ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედება ჩვენი ეროვნული ღირსების ერთ-ერთი სიმბოლო და ქართული ეროვნული კულტურის ერთ–ერთი უდიდესი მონაპოვარია. ამიტომაც არის, რომ ოპერისა და ბალეტის თეატრში, რომელიც სამართლიანად ატარებს მის სახელს, ყოველი სეზონი იხსნება სწორედ მისი ოპერით "აბესალომ და ეთერი".
ბავშვობა და ადრეული წლები
ფალიაშვილები წარმოშობით სამხრეთ საქართველოდან, მესხეთ-ჯავახეთიდან იყვნენ. ზაქარიას ოჯახი იმ ქართველ კათოლიკეთა რიცხვს ეკუთვნოდა, რომლებიც ახალციხიდან ქუთაისში დასახლდნენ. მომავალი კომპოზიტორი სწორედ იქ, 1871 წლის 4 აგვისტოს დაიბადა. პეტრე ფალიაშვილისა და მარიამ მესარქიშვილის მრავალშვილიან ოჯახში ზაქარია მესამე ბავშვი იყო. ცოლ-ქმარს 18 შვილიდან 7 სხვადასხვა დროს, მცირეწლოვან ასაკში გარდაეცვალა. ხელმოკლეობა მათი ბედისწერა იქცა, მატერიალური გაჭირვება ზაქარია ფალიაშვილის მუდმივი პრობლემა იყო. „ქალაქ ქუთაისის მდაბიონი” – ასე იწოდებოდა მათი ოჯახი.
მამამისი ეკლესიის გუნდის მომღერალი იყო. შესაბამისად, იქ მიიღეს მისმა შვილებმაც მუსიკალური განათლება. ივანე ძალიან კარგად უკრავდა ორღანზე, ზაქარია კი გამოირჩეოდა ხმის უნიკალური ტემბრით. დაწყებითი განათლებაც ეკლესიასთან არსებულ სამრევლო სკოლაში მიიღო.
თბილისში ზაქარია სამუსიკო სასწავლებელში ლითონის ჩასაბერ ინსტრუმენტთა ფაკულტეტზე სწავლობდა. პარალელურად, მან 40-კაციანი გუნდიც ჩამოაყალიბა, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა. მართავდა ქართული ხალხური მუსიკის საღამოებს.
სწავლის გასაგრძელებლად მოსკოვში გამგზავრება 29 წლის ასაკში მოახერხა. მისი სწავლისა და ცხოვრების უზრუნველყოფას თბილისის საზოგადოება გულმოდგინედ ცდილობდა. იმხანად ყველაზე ცნობილი არტისტები საქველმოქმედო კონცერტებს მართავდნენ და მთელ შემოსავალს ფალიაშვილს გადასცემდნენ.
რუსეთის დედაქალაქის კონსერვატორიაში საკომპოზიციო ფაკულტეტზე სწავლის დასრულებისას, საგამოცდო კომისიამ ასე შეაფასა: „ხუთიანი მიმატებით''. 1903 წელს ზაქარიამ მდიდარი ვაჭრის შვილზე, იულია უტკინაზე იქორწინა და მასთან ერთად თბილისში დაბრუნდა. მალე წყვილს ვაჟიც შეეძინა, რომელსაც ირაკლი დაარქვეს.
შემოქმედება
სამშობლოში დაბრუნებული ზაქარია ინტენსიურ შემოქმედებით და პედაგოგიურ მოღვაწეობას იწყებს. მისი აქტიური მონაწილეობით დაფუძნდა,,ქართული ფილარმონიული საზოგადოება’’, სისტემატურად ატარებდა კონცერტებს თბილისსა და სხვა ქალაქებში. 1918 წლიდან ზაქარია დაინიშნა ამიერკავკასიაში პირველი უმაღლესი სასწავლებლის –თბილისის კონსერვატორიის დირექტორად.
ფალიაშვილმა დიდი წვლილი შეიტანა ქართული ფოლკლორის შეგროვება-შესწავლაში და წლების განმავლობაში 300-მდე ხალხური სიმღერა ჩაწერა. მას დიდი ღვაწლი მიუძღის ქართული ეკლესიის საგალობლების შექმნა-დამუშავებაშიც.
1905 წელს მოსკოვში დაიბეჭდა ფალიაშვილის პირველი რომანსები „ახალ აღნაგო სულო“, „ნანა, შვილო“ (მიეძღვნა ივანე ჯავახიშვილს). ამ პერიოდს ეკუთვნის აგრეთვე „მრავალჟამიერი“ (სოლისტი, გუნდი და ორკესტრი, 1908), „ქართული ლიტურგია“ (1910). გამოსცა 2 კრებული — „40 ქართული ხალხური სიმღერა“ (1910) და „8 ქართული ხალხური სიმღერა“ (დამუშავება; 1910). ფალიაშვილმა შექმნა ქართული ოპერის 3 განსხვავებული ტიპი: მონუმენტური ოპერა-ტრაგედია „აბესალომ და ეთერი“, ლირიკულ-დრამატული „დაისი“ და გმირულ-პატრიოტული — „ლატავრა“.
„აბესალომ და ეთერი"
ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი“ ქართული ეროვნული კულტურის ერთ-ერთი მწვერვალია. ის სისტემატურად იდგმება თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე, დაიდგა აგრეთვე მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში. გამოცემულია ოპერის კლავირი და პარტიტურა, ოპერა ჩაწერილია გრამფირფიტაზე, გადაღებულია ფილმი.
