ქართველი ჟურნალისტის საოცარი თავგადასავალი და კენგურუს ხორცით დამზადებული ხინკალი

© ირმა ხარშილაძის პირადი არქივიირმა ხარშილაძე
ირმა ხარშილაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადამიანის მეხსიერებაში მოგზაურობა რომ საოცარ და საუცხოო მოგონებებთან და თავგადასავლებთან ასოცირდება, ამაზე ალბათ არც ღირს კამათი. ამიტომ თავად უნდა წაიკითხოთ ქართველი ჟურნალისტის საოცარი, ხიფათით სავსე, ექსტრემალური და ამავე დროს რომანტიკული მოგზაურობის შესახებ.

ირმა ხარშილაძე ბავშვობიდან ბევრს მოგზაურობს. ბევრი ისეთი ადგილი უნახავს, რის ნახვაზე ოდესღაც ვერც კი იოცნებებდა. მოგზაურობის წყურვილი იმდენად დაუშრეტელია, რომ უკვე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც კი გახდა მისთვის. 

— ჩემთვის მოგზაურობა უბრალოდ გატაცება არ არის, ეს ჩემთვის სასიცოცხლო ენერგიის მომცემია. თუ სამოგზაუროდ არ მივდივარ, ვარ აბსოლუტურად უუნარო, ხარისხიანად ვერაფერს ვაკეთებ. არ ვგულისხმობ მხოლოდ საზღვარგარეთ მოგზაურობას, ეს ეხება ჩვენ ქვეყანაში მოგზაურობასაც. ადამიანმა ჯერ შენი საკუთარი ქვეყანა უნდა დაათვალიერო და მერე წახვიდე უცხოეთში.  

© ირმა ხარშილაძის პირადი არქივიირმა ხარშილაძე
ირმა ხარშილაძე - Sputnik საქართველო
ირმა ხარშილაძე

– მოგზაურობის მიმართ ასეთი დამოკიდებულება როგორ ჩამოგიყალიბდათ?

— ალბათ, ეს ჩემი მშობლების დამსახურებაა. ბავშვობიდან მოყოლებული, მოგზაურობასთან დაკავშირებული მოგონებების მთელი სკივრი მაქვს. პირველ კლასში ვიყავი, როცა მამამ მე და ჩემი კლასელები მცხეთაში წაგვიყვანა. წავიღეთ სათამაშო ფანდური, ლიმონათები, საკვები. მამა გვასწავლიდა, როგორ უნდა გვეთამადა, გვეთქვა ლექსები. ეს ძალიან კარგად ჩამრჩა და დაილექა ჩემ მეხსიერებაში. შემდეგ ასეთი „პიკნიკები“ გადაიზარდა მოგზაურობებში, რადგან მშობლებს ძალიან უყვარდათ მოგზაურობა. მეეჭვება მამა დიდ მოგზაურობაში ყოფილიყო ნამყოფი, რადგან ცოტა ადრე გარდაიცვალა, მაგრამ საქართველოს მასშტაბით მთელი ოჯახი ერთად ვმოგზაურობდით. ალბათ, ამან იქონია და მოახდინა ჩემზე გავლენა.   

© ირმა ხარშილაძის პირადი არქივიირმა ხარშილაძე
ირმა ხარშილაძე - Sputnik საქართველო
ირმა ხარშილაძე

– საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ხართ ნამყოფი, ბევრი წარმოუდგენელი ადგილი გინახავთ. როგორ ფიქრობთ, როდის აღმოაჩინეთ საქართველო?

— სადაც არ უნდა მოხვდე, საქართველოს ყველგან აღმოაჩენ. ეს არის საოცარი ქვეყანა. საზღვარგარეთაც ვყოფილვარ, მინახავს უცხო ქვეყნები და ყველგან ერთი და იგივე განცდა მეუფლება — აღვფრთოვანდები, გამაოცებს, მაგრამ მაინც შინ, ჩემ სამშობლოში უნდა დავბრუნდე. საქართველო ჩემთვის ყველაზე ლამაზია, რადგან ყველა კუთხეში აღმოაჩენ რაღაც განსაკუთრებულს. ორი კვირის წინ მეორედ ვიყავი სვანეთში და ორივე შემთხვევაში რაღაც საოცრება აღმოვაჩინე, ანუ ორივე ჯერზე განსხვავებული, ახალი სვანეთი დავინახე. 

