ხატავს ყველგან და ყოველთვის, სიზმარშიც კი… ამჟამად გალაკტიონის წიგნის ილუსტრაციებზე მუშაობს.
— ბატონო ლადო, მოდი, კითხვას ასე ჩამოვაყალიბებ: სანამ მხატვარი გახდებოდით, როგორი იყო თქვენი ცხოვრების ზოგადი ესკიზი, ანუ როგორია შტრიხები თქვენი პორტრეტისთვის?
— მეშვიდე კლასიდან ვხატავ. მაშინ ნიკოლაძის ტექნიკუმის გვერდით ერთწლიანი საბავშვო სამხატვრო სკოლა იყო, ანუ ძირითად სკოლასთან ერთად იქ სიარულიც შეგეძლო. მამაჩემმა შეხედა, რომ სადაც უნდა ვყოფილიყავი, სულ ვხატავდი და თან მასწავლებლებიც ეუბნებოდნენ, გაკვეთილებზე სულ ხატავსო. ჰოდა, სამხატვრო სკოლაში მიმაბარა. იქ მოლბერტთან მუშაობა და ტექნიკური მხარეები ვისწავლე, ფაქტობრივად, აკადემიისთვის უკვე მერვე კლასიდან ვემზადებოდი. ჩემი კლასელის, გიორგი ადიკაშვილის მშობლები მხატვრები არიან, თავადაც მხატვარია და მის მშობლებთან ვიყავი მიბარებული. სულიკო ბიძიასა და ირა გაჩეჩილაძესთან ბევრი რამე ვისწავლე. ამის მერე, დაახლოებით მეცხრე კლასში, ირა გაჩეჩილაძემ სერგო ქობულაძესთან მიმიყვანა და მას მაშინვე დავუახლოვდი. ახლანდელი გადასახედიდან რომ ვუყურებ, მიკვირს, სერგომ მე რატომ ამომარჩია, როცა სხვა ათასი გოგო თუ ბიჭი ჩემზე უკეთესად ხატავდა?
— შემთხვევით არაფერი ხდება, უთუოდ დაინახავდა თქვენში გამორჩეულ ნიჭს. რა გახსენდებათ, როცა მასზე საუბრობთ?
— რა ვიცი, ალბათ, ასეა… სერგოსთან რომ ვემზადებოდი, მაშინ 12-13 წლის ბიჭი ვიყავი. ეს ის დროა, როცა ოპერის ფარდა დაიწვა და სერგოს მისი აღდგენა დაავალეს. სხვათა შორის, ვტრაბახობ, რომ იმ დროს მისი მუზა უკვე "თეთრ ცხენზე" იყო, ანუ ახალი ფარდის ესკიზი მზად ჰქონდა და მე ის ვნახე.
სერგო ხშირად მეუბნებოდა, როგორ ფიქრობ, მე ყველაზე ჭკვიანი ვიყავი? არა, მე ბევრს ვშრომობდიო. ისიც ბევრჯერ მსმენია, ნიჭიერი კაცი ჩემს გარშემოც ბევრი იყო, მაგრამ ნიჭი თავში ურტყამდათ და ეგონათ, რომ ყველაფერს შეძლებდნენ, მე კი ბევრს ვშრომობდიო.
მეც ასე ვიქცეოდი — აკადემიამდეცა და აკადემიის მერეც. ნიჭი, თავისთავად, კარგია, მაგრამ უშრომლად არაფერი გამოვა. თუკი ნიჭს არ ანვითარებ, თუ არაფერს აკეთებ, გამოდის, რომ სულაც არ ხარ ნიჭიერი. იმიტომ რომ ის ნიჭი შენ არ მოგასვენებს და ყოველთვის გაიძულებს, რაღაც ხატო და შექმნა.
— რა შტრიხებს, რა სიტყვებს გამოიყენებდით საკუთარი ვერბალური პორტრეტის დასახატად?
— ვიტყოდი, რომ "ის" ნორმალური არ არის.
— მერე, კარგია, როცა მხატვარი "ნორმალური და ჩვეულებრივი არ არის.
— ვიცი. ჰოდა, მეც სერიოზულად ვამბობ ამას. არიან გაწონასწორებული ხელოვანებიც, რომლებიც მკურნალობას არ ექვემდებარებიან, მაგრამ რაღაც პოზას მაინც იჭერენ, მაგრამ მე პოზას, მომკალით და ვერ დავიჭერ.
— თქვენს ნახატებში რაღაც მისტიური, სიზმრისეული სიუჟეტებია, როგორც ჩანს, სიზმართან კარგი დამოკიდებულება გაქვთ.
— სწორად მიხვდით, იქ ბევრი რამ სიზმართან კავშირშია, რადგან ბევრი რამ მართლაც დამესიზმრა. საერთოდ, სიზმართან რთული დამოკიდებულება მაქვს. ბევრი მალევე მავიწყდება. დამსიზმრებია, რომ ძალიან მაგარ რაღაცას ვხატავ, მაგრამ გამომღვიძებია და უკვე აღარ მხსომებია, რას. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ დამწყდებოდა გული. თუმცა სამი-ოთხი ნახატი სიზმრის მიხედვით მაქვს შექმნილი.
