დღეს აჭარაში სახალხო ზეიმი შუამთობა იმართება

© FB/Giorgi Kvirikashviliკონცერტი "შუამთობაზე"
კონცერტი შუამთობაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა

ხატია გიგოლაშვილი

დღეს აჭარის მაღალმთიანეთში შუამთობა აღინიშნება. ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ ბეშუმში აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას ტრადიციულად მემთეურები იკრიბებიან და ზაფხულის ბოლო თვის დასაწყისს აღნიშნავენ. ამ დღეს მაღალმთიანი აჭარის იალაღებზე ამოსულ მესაქონლეებს სოფლებსა და ქალაქებში მცხოვრები ოჯახის წევრები და ნათესავები მოინახულებენ. მათ მოსანახულებლად საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ჩასახლებული აჭარლებიც ჩამოდიან და ადგილობრივებთან ერთად ზეიმობენ.

შუამთობა უძველესი აჭარული სახალხო დღესასწაულია და იგი, ჩვეულებრივ, მთის სამუშაოთა სეზონის შუა პერიოდს ემთხვევა, ამიტომაც ეწოდება "შუა მთობა". ეს ტრადიცია უკვე მრავალი წელია გრძელდება მისი მასშტაბები ყოველწლიურად იზრდება.

შუამთობაზე ყოველ წელს, ტრადიციულად, ეწყობა კულტურული და სპორტული ღონისძიებები. ახალგაზრდები ერთმანეთს მკლავჭიდში, ფეხბურთსა და სპორტის სხვა ტრადიციულ-ეროვნულ სახეობებში — ისინდსა და ქართულ ჭიდაობაში ეჯიბრებიან. გაიმართება დოღი, გამარჯვებულს კი სხვა პრიზებთან ერთად ტრადიცული საჩუქარი, ცხვარი, გადაეცემა.

© FB/Giorgi Kvirikashvili"შუამთობა" აჭარაში
შუამთობა აჭარაში - Sputnik საქართველო
"შუამთობა" აჭარაში

შუამთობაზე ადგილობრივი რეწვის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვაც იგეგმება. სტუმრებს აჭარული ტრადიციული სამზარეულოსა და რძის ნაწარმის დაგემოვნების საშუალება ექნებათ. მოეწყობა ეთნოგრაფიული კუთხე, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ხეობისთვის დამახასიათებელი კერძები. ბორანო, სინორი, ხავიწი, კაიმაღი და აჭარული დაწნილი ყველი შუამთობის გამორჩეული კერძებია.

შუამთობის ტრადიციაა ქორწილებიც, კურორტ ბეშუმში დღესასწაულზე არაერთ ახალდაქორწინებულ წყვილს ნახავთ. ხშირ შემთხვევაში ქორწილიც იმართება. საზეიმო ღონისძიების დროს ახლად დაქორწინებულ წყვილებს დალოცავენ და სხვა საჩუქრებთან ერთად ოქროს სამკაულს გადასცემენ.

© FB/Giorgi Kvirikashviliშეჯიბრება შუამთობაზე
შეჯიბრება შუამთობაზე - Sputnik საქართველო
შეჯიბრება შუამთობაზე

იმართება სახალხო სეირნობა, სრულდება ცეკვა-სიმღერები, მაყურებლის წინაშე ადგილობრივი ანსამბლები წარსდგებიან. აქ შეკრებილ ადამიანებს საშუალება ექნებათ, დატკბენენ არაჩვეულებრივი ფოლკლორითა და ბუნებით და დააგემოვნონ ტრადიციული კერძები. ერთ-ერთ მოქალაქეს საპატიო ხულოელის წოდებით დააჯილდოებენ. ორდღიანი დღესასწაული საზეიმო წარმოდგენით მთავრდება.

მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებლებს შუამთობის დღესასწაულს ტრადიციულად ქვეყნის პირველი პირები ულოცავენ.

ყველა ახალი ამბავი
0