ქუთაისური ბავშვობა, თბილისური სტუდენტობა, დიდი ალია და ისრაელში ნაპოვნი მეგობარი

© FB/ Avraham Paata Yosefპაატა იოსებაშვილი
პაატა იოსებაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა

პაატა იოსებაშვილი — ქართველი ებრაელი, რომელიც საქართველოდან ოჯახთან ერთად დიდი ალიას დროს წავიდა ისრაელში. თბილისში პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურული ფაკულტეტი დაამთავრა, შემდეგ სწავლა ისრაელში განაგრძო და იმდენად წარმატებული იყო ამ სფეროში, რომ წლების განმავლობაში ქალაქ ხაიფას მთავარი არქიტექტორი გახლდათ.

დღეს კერძო არქიტექტურული ფირმა აქვს. მისი შვილი ისრაელის გმირია. ძველი ქართული კავშირები დიდი ხანია განაახლა და მეგობრების მოწვევით ოჯახთან ერთად ხშირად ჩამოდის საქართველოში, სადაც სხვადასხვა სახის კულტურულ შეხვედრებსა და ღონისძიებებში იღებს მონაწილეობას. ამის გამო, საზოგადოების გარკვეული ნაწილის ინიციატივით, დღის წესრიგში მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხიც დადგა. ამ მშრალი ბიოგრაფიული ფაქტების მიღმა ქართული მონატრება, მეგობრები და სიყვარულია, რის მიმართაც დღემდე ერთგული დარჩა. ბატონ პაატას საქართველოში ყოფნის დროს შევხვდით.

— ბატონო პაატა, მოდი, გადავხედოთ თქვენი ცხოვრების განვლილ გზას და მოვუთხროთ მკითხველს, როგორი ცხოვრებით იცხოვრეთ, ვისთან მეგობრობდით, როდის გაემგზავრეთ ისრაელში…

— ცხინვალში დავიბადე და გავიზარდე. მამაჩემიც წარმოშობით ცხინვალიდან იყო. ზოგადად, იოსებაშვილების მთელი დინასტია იყო ცხინვალიდან. დედა ქუთაისელი გახლდათ.

სამი წლის ვიყავი, როცა ქუთაისში გადავედით, სადაც მამაჩემს ბიზნესი ჰქონდა. ქუთაისში მე-19 სკოლაში დავდიოდი. იმ წლების დავიწყება ძნელია. ვამაყობ ჩემი სკოლის მეგობრებით. ისეთი მეგობრობა გვქონდა, რომ იტყვიან, ერთ ჯამში ვჭამდით.

© FB/ Avraham Paata Yosefპაატა იოსებაშვილი მეგობრებთან ერთად
პაატა იოსებაშვილი - Sputnik საქართველო
პაატა იოსებაშვილი მეგობრებთან ერთად

ჩემი სიყრმის მეგობარი იყო ექიმი ალეკო გიგუჩაძე, რომელიც დღეს სასწაულ ოპერაციებს აკეთებს. ჩვენ ერთად წავედით თბილისში, სადაც მე არქიტექტურულზე მოვეწყვე, ის კი — სამედიცინოზე. მეგობრობას თბილისშიც ვაგრძელებდით.

როცა "რკინის ფარდა" გაიხსნა, ისრაელის ვიზები მივიღეთ და წავედით. სწავლაც იქ გავაგრძელე…

ჩემი სკოლის ამხანაგია ასევე კონსტანტინე ჭარხალაშვილი — ბრწყინვალე პიროვნება, განათლების მინისტრის მოადგილე და დღეს იმერეთის გუბერნატორის გივი ჭიჭინაძის მოადგილე.

ბოლო პერიოდში ისრაელში იმართებოდა ხოლმე საქართველოს ტურისტული პაკეტების გავრცელება-გაყიდვა. როცა ის ტურიზმის სფეროში მუშაობდა, ისრაელში საქართველოს პავილიონს ხსნიდა.

ჩემი მეგობრები არიან მარინა ჭარხალაშვილი და გულნარა გაბუნიაც, რომელიც დღეს პროფკავშირების თავმჯდომარეა.

— შეგიძლიათ გაიხსენოთ სკოლის წლები? ქუთაისელი ბავშვებივით ცოტა ხულიგანი თქვენც ხომ არ იყავით?

