საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი ღვინის სამშობლოს – საქართველოს ეწვევა

© FB / Wines of Georgiaეკატერინე სირაძე-დელონე და სტეფან ტრავერი
ეკატერინე სირაძე-დელონე და სტეფან ტრავერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტეფან ტრავერის განცხადებით, მისთვის აღმოჩენაა, რომ საქართველო მეღვინეობის სამშობლოა და აუცილებლად ეწვევა მას.

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. საფრანგეთის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის მინისტრმა სტეფან ტრავერმა ქალაქ ბორდოში ღვინის ცივილიზაციის ცენტრი Cité du Vin მოინახულა, სადაც საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული არტეფაქტების ასლებია გამოფენილი.

საქართველო პირველი სტუმარია Cité du Vin-ში იმ პროექტის ფარგლებში, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ბორდოსთვის და მეღვინეობის ტრადიციების განვითარებას ისახავს მიზნად.

ფრანგ მინისტრს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში მეგზურობას საფრანგეთში საქართველოს ელჩი ეკატერინე სირაძე-დელონე და საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები უწევდნენ. სწორედ მათ მოიწვიეს ტრავერი საქართველოში.

„მინისტრმა დეტალურად დაათვალიერა ცენტრში წარმოდგენილი ექსპონატები და, როგორც თავად განაცხადა, აღფრთოვანებული დარჩა გამოფენით“, — ნათქვამია ღვინის სააგენტოს განცხადებაში.

სტეფან ტრავერის განცხადებით, მისთვის აღმოჩენაა, რომ საქართველო მეღვინეობის სამშობლოა და აუცილებლად ეწვევა მას.

საქართველო არის პირველი მოწვეული ქვეყანა, რომელმაც ღვინის ცივილიზაციის ცენტრში მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლი გახსნა. ბორდოში გამოფენა „საქართველო — მეღვინეობის აკვანი“ 31 ივლისს გაიხსნა და 4 თვეს გაგრძელდება. დღეისათვის გამოფენა უკვე 5 ათასზე მეტ ვიზიტორს აქვს დათვალიერებული.

ქალაქი ბორდო ევროპის წამყვანი კულტურული და ტურისტული ცენტრი და მსოფლიო ღვინის დედაქალაქია, რომელსაც ყოველწლიურად 6 მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს.

ყველა ახალი ამბავი
0