ფალიაშვილმა ,,აბესალომ და ეთერის” დაწერას დაახლოებით 10 წელი მოანდომა. ოპერაზე მუშაობის პროცესი უკვე დასასრულს უახლოვდებოდა, როცა მის ოჯახს დიდი უბედურება დაატყდა თავს, გარდაეცვალა ერთადერთი შვილი, 11წლის ირაკლი. მისმა გარდაცვალებამ ზაქარია სულიერად ძალიან გატეხა — ნერვული და გულჩათხრობილი გახდა. მთელ დღეებს შვილის საფლავზე ატარებდა და შინ გვიან ღამით ბრუნდებოდა. „აბესალომი და ეთერიც" სადღაც კუთხეში მიაგდო და მიივიწყა.
დრო გავიდა და 1919 წლის 21 თებერვალს ნაწარმოების პრემიერა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე, ავტორის დირიჟორობით, ტრიუმფით გაიმართა. კომპოზიტორმა ის თავის გარდაცვლილ შვილს მიუძღვნა, წარწერით,,ძეგლად დედისერთა ყრმის ირაკლის უმანკო სულისა, მამამისის ზაქარია პეტრეს ძე ფალიაშვილისგან".
„დაისი"
„აბესალომი და ეთერის" შემდეგ კომპოზიტორმა თავისი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ოპერა „დაისი" შექმნა. ოპერა დღემდე დიდი წარმატებით იდგმება თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე. გამოცემულია „დაისის" კლავირი და პარტიტურა. ჩაწერილია გრამფირფიტაზე. ქორეოგრაფიული ნომრები ილიკო სუხიშვილმა დადგა.
ბოლო წლები
1933 წლიდან ზაქარია ჯანმრთელობამ შეაწუხა, ჯერ ხელისა და წელის ტკივილი დაეწყო და ამის გამო დირიჟორობა გაუძნელდა. მალე ლენინგრადში კომპოზიტორს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა, სიმართლე დაუმალეს.
1933 წლის ოქტომბრის თბილ დღეს, ზაქარიამ სახლის ფანჯრიდან გაიხედა და სინანულით თქვა: „ლამის აყვავდეს ყველაფერი და მე კი… ვჭკნები!". იგი ამ სიტყვებიდან მეორე დღეს გარდაიცვალა. მუზეუმში, სამუშაო ოთახში კარადის თავზე შემოდგმული საათი კომპოზიტორის გარდაცვალების დროს უჩვენებს..
ზაქარია ფალიაშვილი დაკრძალულია მისივე სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ბაღში. მას ანდერძი არ შეუსრულეს — სურდა, შვილის, ირაკლის გვერდით დაეკრძალათ. მოგვიანებით კომპოზიტორის ქანდაკება ჩამოისხა, რომლის ავტორი მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილია.
საინტერესო ფაქტები ზაქარია ფალიაშვილის შესახებ
▪ 1910 წლის 31 ოქტომბერს სწორედ ზაქარია ფალიაშვილის გუნდმა მიიღო მონაწილეობა ახლადგახსნილი ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესიის საზეიმო კურთხევის ცერემონიაში.
▪ კომპოზიტორი ივანე ჯავახიშვილთან მეგობრობდა. შვილის დაღუპის შემდეგ ერთ-ერთი, ვინც ფალიაშვილს მუდამ გვერდზე ედგა და დასახევად გამზადებული „აბესალომ და ეთერის“ ნოტები ხელიდან გამოგლიჯა, სწორედ ჯავახიშვილი იყო. თავის მხრივ, როცა ივანეს სდევნიდნენ, ზაქარია საგანგებოდ მიდიოდა კათოლიკურ ეკლესიაში და უკრავდა. ეკლესიის პირდაპირ ჯავახიშვილი ცხოვრობდა. მას შინაპატიმრობა ჰქონდა მისჯილი და ამგვარად ამხნევებდა მეგობარს.
▪ მის სახელს ატარებს თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრი (1937-იდან), რესპუბლიკის რამდენიმე სამუსიკო-სასწავლო დაწესებულება, ქუჩები — მოსკოვში, თბილისში, ქუთაისში. თბილისსა და ქუთაისში გახსნილია ფალიაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმები, დაწესებულია ფალიაშვილის სახელობის პრემია (1971-იდან). ფალიაშვილის ფოტო ქართულ ვალუტაზეც მოხვდა, დაიბეჭდა ქაღალდის ორლარიანზე.
▪ აბესალომის პარტიას ვანო სარაჯიშვილი ასრულებდა. მისი გარდაცვალების შემდეგ ოპერის თეატრში „აბესალომ და ეთერი“ რეპერტუარიდან მაინც არ მოხსნეს — ყველა ბილეთი გაყიდული იყო. სცენაზე, იქ, სადაც ვანო უნდა მდგარიყო, შუქი ციმციმებდა, მის პარტიას კი ჩელისტი ასრულებდა. შემდეგ ამ სპექტაკლს უწოდეს „აბესალომ და ეთერი’’ აბესალომის გარეშე“.
▪,,დაისი’’ პირველი ოპერა იყო, რომელიც საქართველოს გასაბჭოების შემდეგ დაიდგა. მას მენშევიკური უწოდეს და ოპერის რეპერტუარიდან მოხსნა მოითხოვეს. საქმეში გასარკვევად შეიქმა საგანგებო კომისია, რომლის ხელმძღვანელად „ქეთო და კოტეს” ავტორი, ვიქტორ დოლიძე დანიშნეს. კომისიის ბოლო სხდომაზე გადამწყვეტი სიტყვა ვიქტორ დოლიძემ თქვა:,,მე არ ვიცი, ეს ოპერა მენშევიკურია თუ ბოლშევიკური, მაგრამ თქვენ ყველას ამ მუსიკით დაგასაფლავებენო’’.
ხატია გიგოლაშვილი