თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. საქართველოს U-18 ნაკრებმა ძიუდოში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის გუნდურ შეჯიბრებაში, რომელიც ჩილეში, ქალაქ სანტიაგოში ტარდებოდა.
ქართველმა სპორტსმენებმა იტალიელი და ტურნირის ფავორიტი იაპონელი ძიუდოისტები დაამარცხეს, მაგრამ ნახევარფინალში რუსეთის ნაკრებთან შვიდიდან ხუთი შეხვედრა დათმეს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის ნაკრებს კიდევ ერთი გამარჯვება იმის გამო ჩაეთვალა, რომ საქართველოს ნაკრებს 44 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტი გოგონა არ ჰყავდა.
მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველი სპორტსმენები გერმანელებს შეხვდნენ და ანგარიშით 4:3 დაამარცხეს ისინი. გადამწყვეტი ქულა გუნდს მძიმეწონოსანმა ალექსი სვიანიძემ მოუტანა.
ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა სანტიაგოს მსოფლიო ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა: ერთი ოქრო — ლაშა ბექაური, ორი ვერცხლი — ლუკა კაპანაძე და სოფო სომხიშვილი, ორი ბრინჯაო — მარიამ ჭანტურია და გუნდური შეჯიბრება.