თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. საცირკო შოუ UFO. Alien Planet Circus, რომელიც ცნობილმა რუსმა საცირკო არტისტმა, ასკოლდ ზაპაშნიმ დადგა, თბილისში სპორტის სასახლეში 11 ნოემბერს გაიმართება, იუწყება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევითი ცენტრი.
"UFO — ეს არის ფანტასტიკური საცირკო შოუ, რომლის სიუჟეტი ვითარდება კოსმოსური თეფშის ბორტზე. ხომალდის უნებლიე სტუმარი ხდება ადამიანი დედამიწიდან, რომელიც შორეული გალაქტიკის უცხოპლანეტელებმა გაიტაცეს.
ფანტასტიკური საცირკო შოუს მაყურებელს ელის თავგადასავლები, მფრინავი კოსმოსური ხომალდები, ამოუცნობი მფრინავი ობიექტები, იდუმალი არსებები, ადამიანის შესაძლებლობების ზღვარზე შესრულებული ნომრები, რომლებსაც შეასრულებენ აკრობატები, ათლეტები, ჟონგლიორები, ჯამბაზები და სხვა არტისტები.
მოქმედებას თან ახლავს საოცარი ელექტრონული მუსიკა, რომელიც სპეციალურად შოუსთვის დმიტრი კუზნეცოვმა დაწერა. შოუში არის თანამედროვე განათება და ლაზერული ინსტალაციები, ახალი ბგერითი და ვიდეოტექნოლოგიები, რომლებიც მაყურებელს კოსმოსური ფრენის შეგრძნებას მიანიჭებს და სცენას გალაქტიკური პეიზაჟებით აავსებს.
შოუს პრემიერა მოსკოვში 2014 წელს გაიმართა.
ძმები ასკოლდ და ედგარდ ზაპაშნები — მსოფლიოში ცნობილი საცირკო დინასტიის წარმომადგენლები არიან. 2012 წელს ედგარდი მოსკოვის დიდი სახელმწიფო ცირკის გენერალური დირექტორი გახდა, ხოლო ასკოლდი — სამხატვრო ხელმძღვანელი.