ნატა პატარაია
ბიზნესდავებს რომ სპეციალურად გადამზადებული მოსამართლეები განიხილავენ, ეს ბიზნესგარემოზე დადებითად აისახება, მიაჩნია არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტს პაატა ბაირახტარს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შეიქმნა კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაცია, რომელიც ოთხი მოსამართლისგან დაკომპლექტდა. ესენი არიან: თამარ ბურჯანაძე, ლევან მიქაბერიძე, ლაშა ქოჩიაშვილი და სოსო ღურწკაია. მოსამართლეები განიხილავენ სანივთო სამართლებრივ, სამეწარმეო სამართლებრივ, გაკოტრების საქმეებს და ვალდებულებით სამართლებრივ დავებს, რომელთა დავის საგანი აღემატება 500 000 ლარს.
„ეს მისასალმებელია, რადგან მეტია ალბათობა, რომ საკითხში კარგად გარკვეული მოსამართლე უფრო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს“, — აღნიშნა პაატა ბაირახტარმა “Sputnik-საქართველოსთან” საუბრისას.
თუმცა ამავე დროს ექსპერტმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ საქართველოში ბიზნესდავები იშვიათობას არ წარმოადგენს და შესაძლოა მხოლოდ ოთხი მოსამართლე მათ ვერ აუვიდეს.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე სასამართლოში 220-მდე ასეთი საქმეა, რომელთა რაოდენობაც შეიძლება 300-მდე გაიზარდოს.