— იმ დროის ქუთაისში ცოტა ხულიგანი ვინ არ იყო?! შატალოზე წასვლა მეც მიყვარდა. ერთი ასეთი ამბავი გამახსენდა: ალეკოს დედაც და მამაც ექიმები ჰყავდა. სკოლასთან ახლოს ცხოვრობდნენ. მისი მშობლები სარდაფში ჭაჭას აყენებდნენ. ბიჭები ხანდახან სკოლიდან ნახევარი საათით გამოვირბენდით, სარდაფში ჩავიდოდით, 50 გრამ ჭაჭას დავურტყამდით და ისევ გაკვეთილებზე ვბრუნდებოდით.

© FB/ Avraham Paata Yosefპაატა იოსებაშვილი მეგობრებთან ერთად
პაატა იოსებაშვილი - Sputnik საქართველო
პაატა იოსებაშვილი მეგობრებთან ერთად

ოქროს მედალი არ ამიღია, მაგრამ ნიჭიერი მოსწავლე ვიყავი. თბილისში 16 წლინახევრის ვიყავი, როცა ჩავედი. დიდ ქალაქში ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირად გადაიშალა. სწავლის პერიოდის ოთხი წელი ჩემთვის ნამდვილი ცხოვრების სკოლა იყო. იქ გავიცანი ბუმბერაზი ქართველი ებრაელი მხატვარი მიშა ჯანაშვილი (მისი ქალიშვილი ცისანა ჯანაშვილიც მხატვარია და დღეს ნიუ-იორკში მოღვაწეობს). ამ დიდმა მხატვარმა გულში ჩამიხუტა და რჩევა-დარიგებები არ დამაკლო. არქიტექტურულ ფაკულტეტზე დეკანი აკაკი ბერიშვილი იყო, რომელმაც ძალიან შემიყვარა. მომღერალი დათო აბესაძე და "ცისფერი ტრიოს" მომღერლები ჩემი მეგობრები იყვნენ. როცა ლექციებს დავამთავრებდით, შევიკრიბებოდით, ვუკრავდით და ვმღეროდით.

— ბატონო პაატა, როგორ მიიღეთ ის ამბავი, რომ საქართველო უნდა დაგეტოვებინათ?

— ერთ დღეს მამაჩემმა მითხრა, შეაგროვე საბუთები, ისრაელში მივდივართო. მახსოვს, როცა ეს ამბავი გადაწყდა, კაკო ბერიშვილთან მარტო შესვლა ვერ შევბედე და დათო აბესაძეც შევიყვანე. კაკომ მითხრა, მომეცი ტელეფონის ნომერი, მამაშენს უნდა დავურეკო და ვთხოვო, ერთი წელი აქ დაგტოვოს სასწავლებლად და სწავლას რომ დაამთავრებ, მერე გაგიშვებო; რა იცით, იქ რა გელოდებათ, ან ვინმე გელოდებათო? ჩემი საუკეთესო სტუდენტი ხარ და შენზე გული შემტკივაო.

© FB/ Avraham Paata Yosefპაატა იოსებაშვილი საქართველოში
პაატა იოსებაშვილი - Sputnik საქართველო
პაატა იოსებაშვილი საქართველოში

მე ვუთხარი, მიძნელდება ამ ინსტიტუტის დატოვება, ჩემს ძმებთან დაშორება, მაგრამ მამას, დედას და ძმებს გულს ვერ გავუტეხ და ისრაელში უჩემოდ ვერ გავუშვებ-მეთქი. თანაც, მამას უნივერმაღი და თავისი საქმე აქვს, ის თუ ტოვებს ყველაფერს, მე ვინ ვარ, რომ მამაჩემს ვუთხრა, შენ წადი და მე დამტოვე-მეთქი.

არ დაგავიწყდეთ, ეს იყო 1974 წელი. საზღვრები მაშინ გაიხსნა და ჩვენ ერთ-ერთი პირველები წავედით.

— თქვენი სწავლის ამბავი როგორ გადაწყდა?

— კაკო ბერიშვილმა ყველა საბუთი ოფიციალურად გამიფორმა და ისე გამატანა. ამის მიხედვით ენის სასწავლო კოლეჯში მოვეწყვე. იქ ებრაული ენის შესწავლის ექვსთვიანი კურსი არსებობდა. მერე სწავლა ხაიფას მსოფლიოში ცნობილ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, არქიტექტურულ ფაკულტეტზე განვაგრძე…

© FB/ Avraham Paata Yosefპაატა იოსებაშვილი: ჩემს გულში ამდენი წელი მიძინებული იყო სიყვარულის ჭია, რომელიც დარწმუნებული ვიყავი, რომ ერთხელაც გაიღვიძებდა
პაატა იოსებაშვილი - Sputnik საქართველო
პაატა იოსებაშვილი: ჩემს გულში ამდენი წელი მიძინებული იყო სიყვარულის ჭია, რომელიც დარწმუნებული ვიყავი, რომ ერთხელაც გაიღვიძებდა

თბილისში გათამამებული სტუდენტი ვიყავი. სწავლის პარალელურად მეგობრებთან ერთად თვეში ერთხელ სოჭსა და ოდესაში წასვლასა და დროსტარებასაც ვახერხებდი. იქ კარგ "შმოტკებს" ვყიდულობდით და თბილისში რომ ჩამოვდიოდით, ვტრაბახობდით. ისრაელში კი სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში ოფიციანტად დავიწყე მუშაობა, რომ ჩემი ჯიბის ფული მქონოდა.

— მინდა ისრაელთან პირველი შეხვედრა გაიხსენოთ, რა შეგრძნება გაგიჩნდათ?

— სიმართლე გითხრათ? მე პირდაპირი ადამიანი ვარ და პირდაპირ გეტყვით: საშინელება იყო…

— რას გულისხმობთ?…

— განსაკუთრებით მამაჩემისთვის იყო საშინელი დრო იმ თვალსაზრისით, რომ მან აქ ყველაფერი დატოვა და იქ ნულიდან მოუხდა ცხოვრების დაწყება. პატარა ბინა მივიღეთ, თითო ოთახი 8 კვადრატული მეტრი იყო, ჩვენ კი ხუთნი ვიყავით — სამი ძმა და მშობლები…

© FB/ Avraham Paata Yosefპაატა იოსებაშვილი: ქართველი ებრაელები ყველაზე ძლიერი თემი ვართ
პაატა იოსებაშვილი და თენგიზ მალანია - Sputnik საქართველო
პაატა იოსებაშვილი: ქართველი ებრაელები ყველაზე ძლიერი თემი ვართ

ერთ დღეს, თბილისურ ურთიერთობას მიჩვეულებმა, ფანჯარა ფართოდ გამოვაღეთ და მეზობლებმა — მაროკოელმა და ერაყელებმა თავიანთი ფანჯრები ცხვირწინ მიგვიხურეს… არსად იყო ის "დილა მშვიდობისა", რითიც ახალი თბილისური დღე იწყებოდა. სადღა იყო ჩვენებური მოკითხვები: როგორ ხარ, ელენე? როგორ ხარ, ნინო? სადღა იყო ის ძველი დაფასება და სიყვარული?!

თან ენაც არ ვიცოდით. მამამ ნორმალური სამუშაო ვერ იშოვა და ზეთის ქარხანაში დაიწყო მუშაობა. კაცი კინაღამ ხელიდან გამოგვეცალა. ერთ დღეს ყველას გამოგვიცხადა: თავი ხელში აიყვანეთ, მე ვეღარ დაგეხმარებითო.

დედა ბავშვთა ექიმი იყო, უსაყვარლესი და სათნო ქალი. ისიც იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ იმდენად ნიჭიერი იყო, რომ ენა მალე აითვისა და იქ კლინიკაში დაიწყო მუშაობა.

— როცა ეს პირველი, რთული პერიოდი გავიდა, როდის იგრძენით, რომ ისრაელი ნამდვილად თქვენი სამშობლოა?

— ჩვენი მამა-პაპა ყოველდღე ასე ლოცულობდა: მომავალ წელს ღმერთმა გვაღირსოს იერუშალაიმში ასვლაო. 26 საუკუნის მერე მამაჩემის თაობას ეღირსა ეს დღე. ეს იყო პირველი თაობა, რომელმაც მთელი სიმწარე საკუთარ ზურგზე გადაიტანა.

