თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. მეორე მსოფლიო ომისას გერმანიაში ტყვედ ჩავარდნილ ყოფილ საბჭოთა ჯარისკაცებს შესაძლებლობა აქვთ ერთჯერადად მიიღონ კომპენსაცია 2500 ევროს ოდენობით, იუწყება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური.
უწყების ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმდინარე წლის მარტში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილით მიმართა გერმანიის ცენტრალური მომსახურებისა და საჯარო ქონების საკითხთა ფედერალურმა სამინისტრომ, გერმანიის ფინანსთა ფედერალური სამინისტროს დირექტივის საფუძველზე, რომელიც ეხება მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიაში ტყვეობაში მყოფი საბჭოთა ჯარისკაცებისათვის დადგენილი ფინანსური კომპენსაციის გაცემას.
„22.06.1941-08.05.1945 წწ. — აღნიშნულ პერიოდში, გერმანიაში ტყვედ ჩავარდნილ ყოფილ საბჭოთა ჯარისკაცებს შესაძლებლობა აქვთ ერთჯერადად მიიღონ კომპენსაცია 2500 ევროს ოდენობით“, — ნათქვამია ვეტერანთა სამსახურის განცხადებაში.
გერმანიისა და საქართველოს სახელმწიფო უწყებები ცდილობენ შესაძლო პოტენციური ადრესატების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, რათა უფლებამოსილმა პირებმა 2017 წლის 30 სექტემბრამდე შეძლონ განცხადების წარდგენა.
აღსანიშნავია, რომ განცხადებით მიმართვა მხოლოდ თავად დაზარალებულს, ან შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შეუძლია. დაუშვებელია უფლების მესამე პირისთვის ან მემკვიდრეობით გადაცემა.
ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, აღნიშნული წერილი უწყებას გერმანიაში საქართველოს საელჩომ მიაწოდა.