ქართველი ჟურნალისტი, რომელიც ერთი კვირა იგუანებთან და ფარშევანგებთან ერთად ცხოვრობდა

© Courtesy by Giorgi Chanishviliგიორგი ჭანიშვილი
გიორგი ჭანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოგზაურობა თითქმის ყველა ადამიანისთვის სასიამოვნო და საინტერსო პროცესია. ულამაზესი ადგილები — ზოგი ნაცნობი, ზოგიც უცნობი, უამრავი თავგადასავალი და შთაბეჭდილებები ადამიანის ცხოვრებას საინტერესოს და მრავალფეროვანს ხდის.

ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს  პრეს-ცენტრის წარმომადგენელი გიორგი ჭანიშვილია. გიორგი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ძალიან ბევრს მოგზაურობს, იცნობს უამრავი ქვეყნის კულტურას, არქიტექტურას, ადათ–წესს. ბევრ ქვეყანაში უმოგზაურია, სადაც ადამიანებთან ერთად სხვადასხვა ეგზოტიკური ცხოველები, მოზრდილი იგუანასებრი ხვლიკები, ფარშევანგები და ზღვის სხვა ფრინველები ცხოვრობენ. მისი მოგონებები და თავგადასავლები საუცხოო და საინტერესოა. 

© photo: courtesy of Giorgi Tchanishvili პლაჟი კარიბის ზღვაზე
 პლაჟი კარიბის ზღვაზე - Sputnik საქართველო
პლაჟი კარიბის ზღვაზე

— არსებობენ ადამიანები, ვისაც იმდენად უყვართ მოგზაურობა, რომ ამის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ და მზად არიან ბოლო დანაზოგიც კი მოგზაურობაში. მეც ბავშვობიდან მაინტერესებდა და მინდოდა უცხო ქვეყნების ნახვა. წლების შემდეგ ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, მომეცა ამის საშუალება და ძალიან ბევრი ქვეყანა მოვიარე. ადრე ვერც წარმოვიდგენდი, რომ ამდენ განსხვავებულ და საუცხოო ქვეყანაში მომიწევდა მოგზაურობა. ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრი სასიამოვნო მოგონება დამიგროვდა. შემდეგ, როცა ფოტოებს ვათვალიერებ, ძალიან მახალისებს და კარგ განწყობას მიქმნის. 

- თქვენი პირველი გასვლითი ვიზიტი რომელ ქვეყანაში იყო და რა შთაბეჭდილებებით დაბრუნდით?

— პირველი გასვლა იყო უნგრეთში, სადაც ბეისბოლის გუნდთან ერთად წავედი. პირველი შთაბეჭდილებები სწორედ  ამ ქვეყანას უკავშირდება, ხოლო პირველი სერიოზული გასვლა შორეულ ქვეყანაში იყო 2008 წელს ჩინეთში, კერძოდ პეკინში, სადაც იმართებოდა ოლიმპიური თამაშები. ჩინეთის ღირსშესანიშნაობები, კულტურა, ყველაფერი ის რაც ფილმებში და ფოტოებში მქონდა ნანახი, პირადად  მოვინახულე და დავათვალიერე.  

© გიორგი ჭანიშვილის პირადი არქივი გიორგი ჭანიშვილი - მოგზაურობა ჩინეთში, პეკინი
 გიორგი ჭანიშვილი - მოგზაურობა ჩინეთში, პეკინი - Sputnik საქართველო
გიორგი ჭანიშვილი - მოგზაურობა ჩინეთში, პეკინი

- როგორც აღნიშნეთ ძირითადად სამუშაო ვიზიტით გიწევთ მოგზაურობა. რამდენად ახერხებთ ამ დროს ქალაქის დათვალიერებას?

— თითქმის ყოველთვის არის  იმის დრო, რომ ქალაქსაც გავეცნოთ. მე არ მიყვარს დროის ხარჯვა მაღაზიებში შოპინგებზე, ან კაფეებში და სხვა გასართობ დაწესებულებებში. მაქსიმალურად ვცდილობ თავისუფალ დროს მოვინახულო მუზეუმები, ღირსშესანიშნაობები, ქალაქის არქიტექტურა, გადავიღო ფოტოები და ა.შ. მაგალითად, შარშან ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროში ოლიმპიურ თამაშებზე მოგვიწია ყოფნა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დატვირთული რეჟიმი გვქონდა, გამოგვიჩნდა თუ არა ცოტა თავისუფალი დრო მოვინახულეთ ქრისტეს ქანდაკება, რიოს ცნობილი პლაჟი კოპა კაბანა. როცა უცხო ქვეყანაში მოგზაურობ, თუნდაც ძალიან დაღლილი იყო, აუცილებლად უნდა გაეცნო ამ ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს, არქიტექტურას, კულტურას და ა.შ. ქალაქი რომ შეიგრძნო უბრალოდ ფეხით უნდა იარო ქუჩებში. ის შთაბეჭდილება, რაც ფეხით სიარულს სდევს თან, დაუვიწყარია, თან შესაძლოა, ამ დროს ისეთი ადგილი აღმოაჩინო, რაც რუკაზე არ არის აღნიშნული. პირადად მე მირჩევნია ავიღო რუკა, წავიდე მეტროთი, ან ფეხით და თავად აღმოვაჩინო სხვადასხვა საუცხოო ადგილები. ამისთვის ყოველთვის ვპოულობ 1-2 საათს. 

