კანადაში, კვებეკის პროვინციაში, 75 ჰექტარზე გადაჭიმული მონრეალის ბოტანიკური ბაღი ერთ-ერთი უნიშვნელოვანესია მსოფლიოს ბოტანიკურ ბაღებს შორის. კანადის ეროვნული ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონე ბაღი კოლექციათა მრავალფეროვნებით, კეთილმოწყობით და სილამაზით მსოფლიოს ბოტანიკური ბაღების სამეულშია შესული.
მონრეალის ბოტანიკური ბაღის დაარსებაში დიდი წვლილი მიუძღვის კანადელ ბოტანიკოს ჟოზეფ ლუი კონდრად მარი-ვიქტორენს. ბოტანიკოსს ბევრი წელი დასჭირდა ბაღის მოწყობის საჭიროებაში ქალაქის მთავრობის დასარწმუნებლად. ქვეყნისთვის უმძიმეს წლებში, მკაცრი კლიმატური პირობების მქონე კანადაში, სადაც ყველაზე ცივი თვის ტემპერატურა — 10 გრადუსს აღწევს, ჰაერის საშუალო ტემპერატურა კი +6 გრადუსს აჭარბებს, ბაღის მოწყობა დიდ რისკებთან იყო დაკავშირებული. თუმცა, რისკი ნამდვილად ღირდა, ბოტანიკოსის მოლოდინი გამართლდა. დღეს, დიდი პოპულარობის მქონე მონრეალის ბოტანიკური ბაღი — ქალაქის სამუზეომო კვარტლის ღირსშესანიშნაობათა ოთხეულში შესული მწვანე კუნძულია, რომელიც ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ბაღად.
მონრეალის ბოტანიკური ბაღი დაარსდა 1931 წელს, ქალაქის მერის კამიიენ უდის მიერ, დიდი დეპრესიის პიკის დროს. 1936 წელს ბაღი ოფიციალურად გაიხსნა მნახველებისთვის. ანრი ტუშეს დიზაინით შექმნილი ბოტანიკური ბაღი, თავდაპირველად განკუთვნილი იყო საგანმანათლებლო მიზნებისა და გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების შენარჩუნებისათვის. აქ გაიხსა სამეცნიერო-კვლევითი ბოტანიკური ინსტიტუტი, ობსერვატორია, მონრეალის ინსექტარიუმი, საგანმანათლებლო ფერმა და შინაური ცხოველების საბავშვო ზოოპარკი.
აღსანიშნავია, რომ დიდი დეპრესიის დროს, ბაღის შექმნამ უზრუნველყო რამდენიმე ათასი ადამიანის დასაქმება.
მონრეალის ბოტანიკური ბაღის კოლექციებში თავმოყრილია მცენარეთა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კოლექცია — 22 000 ტაქსონზე მეტი (სახეობები და ჯიშები) მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ღია ცის ქვეშ ტერიტორიაზე მოწყობილია 30 თემატური ბაღი და 10 საგამოფენო ორანჟერეა, სადაც სითბოს მოყვარული მცენარეებია დაცული. ბაღის ბიბლიოთეკაში ინახება 25 000 — ზე მეტი წიგნი, ელექტრონული დოკუმენტები, ბროშურები, ვიდეოფილმები, 55 000 გამოქვეყნებული სტატია და ჟურნალი. ჰერბარიუმში დაცულია კვებეკის მცენარეთა 99% საჰერბარიუმო ნიმუში.
ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მოწყობილია პირველყოფილი ერების, იაპონური, ჩინური, ინგლისური და სხვა ქვეყნების ბაღები. სტუმრები ეცნობიან სხვადასხვა ქვეყნის ბაღ-პარკების მშენებლობის კულტურას და ხელოვნებას.
დენდრარიუმი, ალპური (ალპინარიუმი), ვარდების (როზარიუმი), იასამნების (სირინგარიუმი), ლესლი ხანკოკის აზალიების და როდოდენდრონების (შქერი, დეკა, იელი), კულტურული, წყლის, სამკურნალო, შხამიანი, ეკონომიკური და სხვა მცენარეების თემატური ბაღები კი საშუალებას აძლევს სტუმრებს, გაეცნონ მცენარეთა მრავალფეროვნებას და დატკბნენ მათი სილამაზით.
როზარიუმში 10 000 ჯიშის ვარდს შორის ინახება სელექციონერების მიერ, 1867 წლამდე გამოყვანილი ვარდის უძველესი ჯიშები. 3 000-მდე იასამნის ბუჩქი გაზაფხულზე საოცარ სურნელებას აფრქვევს და იასამნების ბაღში იზიდავს სტუმრებს.
ორქიდეების მრავალფეროვან კოლექციაში 3000-ზე მეტი ჰიბრიდული ფორმაა წარმოდგენილი.
მონრეალის ბოტანიკური ბაღის მშვენებას წარმოადგენს 1990-1991 წლებში შანხაის ლანდშაფტური დიზაინის და არქიტექტურის ინსტიტუტის 50 მხატვრის მიერ შანხაიდან ჩატანილი უზარმაზარი ქვებით, სხვა სამშენებლო მასალებითა და მცენარეებით, ჩინეთის იმპერატორის მინის დინასტიის ტრადიციული სტილით მოწყობილი ჩინურ-იაპონური ბაღი, რომელიც დიზაინერ კენ ნაკაძიმას ხელმძღვანელობით შეიქმნა. 2,5 ჰექტარზე გაშენებული ბაღი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩინურ-იაპონური ბაღია აზიის გარეთ.
