „ჩემი ბედნიერი ოჯახი“. ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალზე 1400 მაყურებელი ფილმის მსვლელობის დროსაც ვერ მალავდა ოვაციას, ფილმმა საუკეთესო რეჟისურისა და სამსახიობო ანსამბლისთვის მიიღო პრიზი.

© FB/ Giorgi Gogiberidzeგიორგი გოგიბერიძე ოდესის კინოფესტივალზე
გიორგი გოგიბერიძე ოდესის კინოფესტივალზე - Sputnik საქართველო
გიორგი გოგიბერიძე ოდესის კინოფესტივალზე

— ბატონო გიორგი, მოდი, ცხოვრების კინო გადავახვიოთ და სტოპ-კადრით იქ გავჩერდეთ, სადაც თქვენ არჩევანი კინოს სასარგებლოდ გააკეთეთ.

— პედაგოგების ოჯახში დავიბადე. მარტო მშობლები კი არა, ბებია-ბაბუებიც პედაგოგები მყავდნენ. კინოსთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ. ბავშვობიდან ვხატავდი, სამხატვრო მაქვს დამთავრებული. შემდეგ კინოსამყაროს უკეთ გაცნობა გადავწყვიტე და დავამთავრე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის კინო-სარეჟისორო ფაკულტეტი, ზაზა ხალვაშის სახელოსნო, სადაც ჩვენი პედაგოგები იყვნენ ლალა თაბუკაშვილი,  გიზო ჟორდანია, და სულიკო ჟღენტი. 

© FB/ Ирма Цареваგიორგი გოგიბერიძე ბათუმის სტუმრებთან ერთად
გიორგი გოგიბერიძე - Sputnik საქართველო
გიორგი გოგიბერიძე ბათუმის სტუმრებთან ერთად

— „ბათუმის ტალღის“ პროექტისთვის რა ფილმი გადაიღეთ?

— შარშან ბათუმელი რეჟისორების საინიციატივო ჯგუფმა დავაარსეთ ორგანიზაცია „ბათუმის ტალღა“ და გავაკეთეთ პირველი პროექტი — 11 ბათუმელი რეჟისორის 11 მოკლემეტრაჟიანი ფილმი. პრემიერა საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე შედგა. ჩემი ფილმის, „წითელი ცხენის ბანაობის“ ინსპირაციის წყარო პეტროვ-ვოდკინის იგივე სახელწოდების ტილო გახლდათ.

ახლა კი „ბათუმის ტალღის“ ახალი პროექტისთვის ვემზადებით. ფილმები უნდა გადავიღოთ იმ მწერლების ნაწარმოებების მიხედვით, რომლებიც დაიბადნენ ბათუმში, ან ამ ქალაქთან რაღაცით არიან დაკავშირებული. მე არჩევანი შევაჩერე ფანტასტ მწერალ არკადი სტრუგაცკიზე, რომელიც ტარკოვსკის გენიალური ფილმის, „სტალკერის“ სცენარისტიც გახლდათ. ის ბათუმშია დაბადებული და ბავშვობის წლებიც აქ აქვს გატარებული. ეს ფაქტი ბევრისთვის აღმოჩენაა და ზუსტად ამიტომ გადავწყვიტე, რომ ფილმი მისი მოთხრობების მიხედვით გადავიღო.

© FB/ Giorgi Gogiberidzeკახი კავსაძე აჭარის ტელევიზიით, გიორგი გოგიბერიძის გადაცემაში“ თეთრი კვადრატი“
კახი კავსაძე აჭარის ტელევიზიით, გიორგი გოგიბერიძის გადაცემაში“ თეთრი კვადრატი“ - Sputnik საქართველო
კახი კავსაძე აჭარის ტელევიზიით, გიორგი გოგიბერიძის გადაცემაში“ თეთრი კვადრატი“

— აჭარის ტელევიზიით გადაცემაც მიგყავთ…

— დიახ, ტელევიზიაში მაქვს გადაცემა „თეთრი კვადრატი“, რომელიც საავტორო კინოზეა ორიენტირებული და წლევანდელი სეზონი ქართველი რეჟისორების წარდგენას დავუთმეთ.

— ხუმრობით ჩაგეძიებით, მალევიჩის „შავ კვადრატთან“ რაიმე კავშირი აქვს?

— კარგად იცით, მალევიჩს შავთან ერთად თეთრი კვადრატიც აქვს, ისევე, როგორც ლურჯიც და წითელიც. ჩვენს გადაცემაში თეთრი კვადრატს, ბუნებრივია, არა მხოლოდ მოდერნისტული, სხვა დატვირთვაც აქვს.

© FB/ Giorgi Gogiberidzeგიორგი გოგიბერიძე
გიორგი გოგიბერიძე - Sputnik საქართველო
გიორგი გოგიბერიძე

— ანუ, რომ შევაჯამოთ: მხატვარი, კინორეჟისორი, ფესტივალის ორგანიზატორი, ფოტოგრაფი, ტელეწამყვანი, — ეს ჩამონათვალი გაგრძელდება?

— კი. კიდევ მეწარმე და ლიდერი… ვხუმრობ, რა თქმა უნდა.  ფოტოგრაფიას რაც შეეხება, მეგობართან, დიდ შოთა გუჯაბიძესთან ერთად მქონდა გამოფენა ლვოვში, ვროცლავსა და ვარშავაში. „ზამთრის ფერი“ ¬— ასე ერქვა მაღალმთიან აჭარაში გაკეთებულ ფოტოსესიას. ამ ჩამონათვალიდან ჩემთვის მთავარი მაინც კინოა, რომელიც ხელოვნების ყველა დარგს აერთიანებს და ჩემთვისაც ყველანაირად მიმზიდველია.

— ბატონო გიორგი, თუკი თქვენი დროის ბათუმზე ფილმს გადაიღებთ, რომელ რეალურ პერსონაჟებს გამოიყენებთ მასში?

— რა ვიცი… მოგონებები ხომ ილექება მეხსიერებაში, გინდა-არ გინდა, მაინც მას უბრუნდები. მე არ მაქვს კინო, რომელიც თხრობითია, მაგრამ ვიცი, რომ ოდესღაც ეს პიროვნებები და გმირები გაცოცხლდებიან, უფრო კი ის თვისებები, რომელითაც სახასიათონი იყვნენ ისინი. ხელოვნებას კათარზისის ფუნქცია აქვს და ხელოვანმა ეს კარგად უნდა გააცნობიეროს.

ახალ ბათუმს თავისი ხიბლი აქვს, მაგრამ ძველი ბათუმი მაინც სულ სხვა იყო, ინტერნაციონალური ქალაქი, სადაც ორი-სამი ენა მაინც უნდა გცოდნოდა, რომ ყველასთვის გამარჯობა გეთქვა.

გავიზარდე სანაპიროზე, რომელსაც დილით ყავის სურნელი ასდიოდა და საღამოთი იოდის, ან სულაც ნავთობისა. ქალაქის კოლორიტი ჰაიკუშა ზღვისპირას ბათუმურ ყავას ადუღებდა, რომელსაც სხვა სურნელი ჰქონდა…

ახლა ბათუმსაც, ისევე როგორც თბილისს, აქვს ეს პრობლემა, რომ „სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული…“

ყველა ახალი ამბავი
0