- რამდენ ქვეყანაში ხართ ნამყოფი?

— დაახლოებით 30 ქვეყანაში ვარ ნამყოფი, ხოლო რაც შეეხება ქალაქებს, 100-მდე ქალაქში ვარ ნამყოფი. დიდი მეგაპოლისებიდან ნამყოფი ვარ პეკინში, პარიზში, ლონდონში, მეხიკოში, ტოკიოში, რიო-დე-ჟანეიროში, მადრიდში, ბარსელონაში, მოსკოვში, ბერლინში და სხვა.  

ეს მოგზაურობები მთლიანად უკავშირდება სპორტის სფეროში ჩემს საქმიანობას. 10 წელია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრში ვმუშაობ. 2015 წლიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე ტურნირებზე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალური დიქტორი ვარ.  

© გიორგი ჭანიშვილის პირადი არქივი გიორგი ჭანიშვილი იესოს ცნობილი ქანდაკების ფონზე რიოში
 გიორგი ჭანიშვილი იესოს ცნობილი ქანდაკების ფონზე რიოში - Sputnik საქართველო
გიორგი ჭანიშვილი იესოს ცნობილი ქანდაკების ფონზე რიოში

- მთელი წლის განმავლობაში ძალიან ხშირად გიწევთ ქვეყნიდან გასვლა. ამას როგორ ეგუება თქვენი მეუღლე, არ განიცდის ამ ფაქტს?

— შარშან მთელი თვე მომიწია ბრაზილიაში ყოფნა. არის შემთხვევები, როცა ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე ქვეყანაში მიწევს გამგზავრება. ამის გამო მე და ჩემი მეუღლე ხშირად ვკამათობთ ხოლმე. როცა მე მივდივარ, ვმუშაობ, ყოველდღიურად ტურნირებია, ამიტომ  ჩემთვის სწრაფად გადის დრო, შესაბამისად მე უფრო იოლად გადამაქვს განშორება, ვიდრე ნინოს. მის შემთხვევაში ცოტა სხვანაირად არის, უწევს ლოდინი და მისთვის დრო ძალიან ნელა გადის. მესმის, რომ ასეთ დროს ნინოსთვის უფრო რთულია. როცა მთავრდება ეს ტურნირები და ვბრუნდები, მერე ისევ ვრიგდებით და ყველაფერი თავის ადგილას დგება. 

- რა საჩუქრები ჩამოგაქვთ მისთვის? რით ცდილობ ხოლმე მის „მოთაფლვას“? 

— სუნამო ყოველთვის ჩამომაქვს, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. აუცილებლად ჩამომაქვს იმ ქვეყნის დამახასიათებელი სუვენირი, ნივთი, ან ფიგურები. ხასიათიდან გამომდინარე, ამ ფიგურებს ხანდახან ნინოს ვადარებ. ვაგროვებ თეფშებს და მაგნიტებს. კოლექციაც კი შემიგროვდა უკვე. ბრაზილიიდან ჩამოვუტანე ამაზონის ჯუნგლებში დამზადებული ინდიელის ფორმის ნივთი, რომელშიც უნდა დაანთო სურნელოვანი სანთელი, რაც განსხვავებულ და სასიამოვნო არომატს აფრქვევს. ჩვენც სხვადასხვა დროს  რაღაც განწყობას ვიქმნით ოჯახში. 

© გიორგი ჭანიშვილის პირადი არქივიგიორგი ჭანიშვილი - მოგზაურობა მექსიკაში
გიორგი ჭანიშვილი - მოგზაურობა მექსიკაში - Sputnik საქართველო
გიორგი ჭანიშვილი - მოგზაურობა მექსიკაში

- გაიხსენეთ ყველაზე ეგზოტიკური და საუცხოო ადგილი, რამაც თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა.

— ასეთი ადგილი ძალიან ბევრი იყო. ალბათ, გამოვყოფდი მონღოლეთს და ულანბატორს, სადაც ჩინგიზ ხანის უშველებელი მონუმენტი და ასევე ბუდისტური კომპლექსი მოვინახულე. ასევე  გვადალახარაში მექსიკელი მომღერლების,  მარიაჩის (მექსიკური ხალხური მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჟანრი. ავტ.) კონცერტს დავესწარი, საიდანაც  სომბრეროები ჩამოვიტანე. ნამყოფი ვარ ტოკიოში ცნობილ გზაჯვარედინზე — შიბუიაზე, რომელიც ყველაზე ხალხმრავალ გადასასვლელად ითვლება მსოფლიოში. აქ შუქნიშნებზე წითელი ფერი რომ აინთება და მანქანები ჩერდებიან, საოცარი სიზუსტით და სისწრაფით გადადის და გადმოდის უამრავი ადამიანი, ფაქტობრივად, ზღვა ხალხი. იქვეა ცნობილი იაპონელი ძაღლის ჰაჩიკოს ძეგლიც. ჰაჩიკო ის ძაღლია, რომელიც პატრონის გარდაცვალების შემდეგ, წლების მანძილზე ელოდებოდა თავის პატრონს მეტროსადგურთან და ითვლება ერთგულების სიმბოლოდ.