© FB/ Avraham Paata Yosefპაატა იოსებაშვილი: საქართველოში ხშირად ჩამოვდივარ, ძველ მეგობრებსაც ვხვდები და ახლებიც გავიჩინე
პაატა იოსებაშვილი - Sputnik საქართველო
პაატა იოსებაშვილი: საქართველოში ხშირად ჩამოვდივარ, ძველ მეგობრებსაც ვხვდები და ახლებიც გავიჩინე

საკუთარი თავი არ მეცოდებოდა, მამა მებრალებოდა. მეცოდებოდნენ მამაჩემის მეგობრები, არაჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც საქართველოში კარგად ცხოვრობდნენ და იქ, ასაკში შესულები, ფაბრიკა-ქარხნებში წავიდნენ სამუშაოდ.

ეს იყო ისრაელის პროპაგანდა – ჩამოდით სხვადასხვა ქვეყნიდან და ისრაელი ააშენეთო. მეც ყოველთვის ვამბობდი, რომ მე ჯერ ისრაელი უნდა ავაშენო და მერე მე უნდა ავშენდე-მეთქი, მაგრამ სინამდვილეში ძალიან გვიჭირდა…

მერე, მადლობა ღმერთს, შეიცვალა ყველაფერი, ყველანაირად შევითვისეთ და შეგვიყვარდა სამშობლო. ეს ხომ ჩვენი მიწა-წყალი იყო, ჩვენი სალოცავი, სადაც წინაპრები ლოცულობდნენ.

დღეს უკან რომ ვიხედები, ვფიქრობ, რომ კარგია, რაც მოხდა. 20 წელი დამჭირდა იმისთვის, რომ ფეხზე მყარად დავმდგარიყავი. ოჯახი შევქმენი, შვილები წამომეზარდნენ. დღეს ძლიერები ვართ. ქართველი ებრაელები ყველაზე ძლიერი თემი ვართ. ჩვენი სიტყვა ვთქვით, მყარად დავდექით ფეხზე და მიუხედავად ყველაფრისა, ქართული ენა და კულტურა მაინც არ დავივიწყეთ.

© FB/ Avraham Paata Yosefპაატა იოსებაშვილი
პაატა იოსებაშვილი - Sputnik საქართველო
პაატა იოსებაშვილი

— სახლში ქართულად ლაპარაკობდით?

— აბა რა?! ჩემი ქალიშვილი და ვაჟი ქართულადაც ლაპარაკობენ. წერა-კითხვა არ იციან, მაგრამ ლაპარაკობენ. იქ ისევ ჩემი სპეციალობით ვმუშაობ, არქიტექტორი ვარ და 35 წელია, კერძო არქიტექტურული ფირმა მაქვს.

— საქართველოში როდის დაბრუნდით პირველად, თუ ვინმემ მოგძებნათ?

— ის შეხვედრა ჩემი ინიციატივით არ მომხდარა. ჩემი ბავშვობის მეგობარმა დათო აბესაძემ მომძებნა. ამ ამბავზე ლეგენდები დადის. დათომ 20 წლის წინ მომძებნა ისრაელში, როცა ანსამბლი "ქართული ხმები" გასტროლებზე იყო ჩამოსული. ჩემი მეგობარი, მომღერალი ბადრი ჯანაშვილი იხსენებს, ჩემთან დათო აბესაძე მოვიდა და მითხრა, არ მინდა შენი ბანკეტი, აქ ვარ ჩამოსული და ჩემი ძმა და მეგობარი პაატა იოსებაშვილი მომიძებნეო.

მოკლედ, დამიწყეს ძებნა, გაიკითხ-გამოიკითხეს და ვიღაცას უთქვამს, თქვენ ხაიფის მთავარი არქიტექტორი რომაა, იმ პაატა იოსებაშვილს ხომ არ ეძებთო. მოვიდა ბადრი ჩემთან და მეკითხება, საქართველოდან "ქართული ხმებია" ჩამოსული და არ გინდა მათი ნახვაო. მათი ნახვა მე თუ არა, სხვას ვის უნდა, მაგრამ მთავარი არქიტექტორი ვარ, მარტო დღისით კი არ ვმუშაობ, საღამოსაც შეხვედრებზე ვარ, ყოველდღე რაღაც სხდომებია და რანაირად მოვიცალო-მეთქი.

