თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. კახეთი პირველად უმასპინძლებს პარკურში საქართველოს ჩემპიონატს Georgian Refresh parkour challenge 2017. შეჯიბრება ლაგოდეხის ცენტრში 26-27 აგვისტოს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.
ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 12 წელს ზემოთ 30-მდე კონკურსანტი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. მათ გამოცდილი ტრეისერები (პარკურით დაკავებული ადამიანები) შეაფასებენ.
პარკურში ჩემპიონატის ორგანიზების იდეა ადგილობრივ ახალგაზრდობას ეკუთვნის. ღონისძიების მიზანია პარკურის პოპულარიზება, მისი განვითარების მხარდაჭერა და ფესტივალის ყოველწლიურად ჩატარების დამკვიდრება.
ჩემპიონატი ჩატარდება ლაგოდეხის ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერითა და ქართული ორგანიზაცია Georgian flying steps-ის ორგანიზებით.
ორგანიზატორები წელს ჩემპიონატს უძღვნიან 16 წლის ტრეისერ ცოტნე ცქიტიშვილს, რომელიც ამ ზაფხულს თბილისის ზღვაზე დაიღუპა.
პარკური — ეს არის დაბრკოლებათა რაციონალური დაფარვისა და ქალაქში გადაადგილების ხელოვნება. აქ ადამიანი ძლევს ფიზიკურ დაბრკოლებებს (კედლებს, ღობეებს, სახლებს და ა. შ) თავისი სხეულის საშუალებით. ამასთან, ის დაბრკოლებებს უმკლავდება რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად.