თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველოს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ დაასახელა წიგნები, რომლებსაც ზაფხულში წასაკითხავად სხვადასხვა თაობის ადამიანებს ურჩევდა.
მინისტრი ზაფხულში საუკეთესო წასაკითხ წიგნად უფროკლასელებისთვის მიიჩნევს ჯეკ ლონდონის მოთხრობებს, სტუდენტებისთვის — ჯერომ დევიდ სელინჯერის რომანს "თამაში ჭვავის ყანაში", ხოლო უფროსი თაობის წარმომადგენლებისთვის — კნუტ ჰამსუნის "შიმშილს".
"თუ გინდა საინტერესო ადამიანი იყო საკუთარი თავისთვის, მეგობრებისთვის, წრისთვის, რომელთანაც მოგიწევს ურთიერთობა ცხოვრებაში, აუცილებლად უნდა იკითხო, აუცილებლად უნდა გაიმდიდრო ეს სამყარო. დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი ბავშვი, რაც გაიცნობს ამ სამყაროს, შეუძლებელია არ შეიყვაროს ეს სამყარო და შემდეგ ეს სიყვარული, ეს ინტერესი მთელი ცხოვრების განმავლობაში გაყვება", განაცხადა გიორგაძემ რადიო "შოკოლადის" ეთერში.