© FB/ Avraham Paata Yosefპაატა იოსებაშვილი: საქართველოში დავტოვე მეგობრები, რომლებიც გიტარაზე კი უკრავდნენ, მაგრამ ასეთი ცნობილი მომღერლები რომ გახდებოდნენ, საიდან უნდა მცოდნოდა?
პაატა იოსებაშვილი - Sputnik საქართველო
პაატა იოსებაშვილი: საქართველოში დავტოვე მეგობრები, რომლებიც გიტარაზე კი უკრავდნენ, მაგრამ ასეთი ცნობილი მომღერლები რომ გახდებოდნენ, საიდან უნდა მცოდნოდა?

— როგორც ჩანს, იმ დროს არ იცოდით, რომ "ქართულ ხმებში" თქვენი მეგობრები მღეროდნენ…

— არა, აბა საიდან უნდა მცოდნოდა? საქართველოში დავტოვე მეგობრები, რომლებიც გიტარაზე კი უკრავდნენ, მაგრამ ასეთი ცნობილი მომღერლები რომ გახდებოდნენ, საიდან უნდა მცოდნოდა?!

მოკლედ, წამიყვანა ბადრიმ და დარბაზში კი არ დამსვა, პირდაპირ კულისებში შემიყვანა. მითხრეს, სანამ ფარდა გაიხსნება, აქ იდექიო. თან ყველა ღიმილით მიყურებს. ვდგავარ და უცბად უკნიდან მესმის, ხომ გიპოვე, შე გოთვერანოო! მივტრიალდი და ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი დათო აბესაძე დავინახე…

გეფიცებით, ადგილზე გავიყინე, ფეხები წინ აღარ მიდიოდა, დათო კი თვალცრემლიანი მიყურებს. ძლივს ამოვთქვი: ვაი, ჩემი ბრალი, ეს შენ უნდა გეპოვნე, თუ მე-მეთქი?!

ბადრიმ გამოგვაფხიზლა — ორივეს ხელი გვკრა და ერთმანეთისკენ გვიბიძგა. ასე ჩახუტებულები მუხლებზე ჩავიკეცეთ და ტირილი დავიწყეთ. გაშეშებული ვიყავით რამდენიმე წუთი. ერთმანეთს კარგა ხანი ვერ დაგვაშორეს. მერე გვითხრეს, ფარდა უნდა გავხსნათ და კონცერტი დავიწყოთო. სასწრაფოდ დავრეკე ჩემებთან, სუფრა გაშალეთ, სტუმრები მომყავს-მეთქი. ოთხი დღე და ღამე სუფრა არ ალაგებულა, ქეიფი ქეიფზე მიდიოდა…

თემურ ჭკუასელმა, რომელიც დღეს პარლამენტარია, წიგნი დაწერა ისრაელში მოგზაურობაზე და იქ ჩემს ოჯახსა და მეგობარ ქართველ ებრაელებს ოთხი გვერდი დაუთმო. დღეს ჩემი მეგობრები არიან "ქართული ხმებისა" და "ცისფერი ტრიოს" მომღერლები, ასევე ჯემალ აჯიაშვილი, ელისო ბოლქვაძე, თენგიზ მალანია და სხვები…

— გავიგე, რომ მაგარი ბიჭი გყოლიათ, თქვენი შვილი, რან იოსებაშვილი (რან იოსები) ისრაელის გმირია და მასზე აუცილებლად უნდა გვიამბოთ.

