თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. თბილისში 72 წლისა გარდაიცვალა საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი რომან გვენცაძე, წერს Facebook–გვერდზე 90–იანი წლების დასაწყისში ეროვნული მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი ირაკლი წერეთელი.
"ძალიან ცუდი ამბავი მოხდა! გარდაიცვალა საქართველოს პოლიციის ერთ. ერთი სიმბოლო, გამბედაობითა და კეთილშობილებით გამორჩეული რომან გვენცაძე, მართლაც ძალიან კარგი ქართველი. საშინლად დამწყდა გული. რომან გვენცაძეს ურთიერთობები ეროვნულ მოძრაობასთან მთელი ეპოპეაა… რომან გვენცაძის გარდაცვალებას ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მთელს ქართულ პოლიციას, მიუხედავად თაობებისა", – წერს წერეთელი.
ქართული მასმედიის ინფორმაციით, გვენცაძე ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
რომან გვენცაძე დაიბადა 1945 წელს. ის იყო შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსი; 1990–1992 წლებში იყო შს მინისტრის მოადგილე, 1992 წლის იანვარ–ნოემბერში – შს მინისტრი. 1993–1994 წლებში ხელმძღვანელობდა შსს–ს უმაღლეს სკოლას; 1999 წელს აირჩიეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატად.
რომან გვენცაძე დაჯილდოებულია ორი ორდენითა და ხუთი მედლით.