– ყველა მოგზაურობას თან ახლავს თავგადასავლები. ხშირად ჩავარდნილხართ უცნაურ სიტუაციაში?

— რა თქმა უნდა, მოგზაურობას მუდამ თან ახლავს თავგადასავლები, ხიფათი, სიხარული და ეს სხვაგვარ აღმაფრენას სძენს ადამიანს. არც მე ვარ გამონაკლისი, ჩემი მეხსიერება მდიდარია მსგავსი მოგონებებით.  

© ირმა ხარშილაძის პირადი არქივიირმა ხარშილაძე
ირმა ხარშილაძე - Sputnik საქართველო
ირმა ხარშილაძე

– ექსტრემალურ სიტუაციაში თუ გიმოგზაურიათ?

— ძალიან მიზიდავს სიმაღლე. როდესაც სადმე მივდივართ და ვხედავ მიუვალ ციხეს ან ციცაბო კლდეს, ყოველთვის ავდივარ და შემდეგ მიჭირს ჩამოსვლა. მერე ვითხოვ შველას და ვიხვეწები, რომ ჩამომიყვანონ. 

საოცარი თავგადასავლები გვქონდა მე და ჩემს მეგობრებს ტაო-კლარჯეთში. როდესაც ამ ჯგუფთან ერთად პირველად გავემგზავრე ტაო-კლარჯეთში, გზაში დავიკარგეთ. ღამეა, ქარიშხალი მძვინვარებს, თავსხმა წვიმაა, ჭექა-ქუხილი და ამ დროს აგვებნა გზა, ავცდით ცენტრალურ ტრასას და თურმე უღელტეხილს დავადექით. მივდივართ, არც სინათლეა, არ სახლი ჩანს სადმე. მივდივართ მანქანით და ყველა დაქაჩული თვალებით გავყურებთ გზას. ასეთ ვითარებაში ერთადერთი შენი დამცველი არის მანქანა. ძალიან დიდხანს ვიარეთ, არ ვიცოდით სად ვიყავით და გზა სად მიდიოდა. სადღაც, ძალიან შორს სინათლის წერტილი რომ შევნიშნეთ, ჩვენზე ბედნიერი ადამიანი არ იყო. თუმცა მანამდე ძალიან სერიოზულად ვინერვიულეთ.  

© ირმა ხარშილაძის პირადი არქივიირმა ხარშილაძე
ირმა ხარშილაძე - Sputnik საქართველო
ირმა ხარშილაძე

– მაგრამ დღეს უკვე ტკბილად გახსენდებათ…

— შუქი როგორც კი გამოჩნდა, მაშინვე უკვე ვიცინოდით ჩვენ თავზე. იმდენი ვიარეთ, რომ სასტუმროში დაგვაგვიანდა და კარი აღარ გაგვიღეს. ვერც ერთ სასტუმროში ვერავინ  გავაღვიძეთ, დავრჩით ღია ცის ქვეშ. წამოვედით ქალაქთან ახლოს, ავტოგასამართ სადგურზე და მანქანაში გავათენეთ. 

