ჟურნალისტური ჩანაწერები, ანუ on-line ისტორიები

გამოწერა
ამ რუბრიკაში სხვადასხვა ადგილზე – ქუჩაში, მაღაზიაში, სამარშრუტო ტაქსიში, ბაზარში, მატარებელში შემთხვევით მოსმენილ და ნანახ ადამიანებს გაგაცნობთ. გაიგებთ მათ ნამდვილ ამბებს, იმას, თუ რით და როგორ ცხოვრობენ ისინი, მათ on-line ისტორიებს შეულამაზებლად გაეცნობით.

იქნებ, ეს ნაუცბათევი საუბრები ვინმესთვის რაიმე საჭირო ინფორმაციის შემცველიც აღმოჩნდეს, ან იმის სტიმული გახდეს, რომ ხელები არ ჩამოუშვას და ცხოვრებაში გამოსავალი თავად ეძებოს…

ისტორია N…

ახალი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ქალაქი გადატვირთულია ტაქსებით, ანუ, როგორც ნახევრადხუმრობით იტყვიან ხოლმე, ერთ სულ მოსახლეზე ჩვენში მინიმუმ ხუთი ტაქსი მოდის. აქედან ნახევარს მანქანის საბარგულში, ისე, ყოველი შემთხვევისთვის, ორი დიპლომი უდევს. საერთოდ არანაირი შრომა ზოგადად სათაკილო არ არის, მაგრამ ეს ფაქტი, როგორც ჩანს, სრულად ჯერ ვერ გავითავისეთ და ალბათ ამიტომაა, რომ ვცდილობთ, ტაქსის აღმნიშვნელი აბრა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტით რაღაცნაირად გავანეიტრალოთ. რიგითი ისტორია კერძო ტაქსიში მოვისმინეთ. საჭესთან, ასე, 55-57 წლის ჭაღარა მამაკაცია. დიალოგი მისალმებით დაიწყო.

— გამარჯობა.

— გაგიმარჯოს. საით?

— პლეხანოვზე, თუ შეიძლება. მგონი, ახლა არ იქნება გადატვირთული.

— კი, ბატონო, მაგრამ გადატვირთული ყოველთვისაა, აქ გინახავთ, საცობი რომ არ იყოს? შეხედეთ, რა ხდება!

— ეს მანქანების სიჭარბის გამო ხდება…

— კიდევ იმიტომ, რომ ჩემი პროფესიის ხალხი დღეს საჭირო აღარ არის…

— უკაცრავად, რა პროფესიის ხართ?

— ავტოინჟინერი ვარ, ინსტიტუტი სარანსკში დავამთავრე. ახლა იცის ვინმემ ამ პროფესიის ფასი?

— ჩვენთან არის, თუ არ ვცდები, ეს ფაკულტეტი…

— ფაკულტეტი არ ვიცი, მაგრამ ადრე ყველა წარმოებასა თუ დაწესებულებას ჰყავდა ავტოინჟინრის შტატი, ჩვენ პასუხს ვაგებდით მანქანების გამართულ მდგომარეობაზე, იმაზე, თუ როდის იყო საჭირო ზეთის და სხვა საჭირო რამეების გამოცვლა. მანქანები ყოველთვის გამართული იყო და ამიტომ ამდენი ავარია არ ხდებოდა.

© თეონა გოგნიაშვილიაკაკი რუსიშვილი
აკაკი რუსიშვილი - Sputnik საქართველო
აკაკი რუსიშვილი

— მგონი, ახლა ჩვენ წინაც ავარიაა…

— აჰა, კი ბატონო, ავარიაა… თან ზუსტად ვერც გაიგებ, ვინაა დამნაშავე. რატომ, იცით? თბილისში ბევრ ადგილზე საგზაო ნიშანი არასწორადაა დაყენებული და მძღოლი იბნევა…

— თქვენ არ იბნევით?

— მე მართლა არ ვიბნევი, იმიტომ რომ გამოცდილი ვარ, მაგრამ ეს პატარა გოგო-ბიჭები უცებ ვერ ხვდებიან, რა მანევრი გააკეთონ და საავარიო სიტუაციებს ქმნიან.

— ტაქსაობის გარდა რით ხართ დაკავებული?

— ისე რა გამაჩერებს? ბაღი მაქვს და ვუვლი, ხილს ვკრეფ, კიდევ ნადირობა მიყვარს. შაბათ-კვირას გავდივარ ბუნებაში, აქვე, კახეთში პატარა სახლი მაქვს, ვნადირობ და ვთევზაობ. სახლში ხელცარიელი როგორ უნდა მიხვიდე კაცი, თუ მართლა კაცი ხარ?!

— მგონი, ქართველი მამაკაცები ცოტა გაზარმაცდნენ…

— დღეს ნახევარზე მეტს ცოლები საშოვარზე ჰყავს გაშვებული უცხოეთში და მათი გამოგზავნილი ფულით აქ დროს ატარებენ, ასეთი რამე ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა ვიცხოვრო ცოლის კმაყოფაზე?!

— დღეს ბევრია უცხოეთში წასული…

— რა არის, იცით? ეს ქართველი კაცის თვისებაა – ისეთი რამ ეთაკილებათ, რაც სირცხვილი არ არის.

— რას გულისხმობთ?

— თქვენ იცით, რომ იმის მიხედვით მექცევა ხალხი მანქანაზე, ტაქსის აბრა მიკეთია თუ არა… თუ არ მიკეთია, ხედავენ, რომ კარგი მანქანაა — "ფოლკსვაგენის" ფირმის და რაღაც პატივისცემით მიყურებენ, თუ აბრა მიკეთია და ხედავენ, რომ ვტაქსაობ, მერე ისე იბღინძებიან, როო… და სულ სხვანაირად გელაპარაკებიან. ასე რატომ უნდა ხდებოდეს, გამაგებინეთ, რაა…

— აბა, რა გითხრათ… ამასობაში, მოვედით.. შეგიძლიათ თქვენი სახელი და გვარი მითხრათ?

— რა ხდება?

— თქვენს ნათქვამს გავაცნობ მკითხველს.

— კი, ბატონო, დასამალი რა არის? ტყუილი არაფერი მითქვამს, გააცანით, აკაკი ვარ, რუსიშვილი.

— დიდი მადლობა.

ყველა ახალი ამბავი
0