დაყადაღებული ქონება შესაძლოა ონლაინ-მაღაზიით გაიყიდოს

გამოწერა
სააუქციონო მომსახურების დაწყებამდე აღსრულების ეროვნული ბიურო ქონებას სარეალიზაციოდ ელექტრონულ მაღაზიაში მოვალისა და კრედიტორის ერთობლივი განცხადების საფუძველზე განათავსებს.

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. აღსრულების ეროვნული ბიურო მოქალაქეებს ახალ სერვისს — ელექტრონულ მაღაზიას სთავაზობს, იუწყება აღსრულების ბიუროს პრეს-სამსახური.

"www.eshop.nbe.gov.ge ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს საშუალებას აძლევს სახლიდან გაუსვლელად, მისთვის კომფორტულ გარემოში შეიძინოს სასურველი ქონება. ელექტრონული მაღაზიის მომსახურება ასევე აუმჯობესებს ქონების სარგებლიანად რეალიზაციის შესაძლებლობას და ამცირებს სააღსრულებო წარმოების პროცესში არსებულ პროცედურებსა და ვადებს", — აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სააუქციონო მომსახურების დაწყებამდე, აღსრულების ეროვნული ბიურო ქონებას სარეალიზაციოდ ელექტრონულ მაღაზიაში მოვალისა და კრედიტორის ერთობლივი განცხადების საფუძველზე განათავსებს.

დაყადაღებული ქონება საბაზრო ღირებულების 80 პროცენტად იქნება განთავსებული და მის შესაძენად საჭიროა მომხმარებლის რეგისტრაცია/ავტორიზაცია ბიუროს ვებ-გვერდზე და სასურველი ნივთის ღირებულების გადახდა უნაღდო ანგარიშსწორებით.

ყველა ახალი ამბავი
0