ტაო-კლარჯეთში საოცარ ციცაბოებზე ვიარეთ. არის ასეთი ადგილი — სოლომონყალა. თავის დროზე ესეც ჩვენი ტერიტორია იყო. იქ უნიკალური ფრესკებია შემორჩენილი. იქ არის კლდის სვეტები და ერთი კლდიდან უნდა გადავსულიყავით მეორე კლდეზე. წარმოიდგინეთ, კლდესა და კლდეს შორის თურქებს გადებული ჰქონდათ ხის კიბე, ისეთი, ნალიაზე ასასვლელად რომ იყენებენ ხოლმე. „ხიდს“ ხელის მოსაკიდიც კი არ ჰქონდა, ქვევით უფსკრული იყო, ჩვენ კი მასზე უნდა გაგვევლო. ორი თურქი მამაკაცი გვახლდა, ციხისთვის რომ მიგვეგნო და ისინიც გვეხმარებოდნენ. დახმარებაში ის იგულისხმებოდა, რომ რადგან კიბე ოდნავ დაქანებული იყო, თავიდან ხელჩაკიდებული კი მივყავდით, მაგრამ რამდენიმე ნაბიჯი დამოუკიდებლად, ჩვენით უნდა გაგვევლო, ვერავინ მოგვაწვდენდა ხელს. ეს იყო „ყველაზე მძიმე ნაბიჯები ჩემ ცხოვრებაში“. გადასვლა შედარებით მარტივი იყო, უკან დაბრუნება მეტად გართულდა. ვცადე კიბეზე დავმჯდარიყავი და ცოცვით გადმოვსულიყავი, მაგრამ თურქმა მანიშნა, ფეხზე დადექი და ისე წამოდიო. ფეხზე მდგომი კი ხელით ვერაფერს ეყრდნობი და შეიძლება წონასწორობაც ვერ დაიცვა. ჰოდა პირდაპირ უფსკრულში გადავეშვებოდი. უცბად გადავირბინე და ამ თურქმა დამიჭირა. ჩემს მეგობრებს მოუსწრიათ და ჩემი გადმოსვლის კადრიც აღუბეჭდავთ.  

© ირმა ხარშილაძის პირადი არქივიირმა ხარშილაძე
ირმა ხარშილაძე - Sputnik საქართველო
ირმა ხარშილაძე

– ფიქრობთ, რომ არის ადგილი, სადაც მოხვედრაზე ვერც კი იოცნებებდით?

— ასეთი ადგილი ძალიან ბევრია, გამორჩევა გამიჭირდება. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე წმინდა პავლე მოციქულის სახლში მოვხვდებოდი და იმ ჭიდან დავლევდი წყალს, საიდანაც პავლე მოციქული სვამდა. ეს უძველესი ქვის შენობა, უფრო ზუსტად, ნანგრევები, შემინული აქვთ თურქებს და დამთვალიერებელიც იოლად ხედავს. ეზოში თავისუფლად შედიხარ, თანხას იხდი და იღებ ფოტოებს, შეგიძლია ჭიდან წყალი ამოიღო და დალიო და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ სხვა აღმსარებლობის ხალხია, მაინც სათუთად უფრთხილდებიან ამ ყველაფერს. 

ასევე, საოცარი იყო ნემრუთის გორა — ნემრუთ-დაღი, სადაც საგანგებოდ, მზის ამოსვლის სანახავად წავედით. ჩვ.წ.აღ.-მდე II საუკუნეში ნემრუთი კომაგენის ჯუჯა სახელმწიფოს მიეკუთვნებოდა, რომლის ერთ-ერთმა მეფე ანტიოქე I-მა თავი ზევსსა და დანარჩენ ღმერთებს გაუტოლა, მათ ქანდაკებებთან ერთად საკუთარი ქანდაკებაც დაამზადებინა და ამ გორაზე დადგა. ანტიოქე ამბობდა, სწორედ აქ სხედან ისინი ზეციურ ტახტზეო.

აქ მზის ამოსვლა იყო საოცრება, დაუვიწყარი: ჯერ ცისკიდურს მოეკიდა ცეცხლი, მერე მზის სხივები რკალად მოედო უკანა გორას, შემდეგ კი ქვის ქანდაკებები განათდა… მაშინ ვიფიქრე, მსგავსი რამ ბახმაროშიც რომ გაკეთდეს, ბევრ ტურისტს მოიზიდავს-მეთქი. უფრო შთამბეჭდავად მზის ამოსვლას სად ნახავს კაცი?

