თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ შემოდგომაზე, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავს, განაცხადა ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა.
ინაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ უშედეგო მცდელობაზე, მოძებნოს საერთო ენა მმართველ პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიულ საქართველოსთან“. მისი თქმით, ბოლო წვეთი აღმოჩნდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტი, რომელთან შეხვედრაზეც არ მოუწვევიათ „ალიანსი“.
„საპროტესტო აქციები 17 სექტემბრიდან დაიწყება. ქართველ ხალხთან ერთად, ამ გაყოყოჩებულ ხელისუფლებას ხალხის ძალას ვაჩვენებთ. ეს არ არის განაწყენება, პოლიტიკაში წყენის ტერმინი არ არსებობს. „ქართული ოცნება“ ისეთ პოლიტიკას ატარებს, რომელიც წამახალისებელი და მომგებიანია მხოლოდ ბოკერიასთვის და „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე ფრთისთვის“, — განაცხადა ინაშვილმა.
ბოკერია პარტია „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერია, რომელიც 2016 წლის ბოლოს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჩამოშორებულმა ავტორიტეტულმა პოლიტიკოსებმა დააფუძნეს.
რაც შეეხება პენსს, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდა ქვეყნის პირველ პირებს და ოთხი ოპოზიციური პარტიის — „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის", „თავისუფალი დემოკრატები" და „შენების მოძრაობა" — წარმომადგენლებს.
„ამ შეხვედრას აუცილებლად დავესწრებოდი, რადგან ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ზუსტად იმ პოლიტიკური იდეოლოგიის გამომხატველია, რა იდეოლოგიასაც ჩვენ ვატარებთ. ის ქრისტიანია, კონსერვატორია და ჩვენ საერთო ღირებულებები გვაკავშირებს. ამიტომ, ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის მასთან შეხვედრა ძალიან საინტერესო იქნებოდა, მაგრამ ეს შეხვედრა განზრახ დაიბლოკა. დღევანდელ ხელისუფლებასთან ბოკერიას შეთანხმებით დაიბლოკა“, — დასძინა ინაშვილმა.
ივლისის შუა რიცხვებში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო ფრაქციის სამი დეპუტატი მოსკოვში გაემგზავრა და რუს დეპუტატებს შეხვდა, რისთვისაც ისინი ქართველმა კოლეგებმა მკაცრად გააკრიტიკეს. პარლამენტში „ალიანსს“ 150-დან 6 ადგილი აქვს.