— უცხოეთში თუ გაგიტანიათ ნამუშევრები?
— 90-იან წლებს გავიხსენებ. მე და ცხონებული ნიკუშა კეკელიძე საბავშვო სამხატვრო სკოლაში ერთად ვსწავლობდით. მას სასტუმროს "მეტეხის" ამშენებელ პიროვნებასთან ჰქონდა კონტრაქტი და ძალიან ბევრს, დაახლოებით 3000 მხატვარს დაეხმარა. მაშინ ჩემი ნამუშევრები ავსტრიაში, გერმანიაში და ბელგიაში იყო გატანილი. იმ ჰოლანდიელმა კონტრაქტი 12 მხატვარს გაგვიფორმა და ჯგუფურ გამოფენებს აწყობდა. ჩემი ძმა რომ ჰოლანდიაში წავიდა, ჩემი ნახატებიც წაიღო. მაშინ დაახლოებით 18 ნახატი გაიყიდა.
— ბატონო ლადო, თქვენი ნამუშევრები ამერიკის ერთ-ერთ უდიდეს, "კრისტის გალერეაში" მოიწონეს. როგორ მოხდა ეს ამბავი?
— მოგიყვებით: ერთ დღეს ბროდვეიზე აღმოვჩნდი ზურგჩანთით და საყველპურო ინგლისურით. ქუჩაში ერთი ღვთისნიერი ქართველი გოგო შემხვდა — მედიკო ერქვა, გვარი არ მახსოვს — ორ დღეში ის გოგო თბილისში მოდიოდა. მოკლედ თან გადამყვა. მიმყვა კრისტის გალერეაში, სადაც ჩემით ერთი ადამიანი დაინტერესდა. ერთ საათში დაგვიბარეს მენეჯერთან, რომელმაც მითხრა, რვა ნახატი კიდევ დამიხატე და ახლავე გაგიფორმებ კონტრაქტსო. ხომ გესმით, ეს რა მაღალი რანგია? მოკლედ მითხრა: ჩვენთან მინიმუმ 2000 დოლარიდან იწყება ნამუშევრის ფასიო. ოღონდ ასეთი პირობა წამომიყენეს: ამერიკის მხატვართა ასოციაციის წევრი უნდა ვყოფილიყავი. ამ ასოციაციაში გაწევრიანება კი ოფიციალურად 1600 დოლარი ღირდა. ამერიკაში რომ ჩავედი, 400 დოლარის მეტი არ მედო ჯიბეში და თანაც საქართველოში 1800 დოლარი პროცენტიანი ვალი მქონდა აღებული. ჰოდა, ეს 1600 დოლარი საიდან უნდა მომეტანა? დავიწყე მუშაობა, რომ ეს თანხა როგორმე მომეგროვებინა, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ათას ადგილას ვიმუშავე. პოლონელმა ებრაელებმა 8000 დოლარში, რომ იტყვიან, გადამაგდეს. ახალი ჩასული ვიყავი ფლორიდაში, სადაც გავიცანი ორი უნგრელი ძმაკაცი, რომლებიც, გეფიცებით, ლუკმას მიყოფდნენ, მაგრამ მათ უსიამოვნება შეემთხვათ და ბოლოს ის სამუშაო ადგილი მეც დავტოვე. ასე დამთავრდა ეს ამბავი…
— ვიცი, გალაკტიონი გიყვართ და ამჟამად მისი ლექსების ილუსტრაციებზე მუშაობთ.
— დიახ, მინდა გალაკტიონის წიგნი გამოვუშვა ჩემი ილუსტრაციებით. 10 ლექსის ილუსტრაცია უკვე მაქვს გაკეთებული და კიდევ სამი მინდა გავაკეთო. გეტყვით, რომ ან 17 ლექსი მინდოდა, ან 13, იმიტომ, რომ ამ რიცხვებთან მას თავისი დამოკიდებულება ჰქონდა. 17 მაისს დაიბადა და 17 ნოემბერს გარდაიცვალა. რიცხვი 13 კი უამრავ ლექსში აქვს ნახსენები. ილუსტრაციები აკვარელითა და ფერადი ფანქრებით მაქვს გაკეთებული. ნამუშევარი უცნაური გამომივიდა, ამაში ღმერთიც მომეხმარა…
— გამორჩეულად მის რომელ ლექსზე შექმნილი ილუსტრაცია მოგწონთ?
— ყველაზე უჩვეულოდ გამოვიდა ლექსი "სილაჟვარდე, ანუ ვარდი სილაში". სხვადასხვა ვარიანტები მქონდა: ხან რა დავხატე, ხან რა. ლექსში ცრემლზეც არის საუბარი. საბოლოოდ ისე ჩამოისხა აკვარელი, წყლის საღებავით ისე დაიხატა ცრემლი, რომ მე არაფერი დამიხატავს. შემთხვევით ინტერნეტში ეგვიპტის ცაზე ღვთისმშობლის გამოსახულების ფოტო ვნახე, ოდნავ დავაპატარავე და ეს იდეაც გამომადგა…