ბაღში ჩინურ-იაპონური საბაღე ხელოვნების ნიმუშები: ულამაზესი ჩანჩქერები, ნატიფი პაგოდა, ჩაის სახლი, დაკლაკნილი ბილიკები, ხელოვნური მთა და პავილიონებია, სადაც ბონსაის (იაპონური ხეების მინიატურული ასლების გამოყვანის ხელოვნება) მდიდარი კოლექციაა თავმოყრილი. ჩინეთის და იაპონიის მცენარეთა კოლექციების გარდა, აქ წარმოდგენილია ექსპოზიცია, მიძღვნილი ჩაის კულტურისადმი.
ზაფხულში პავილიონში იმართება ჩაის სმის ცერემონია. ნებისმიერ მსურველს აქვს საშუალება, შეისწავლოს ჩაის სმის, იაპონური იკებანას (ყვავილების დაწყობის ხელოვნების ფორმა) და ჩინური პენცზინის (ბონსაის ანალოგიური ტრადიციული ხელოვნება — მინიატურული კომპოზიციების შექმნა ქოთანში განსაკუთრებული მეთოდებით გამოყვანილი ჯუჯა ხეების და სხვა მცირე ლანდშაფტური ელემენტების გამოყენებით) ხელოვნება.
თემატური ბაღებიდან მნახველების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს შხამიანი მცენარეების ბაღი. თითეულ მცენარესთან მოთავსებულია აბრა, სადაც მცენარის დახასიათების გარდა, წარმოდგენილია ინფორმაცია, რა ზიანის მოტანა შეუძლია ამა თუ იმ მცენარეს.
მონრეალის ბაღს განსაკუთრებულ კოლორიტს მატებს პირველყოფილი ხალხების ბაღი, სადაც ტიპური კანადურ მცენარეთა — ნეკერჩხლის, არყებსა და ფიჭვებს შორის, წარმოდგენილია კანადელ ინდიელთა რეწვის და სამშენებლო ხელოვნების ტრადიციული ექსპონატები — ტოტემური ბოძები და საცხოვრებელი ნაგებობები.
მონრეალის ბაღის ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს ბრინჯაოს ლომის სკულპტურა — საფრანგეთის ქალაქ ლიონის პირველი ხიდის დასამშვენებლად 1831 წელს რენე დარდელის მიერ ჩამოსხმული 4 ლომიდან ერთ-ერთი, რომელიც 1992 წელს ლიონმა საჩუქრად გადასცა ბოტანიკურ ბაღს მონრეალის 350 წლის აღსანიშნავ იუბილეზე.
მონრეალის ბოტანიკურ ბაღში მრავლადაა წარმოდგენილი ტოპიარული ხეები და ბუჩქები (ტოპიარი — ფიგურული კრეჭვა ლანდშაფტის დიზაინში. უძველესი საბაღე-საპარკე ხელოვნება, რომლის მეშვეობითაც მერქნიან მცენარეებს კვადრატის, სფეროს, პირამიდის, ადამიანის, ცხოველების და სხვა ფიგურების ფორმებს აძლევენ. სხვადასხვა ფორმების მისაღებად ხის ან მავთულის და ბოჭკოვანი ბადეებისგან აგებული სკულპტურების ჩარჩოების შიგნით ჩამონტაჟებულია მორწყვის სისტემები და მცენარეთა საკვები არები).
ყვავილების ნაკადულები, კუ, იხვები, ციყვები და ევროპული ბაღებისთვის დამახასიათებელი ცხოველები, ცოცხალი პეპლების და მწერების პავილიონები, პეპლების ყოველწლიური გამოფენა „Butterflies Go Free“, მცენარეთა თემატური ბაღები და სხვადასხვა ქვეყნების საბაღე-საპარკე ხელოვნების ნიმუშები მონრეალის ბოტანიკურ ბაღს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და მაისიდან ოქტომბრამდე მილიონობით სტუმარს ელის. ბაღში აკრძალულია ველოსიპედით, გორგოლაჭებით, სკეიტბორდებით და შინაური ცხოველებით შესვლა.
ბაღში ხშირად იმართება ყვავილების გამოფენები და ფესტივალები. ერთ-ერთი ასეთი გრანდიოზული გამოფენა Mosaiculture (მოზაიკა მცენარეებით) 2013 წელს მოეწყო, რომლითაც მონრეალის ბოტანიკურმა ბაღმა კიდევ ერთხელ მიიქცია ყურადღება.
მცენარეებით გაფორმებული ცხოველების, ფრინველების და ადამიანების სკულპტურები — 215 საავტორო ნამუშევარი მსოფლიოს 20 ქვეყნიდან, დღემდე აღფრთოვანებას იწვევს დამთვალიერებლებში.
ექსპონატების დასამზადებლად, მთელი ქალაქის მასშტაბით, კვებეკის სათბურებში სპეციალურად გამოიყვანეს სამ მილიონზე მეტი განსხვავებული ფერისა და ფორმის მცენარე.