დღესასწაული, რომელიც მოწოდებულია, პოპულარიზება გაუწიოს ოჯახურ ფასეულობებს, ჯანსაღი ცხოვრების წესსა და ახალგაზრდებში კულტურული მემკვიდრეობის გაფრთხილებას, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დააწესა და ის სარეკომენდაციო ხასიათისაა.
დღესასწაულის მთავარი მიზანი კი ახალგაზრდების დახმარებაა, ვინც ამას საჭიროებს.
დღესასწაული პირველად 2000 წელს აღინიშნა. ამით გაერომ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, აღიარონ თაობათა ურთიერთკავშირი და სხვადასხვა ასაკის ხალხთა პრობლემები ერთობლივად გადაწყვიტონ, აამაღლონ ახალგაზრდების ინფორმირებულობა არსებული პრობლემების, რისკებისა და მათი გადაწყვეტის ხერხების შესახებ.
პრობლემები 15 მიმართულებას მოიცავს, მათ შორისაა: განათლება, დასაქმება, შიმშილი და სიღარიბე, ჯანდაცვა, ნარკოტიკული საშუალებების ბოროტად გამოყენება, დანაშაული არასრულწლოვანთა შორის, აივ/შიდსი და სხვა.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ახალგაზრდობას მეტი ყურადღება ეთმობა, ისინი მაინც უამრავ დაბრკოლებას აწყდებიან, რაც ხელს უშლის მათ მოზრდილ ასაკში გადასვლას, უსაფრთხო პირობებში შრომის ბაზარზე გასვლას.
მოზარდის თაობის სტატისტიკა დამთრგუნველია – სღარიბისგან ყოველდღიურად დაახლოებით 30 ათასი ბავშვი იღუპება, ხოლო 100 მილიონზე მეტს სკოლაში სიარულის საშუალება არა აქვს.
რა თქმა უნდა, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე ამ პრობლემებს ერთბაშად ვერ გადაწყვეტს, მაგრამ ამ სტატისტიკის შესაცვლელად ამ დღეს მრავალი საინფორმაციო კამპანია ტარდება.
ახალგაზრდობის 2017 წლის დღის თემაა "ახალგაზრდობა მშვიდობას აშენებს". კერძოდ, დღე ეძღვნება ახალგაზრდების წვლილს ისეთ თემებში, როგორიცაა კონფლიქტების თავიდან არიდება, ინკლუზიურობის უზრუნველყოფა, სოციალური სამართლიანობა და მშვიდობის გამტკიცება.
ამ დღეს მსოფლიოში ჩატარდება თემატური დისკუსიები და საინფორმაციო კამპანიები, რომლებიც მოუწოდებს იუნესკოს წევრ ქვეყნებსა და საზოგადოებას, ყურადღება მიაქციონ ახალგაზრდების მოთხოვნილებებს, იმ პოლიტიკის რეალიზებას, რომელიც მათ დაეხმარებოდა სირთულეების გადალახვაში, ასევე ახალგაზრდების მოზიდვა და ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
მდგომარეობა საქართველოში
საქართველოში 15–დან 29 წლამდე ახალგაზრდობა ქვეყნის მოსახლეობის 22,5%–ს შეადგენს. დასაქმების პრობლემა ჩვენს ქვეყანაშიც საკმაოდ დიდია – მათი მესამედი უმუშევარია.
ბევრი ახალგაზრდა, უმუშევრობის პრობლემის გამო, საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მიზნით წასული, უკან აღარ ბრუნდება. ეს კი, შესაბამისად, ქვეყნის დემოგრაფიულ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე აისახება. ამიტომ ქვეყნის ხელისუფლება ახალგაზრდების ამ და სხვა პრობლემების გადასაჭრელად სხვადასხვა პროექტს ახორციელებს.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით