თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. გორის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ვაჟის, 21 წლის ბესიკ ხახუბიას ავტოავარიაში დაღუპვის საქმეზე ბრალდებული სამი პოლიციელი 1000 -1000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებაში.
გარდა ამისა, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მათი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 17 მაისს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ხახუბია,,BMW X5“-ის მარკის ავტომანქანით მაღალი სიჩქარით მოძრაობდა. იმისთვის, რომ მანქანა გაეჩერებინათ, შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამმა თანამშრომელმა გადაამეტა უფლებამოსილებას და გორის გვირაბთან მოქალაქეთა ავტომანქანებით გადაკეტეს საავტომობილო გზა.
გამოძიების მტკიცებით, პატრულ-ინსპექტორები იმედოვნებდნენ ხახუბიას მანქანის გაჩერებას და მასთან მიმართებით კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ზომების გატარებას. თუმცა, გორის გვირაბიდან მაღალი სიჩქარით გამომავალმა ხახუბიამ ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლების გამო ვერ შეძლო შეჯახების თავიდან აცილება.
„ავტომობილი მუხრუჭის გარეშე გადავიდა პირველ ზოლში, რის შედეგადაც დაეჯახა გვერდულ ზოლში მდგარ ავტომანქანა,,FORD TRANSIT 190 EF“-ს, ხოლო შემდეგ კი — საავტომობილო გზაზე განივად მდგარ სატვირთო ავტომანქანას,MERCEDES-BENZ ACTROS-ს. მიღებული დაზიანებების შედეგად ბ.ხ. ადგილზე გარდაიცვალა“, — ნათქვამია განცხადებაში.
პოლიციელებს ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბექა ხახუბია დეპუტატ ირაკლი ხახუბიას შვილია მმართველი პარტია "ქართული ოცნებიდან". მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბექა ოჯახში უმცროსი შვილი იყო. მას დარჩა მეუღლე და პატარა ბავშვი.