თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. გურიისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორებმა გია სალუქვაძემ და პარმენ მარგველიძემ თანამდებობები დატოვეს, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა ზურაბ ალავიძემ.
სალუქვაძე გურიის გუბერნატორად 2015 წელს დაინიშნა, ხოლო მარგველიძე — 2013 წლიდან.
„უბრალოდ დაემთხვა და ორივე გუბერნატორი — ბატონი პაპუნა და ბატონი გია სხვა სამსახურში გადადიან. აქედან გამომდინარე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მათ დაეტოვებინათ აღნიშნული თანამდებობები. რაც შეეხება მათ შემცვლელებს, უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ კანდიდატებს“, — განაცხადა ალავიძემ ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.
მან იმედი გამოთქვა, რომ მომავალი გუბერნატორები საკუთარ მოვალეობებს კარგად გაუძღვებიან.
თუ სად და რა პოზიციაზე დასაქმდნენ ყოფილი გუბერნატორები, ჯერჯერობით უცნობია. სალუქვაძემ ადრე განაცხადა, რომ მუშაობას გააგრძელებს მმართველ პარტიაში „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.