თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. თბილისში ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის ტურნირის ფინალური მატჩი გაიმართა, რომელიც აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას ეძღვნებოდა, იუწყება თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე დაესწრნენ.
ფინალში ერთმანეთს თბილისისა და ზესტაფონის გუნდები ხვდებოდნენ. პირველ ადგილზე თბილისის გუნდი გავიდა, რომლის წევრებსაც გამარჯვებულის თასი და მედლები თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძემ და თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ გადასცეს.
მეორე ადგილის მფლობელი ზესტაფონის გუნდი კი თასითა და მედლებით ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ და გენერალმა ვლადიმერ იმნაძემ დააჯილდოვეს.
ტურნირი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა „იმედის“ სპორტულ მოედანზე და მასში თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, გორისა და ზესტაფონის გუნდები მონაწილეობდნენ.
ტურნირი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამპუტანტთა ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.