2004 წელს  ვიმოგზაურე გერმანიის ათამდე ქალაქში, როდესაც ჟურნალისტიკის საერთაშორისო ინსტიტუტში ვიყავი ერთი თვით და ამ დროს ვნახე ბერლინიც. დაუვიწყარი მოგონებაა ბერლინის კედელი, რაიხსტაგის შენობა და სხვა ისტორიული ადგილები.

ახლახან მომიწია მექსიკაში ყოფნა. კარიბის ზღვის სანაპიროზე არის საუცხოო ქალაქი კანკუმი. სასტუმროში, ადამიანებთან ერთად,  სხვადასხვა ეგზოტიკური ცხოველებიც ცხოვრობდნენ, მაგალითად, მოზრდილი იგუანასებრი ხვლიკები, ფარშევანგები და სხვა. ოკეანის ფრინველები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ სასტუმროს კომპლექსში.  

© გიორგი ჭანიშვილის პირადი არქივიკარიბის კუნძულების ბინადარი ფარშევანგი
კარიბის კუნძულების ბინადარი ფარშევანგი  - Sputnik საქართველო
კარიბის კუნძულების ბინადარი ფარშევანგი

- უცხო ქვეყანაში ყველაზე დიდი გაოცება თქვენში რა ფაქტმა გამოიწვია?

— როგორც მოგახსენეთ, ძირითადად სპორტულ ტურნირებზე მიწევს სიარული. ქუვეითში აზიის ჩემპიონატზე ვიყავით, რომელზეც  აზიის ქვეყნების წარმომადგენელმა ძიუდოისტმა ქალებმა ჩადრებით იასპარეზეს, ამან ძალიან გამაოცა. 

- ტრადიციული კერძების შემთხვევაში ექსპერიმენტები გიზიდავთ? უცნაური კერძები თუ გაგისინჯავთ?

— გურმანი ვარ და მიყვარს უცხო კერძების დაგემოვნება. უცხოეთში ყოველთვის ვცდილობ რაღაც განსხვავებული, იქაური კერძი გავსინჯო. ძალიან მიყვარს ლუდი და ყველა ქვეყანაში ვსინჯავ ლუდს. კერძებიდან აზიურ კერძებს მივანიჭებდი უპირატესობას. გამოვარჩევდი იაპონურ, კორეულ, მექსიკურ სამზარეულოს. პეკინში ყოფნის დროს ისეთ ადგილას მოვხვდით, სადაც აბსოლუტურად ყველა ადამიანი იყო ადგილობრივი. როცა შევედით უეცრად ყველა გაჩერდა და ისე გვიყურებდნენ, თითქოს ჩვენ ვიყავით ეგზოტიკურები. შევუკვეთეთ ჩინური იხვი ბრინჯთან ერთად. იქვე ვიტრინაში ჰყავდათ გველები, ბაყაყები და სხვა  უცნაური ქვეწარმავლები. გვეგონა რომ მათ ე.წ. დეკორაციის დანიშნულება ჰქონდა.  ერთ-ერთ ვიტრინასთან მივედით  და ამ ქვეწარმავლებს მივუკაკუნეთ, მზარეულები ძალიან გაგვიბრაზდნენ. გვითხრეს ქვეწარმავლებს სძინავთ და  ძილს ნუ უფრთხობთ, ნუ აწუხებთო, რადგან დილით უნდა დავკლათ და კერძები მოვამზადოთო.  

© გიორგი ჭანიშვილის პირადი არქივიგიორგი ჭანიშვილი - ხედი ტოკიოზე
გიორგი ჭანიშვილი - ხედი ტოკიოზე - Sputnik საქართველო
გიორგი ჭანიშვილი - ხედი ტოკიოზე

- საქართველოს გარდა, სხვა რომელ ქვეყანაში იცხოვრებდით?

— მე სიამოვნებით ვიცხოვრებდი, მაგრამ ნინოს გაუჭირდებოდა. მას იმდენად უყვარს თბილისი, რომ რამდენიმე დღით გასვლაც კი უჭირს ქალაქიდან. მე კი ნინოსთან და მარიტასთან ერთად დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი ტოკიოში. ჩემს შვილსაც გაუხარდებოდა, რადგან ძალიან აინტერესებს იაპონური კულტურა. სურვილი აქვს, რომ კორეული ენაც ისწავლოს. 


ყველა ახალი ამბავი
0