თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. სპეციალისტები მთაწმინდაზე გაჩენილი ცეცხლის შედეგებს სწავლობენ, განაცხადა ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა გოგა წერეთელმა.
მთაწმინდაზე ხანძარი სამშაბათს, ღამით ერთდროულად რამდენიმე ადგილზე გაჩნდა. ხანძრის ლოკალიზაციის მიზნით 10-მდე სახანძრო ბრიგადა და 70-მდე მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული.
„ჩვენი სპეციალისტები ტერიტორიის დათვალიერებას და აღრიცხვას აწარმოებენ. პირველადი მონაცემებით, ცეცხლი, ძირითადად, ბუჩქებსა და ბალახს მოედო. ტერიტორიის აღრიცხვა მთელი დღე გაგრძელდება, რის შემდეგაც გაირკვევა, რა სამუშაოები უნდა ჩატარდეს. შევიმუშავებთ გეგმას და მივიღებთ შესაბამის ზომებს“, — განაცხადა წერეთელმა.
მთაწმინდაზე მდებარეობს თბილისის ტელეანძა, ქალაქში ატრაქციონების ყველაზე დიდი პარკი, ფუნიკულიორი და ცნობილი რესტორანი „ფუნიკულიორი“. მთაწმინდის ფერდობზეა ასევე მამა–დავითის ეკლესია და მთაწმინდის პანთეონი.