კაბადოკიაში წმინდა გიორგის სახლიც ვნახე. მართალია, დღეს მასში მეჩეთია განთავსებული, მაგრამ ზღურბლს როდესაც კი გადავაბიჯე, საოცარი შეგრძნება დამეუფლა.  

© ირმა ხარშილაძის პირადი არქივიირმა ხარშილაძე
ირმა ხარშილაძე - Sputnik საქართველო
ირმა ხარშილაძე

სადაც არ უნდა იმოგზაურო, ყველა ერთმანეთისგან განსხვავებულია. ერთსა და იმავე ადგილზე რამდენჯერაც არ უნდა მოხვდე, ყოველთვის რაღაც ახალს აღმოაჩენ.

ლეჩხუმში არის ასეთი ადგილი ძუღური, რომელიც სოფელ ორბელიდან 12 კილომეტრის მოშორებითაა და სულ მაღლა და მაღლა ადიხარ. წავედით მეგობრები და ვიდრე ვიპოვეთ ეს ადგილი, შემოგვაღამდა. როგორღაც დანგრეულ კოტეჯებს მივაკვლიეთ, რომელიც ოდესღაც სანატორიუმი ყოფილა. ერთი შედარებით კარგ მდგომარეობაში აღმოჩნდა და იქ, თურმე, მონადირეები ათევენ ღამეს. ჩვენც მასში დავბინავდით. არც ერთი კარი და ფანჯარა არ იკეტებოდა. უთენია გავიღვიძეთ და ეზოში დათვის ნაკვალევს წავაწყდით. გული გამისკდა — თავისუფლად შეიძლებოდა ეს დათვი თავზე დაგვდგომოდა. წარმოიდგინეთ რა დაგვემართებოდა! 

© ირმა ხარშილაძის პირადი არქივიირმა ხარშილაძე
ირმა ხარშილაძე - Sputnik საქართველო
ირმა ხარშილაძე

– რაც შეეხება უცხოეთში მოგზაურობას, როგორი ტიპის ქვეყნები გიზიდავთ?

— ძალიან მაინტერესებს აზიური ქვეყნები. მინდა მოვინახულო ინდოეთი, სიგიჟემდე მაინტერესებს ავსტრალია. ავსტრალიაში, სიდნეიში ცხოვრობს ჩემი მეგობარი გიორგი ბართაია. როცა ჩამოდის, ყოველთვის რაღაც ეგზოტიკური ჩამოაქვს. ყოველი ვიზიტის დროს ჩემთან ვაწყობთ წვეულებას. ერთხელ კენგურუს ხორცი ჩამოიტანა და მომღერალმა გია ნაცვლიშვილმა ხინკლები გაგვიკეთა. შემდეგ ვიზიტზე ნიანგის ხორცით გაგვანებივრა. 

© ირმა ხარშილაძის პირადი არქივიკენგურუს ხორცი, რომლითაც ხინკალი მომზადდა
კენგურუს ხორცი, რომლითაც ხინკალი მომზადდა - Sputnik საქართველო
კენგურუს ხორცი, რომლითაც ხინკალი მომზადდა

– რომელი ხორცისგან გამოვიდა უფრო გემრიელი ხინკალი — ჩვენებური თუ კენგურუსი?

— ხინკლის გარდა, ხორცს საერთოდ არ ვჭამ, ასე რომ, კენგურუს ხინკალი გემრიელად მივირთვი. მშვენიერი იყო, თუმცა სხვებს არ მოეწონათ — უცხიმო ხორციაო. ნიანგის ხორცის სოსისები გვქონდა და ისიც გავსინჯე, აბა, რა მექნა?! თუმცა, ძალიან უგემური მეჩვენა. ახლა, ოქტომბრის ბოლოს კიდევ უნდა ჩამოვიდეს გია და მითხრა, აქლემის ან აბორიგენის ხორცს ჩამოვიტანო… აბორიგენზე, ცხადია, იხუმრა, აქლემისას კი, ვნახოთ, ველოდები… 

ყველა ახალი ამბავი
0