— ჩემი შვილი 26 წლისაა. ძალიან კარგი მოსწავლე იყო, სკოლა ფრიადებზე დაამთავრა. მერე ჯარში მოიხადა ვალი, იქ ნიჭი გამოამჟღავნა. თანაც, ძალიან გამბედავი ბიჭია. სამი წლის მერე ხელი მოაწერა, რომ სამხედრო კარიერა გაეგრძელებინა და ოფიცრის კურსებზე გაუშვეს. მალე მაღალი სამხედრო ჩინი მიიღო. ისეთი ოფიცერია, რომლის ზურგზეც ომები გადადის და ვისაც ყველაზე მეტად ენდობიან. ორ წელიწადში მაგრად დაწინაურდა. სანამ ჯარს მოიხდიდა, ომი დაიწყო. დიდი ბრიგადა ჰყავდა. ერთ დღესაც, ბრძოლის დროს, ზეციდან რაკეტის საშიშროება იგრძნო და ჯარისკაცებს უბრძანა, დაწექითო. მერე გადახედა და როცა დარწმუნდა, რომ ყველა უსაფრთხოდ იყო, თავადაც უნდოდა, დაწოლილიყო, მაგრამ ვერ მოასწრო და ფეხებში ბომბის ნამსხვრევები მოხვდა. 80 მეომარი გადაარჩინა და თავად დაიჭრა… ყველაფერი დაფიქსირებულია: რა ბრძოლებში მიიღო მონაწილეობა, როგორ გადაარჩინა მეომრები, როგორ თავგანწირვით იბრძოდა.

რანის ბრიგადა მოწინავე იყო, რომელმაც ტერორისტები გაანადგურა. როცა მკურნალობა ჩაიტარა და ძაფები მოხსნეს, მაშინვე ჯარში გაიქცა. ექიმმა უთხრა, მე პასუხისმგებლობას ვიხსნიო. როცა შეეკითხნენ, უკან რატომ დაბრუნდიო, უთხრა, ღმერთი არ გწამთ, ჩემი ჯარისკაცები იხოცებიან და მე სახლში რა გამაჩერებსო.

— ბატონო პაატა, მოკლედ, დღეს, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსთან სულიერი კავშირები განაახლეთ…

— კი, ხშირად ჩამოვდივარ, ძველ მეგობრებსაც ვხვდები და ახლებიც გავიჩინე. აქ ქალაქების გამგებლები მიწვევენ ხოლმე ორგანიზაციებსა და  დაწესებულებებში ღონისძიებების ჩასატარებლად. ვაწყობ პტეზენტაციებს წიგნებისა და ფილმებისა, ფარულ დახმარებას ვუწევ პოეტებს, მსახიობებს. უანგაროდ ვემსახურები ორი ერის მეგობრობის გამტკიცებას, ამისათვის ვწირავ ძვირფას დროსა და საკუთარ სახსრებს. სპეციალისტს ვათარგმნინე წიგნი ორ ენაზეე და მის გამოშვება-გავრცელებაზეც  ვიზრუნე…

მოკლედ, როგორც ჩემზე ამბობენ, ვეწევი ცოცხალ (სახალხო) დიპლომატიას, ქალაქიდან ქალაქში დამაქვს ორი ერის მეგობრობა.

ჰოდა, ისე მოხდა, რომ ნანა ჯიქიამ და გულიკო ზუმბაძემ გამოიჩინეს ინიციატივა, რომ საქართველოს მოქალაქეობა მივიღო. სიმართლე გითხრათ, მე ამას არ ვაპირებდი. ანკეტებიც კი მათ შემივსეს. ასე მითხრეს, შენ არ გააკეთებ, ეს საქმე ჩვენ თუ არ ავიღეთ ხელშიო. ორი რეკომენდაცია იყო საჭირო და ორი კი არა, ათი კაცია რიგში, ვისაც უნდა, რომ რეკომენდაცია მომცეს.

— დღეს, როცა ამხელა გზა გაიარეთ, შეგიძლიათ თქვათ, რა არის თქვენთვის მთავარი?

— ჩემს გულში ამდენი წელი მიძინებული იყო სიყვარულის ჭია, რომელიც დარწმუნებული ვიყავი, რომ ერთხელაც გაიღვიძებდა და არ მომასვენებდა. იმ დღიდან, რაც დათომ ისრაელში მომძებნა, ამ სიყვარულმა ჩემში მთელი ძალით იფეთქა და იმის მერე, უკვე 20 წელია, მოსვენება დამაკარგვინა. იმის მერე დავუბრუნდი საქართველოს, რომლის გარეშეც სიცოცხლე არ შემიძლია. ეს სიყვარული, დამიჯერეთ, უანგაროა, ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია, ძალიან ძვირფასი ნაწილი. დღეს ისევ მივუბრუნდი ჩემ წარსულს, მეგობრებს და ვეუბნები: ძმებო, მე აქ ვარ!

ყველა ახალი ამბავი
0