თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. ბორჯომი–ბაკურიანის რკინიგზას, მათ შორის ხიდს, რომელიც ეიფელის კოშკის ავტორის მიერ არის დაპროექტებული, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა, აღნიშნულია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს Facebook–გვერდზე.
შესაბამის ბრძანებას ხელი მოაწერა სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ.
ბორჯომი-ბაკურიანის სარკინიგზო ხაზი საქართველოს რკინიგზის ერთადერთი ვიწროლიანდაგიანი მონაკვეთია, რომელიც 1902 წელს ბორჯომ-ხარაგაულის უბანზე გაიხსნა. ხაზზე დიდი ხნის განმავლობაში მოძრაობდა მცირე ორთქლმავალი, რის გამოც დღეს არსებულ ელექტროშემადგენლობასაც კი რუსული ორთქლმავლის მეტსახელი "კუკუშკა" შემორჩა.
ხაზის სიგრძე 37,2 კილომეტრია, მაგრამ რელიეფის სირთულის გათვალისწინებით, გზის გავლას 2,5 საათი სჭირდება.
ვიწროლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა 1897 წელს დაიწყო და, რთული კლიმატური პირობების გამო, ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდა. 1902 წლის იანვრიდან ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის ხაზით "ბორჯომი-ბაკურიანი" პირველმა "კუკუშკა" მატარებელმა გაიარა. პირველი მატარებელი სამუზეუმო ექსპინატის სახით დღემდე ბორჯომშია.
სოფელ ცემთან მატარებელს ხიდზე უწევს გადასვლა. ეს რკინის ხიდი ლეგენდარული კონსტრუქციაა, რომელიც ეიფელის კოშკის ავტორმა ალექსანდრ გუსტავ ეიფელმა დაამზადა. მაშინ უკვე ცნობილი კონსტრუქტორისთვის ხიდი მიხეილ რომანოვს შეუკვეთია საფრანგეთში, დამონტაჟებით კი ბესარიონ ქებურიას დაუმონტაჟებია. ხიდი საქართველოში 1902 წელს ჩამოიტანეს.
მაღალმთიან რაიონებში მოძრაობისთვის სპეციალურად ინგლისიდან ჩამოიტანეს ამერიკული ფირმა "პორტერის" ორთქმავალი. მას ებმის ღია ტიპის ვაგონები. პატარა ორთქმავალი ელექტრომავალმა 1967 წელს შეცვალა.
2016 წელს მატარებლები სრულად განაახლეს, მაგრამ პირვანდელი იერი შეუნარჩუნეს.