ნატა პატარაია
არჩილ ბადრიაშვილს სამედიცინო განათლება აქვს, მაგრამ ცხოვრების დიდ ნაწილს მთაში ატარებს. ის პროფესიონალი ალპინისტია და უკვე 18 წელია, სპორტის ამ სახეობით არის დაკავებული.
რა პრობლემებს აწყდებიან საქართველოში მთასვლელები და განვითარების რა პერსპექტივები აქვს ალპინიზმს, ამ და სხვა კითხვებით არჩილ ბადრიაშვილს "Sputnik-საქართველომ" მიმართა.
-თქვენი აზრით რა არის ყველაზე დიდი პრობლემა ამ სფეროში?
— ყველაზე დიდი პრობლემა დღეს ალბათ მაინც ის არის, რომ ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს მთაში სიარულს. ბევრ ახალგაზრდას ვიცნობ ვისაც უნდა, მაგრამ იმის გამო რომ ჰყავს ოჯახი, და აქვს სამსახური, ვერ უთმობს საკმარის დროს ვარჯიშს და ექსპედიციაში მონაწილოებას. თუმცა ვცდილობთ, რომ ეს გამოვასწოროთ. საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის ეგიდით, სპორტის სამინსიტროს დაფინანსებით ხერხდება ის, რომ აღჭურვილობის ნაწილს ვიძენთ და ექსპედიციების გარკევულ რაოდენობას ვაფინანსებთ, გვყავს ინსტრუქტორები და ეს ჩემი აზრით ძალიან ეხმარება იმ ახალგაზრდებს ვისაც არა აქვს შესაძლებლობა თავი დაიფინანსოს, იმედი გვაქვს რომ დროთა განმავლობაში ეს სიტუაცია შეიცვლება და უფრო მეტი ახალგაზრდა დაინტერესდება მთამსვლელობით.
-დროის სიმცირის პრობლემა მხოლოდ დამწყებ ალპინისტებს და მოყვარულებს აქვთ თუ პროფესიონალებიც ვერ ვარჯიშობენ?
— ძირითადად ეს პრობლემა მოყვარულებს აქვთ ან იმ ადამიანებს, რომლებსაც შორიდან უყვართ მთა. პროფესიონალებს, ამ მხრივ დაბრკოლებები არ გვაქვს. რა თქმა უნდა, პირადი ცხოვრება გვეზღუდება, რადგან სპორტის ეს სახეობა ბევრ დროს მოითხოვს.
-რამდენად პერსპექტიულია სპორტის ეს სახეობა საქართველოში და რა არის საჭირო მის განსავითარებლად?
— თვითონ პროფესიონალური მთამსვლელობა ალბათ ჩემთვის ორ რამეს მოიცავს: ერთია, როდესაც ნაკრების სახელით დადიხარ და მეორე — როდესაც მუშაობ. ჩვენი მუშაობის სპეციფიკა ის არის, რომ ვპოულობთ ისეთ ადგილებს, სადაც არავინ ყოფილა. გავდივართ ახალ მარშრუტებს და ამითი ვცდილობთ, რომ არ ჩამოვრჩეთ მსოფლიოში არსებულ ტენდენციებს და ჩვენს შესახებაც ვუამბოთ სხვებს. მაგალითად, უკვე დაიბეჭდა ერთ ერთ წამყვან ჟურნალში ჩემი დაწერილი ცხრა მცირე სტატია ფოტოებით, ჩვენს ასვლებზე და იმედია, ეს უფრო შეუწყობს ხელს ქართული ალპინიზმის პოპულარიზციას მსოფლიოში. ზოგადად მთასვლელობა ყველგან რთულად საორგანიზაციო სფეროდ ითვლება და ჩვენც არ ვართ გამონაკლისი ამ მხრივ.
- ქართველ ალპინისტებს თუ იწვევენ საერთაშორისო ექსპედიციებში?
— საერთაშორისო მასშტაბით ექსპედიციები ყოველ წელს ეწყობა და ქართველი მთამსვლელებიც ვმონაწილეობთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ უფრო მეტი ფინანსური შესაძლებლობები გვქონოდა, რადგან, მაგალითად, ჰიმალაებზე წასვლას მხოლოდ სამინისტროს დაფინანსება არ ჰყოფნის და ვცდილობთ სხვა წყაროების მოზიდვას. ჩვენ გვაქვს იმის ბაზ,ა რომ ვიაროთ „სერიოზულ“ მთებში და ეს პროცესი დაწყებულია.
-რა პერსპექტივები აქვთ მთამსვლელობის მოყვარულ უცხოელებს და შეუწყობს თუ არა ჩვენი მთები ხელს ტურიზმის განვითარებას?
— რამდენიმე კვირის წინ საქართველოში იყო ლეგენდარული მთამსვლელი რაინჰოლდ მესნერი, როემელიც აღიარებულია თავისი დროის ნომერ პირველ ალპინისტად. მან თქვა, რომ ასეთი ლამაზი ადგილები, როგორიც საქართველოშია, არ არის ალპებში. ჩვენთან ჯერ კიდევ არის შენარჩუნებული ბუნების პირველყოფილი სახე, ასე ვთქვათ, "სიველურე", რაც იზიდავს ძალიან ბევრ მთამსვლელს და რაც აღარ არის უკვე, მაგალითად, იგივე ალპებში. ამიტომ ჩვენი მთები ძალიან საინტერესო არის უცხოელებისთვის. ტურისტები გაოცებულები არან მათით.
რა თქმა უნდა, საჭიროა გარკვეული ინფრასტრუქტურის მოწყობა, თუმცა, ზომიერად, ზედმეტი შენობების გარეშე. საჭიროა ეკოლოგიაზე ზრუნვა და ყველაფრის ისე შენარჩუნება, რომ პირველყოფილი ბუნება არ დაიჩრდილოს.