თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. სამხედრო მედიცინის დღესთან დაკავშირებით სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე საჩვენებელი სწავლება გაიმართა, ნათქვამია საქართველოს თაავდაცვის სამინისტროს Facebook-გვერდზე.
წვრთნაში მონაწილეობა დასავლეთ სარდლობის ქვედანაყოფების სამედიცინო სტრუქტურების წარმომადგენლებმა მიიღეს.
გეგმიურ საველე სწავლებას სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი დაესწრო. მან სამხედრო ექიმებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა, მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
„დღეს დასრულდა დასავლეთ საქართველოში მიმდინარე საველე სწავლება, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. სწავლება იყო წარმატებული. სწავლების მთავარი მიზანი იყო სამედიცინო ქვედანაყოფებს შორის ურთიერთქმედებების დახვეწა. წარმატება მინდა ვუსურვო ჩვენს ექიმებს და მივულოცო პროფესიული დღე“, — განაცახდა მათიაშვილმა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის ეგიდით საველე სამედიცინო სწავლება 7 აგვისტოს დაიწყო და დღეს დასრულდა. სწავლების მიზანს სხვადასხვა ქვედანაყოფის სამედიცინო სტრუქტურების საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება და სამედიცინო ევაკუაციის მეთოდების დაუფლება წარმოადგენდა.