„ვეფხისტყაოსანში“ მოხსენიებული ქვრიმა და ყმა გლეხების საკვები ურიში

© ნინო გოცაძის პირადი არქივიურიში - Echinochloa frumentacea Link. (ალ. მაყაშვილის ჰერბარიუმი, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახ. უნივერსიტეტი)
ურიში  - Echinochloa  frumentacea Link. (ალ. მაყაშვილის ჰერბარიუმი, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახ. უნივერსიტეტი) - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად, საქართველოში, ქვრიმა და ურიში, ისევე როგორც სხვა ფეტვნაირი კულტურები (ღომი, ფეტვი, ბრინჯი), აღარ ითესება.

ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მოღვაწეობის შედეგად შექმნილ ფეტვნაირ კულტურულ მცენარეთა შორის ღომის და ფეტვის გარდა, მნიშვნელოვანი კულტურებია ქვრიმა და ურიში, რომელთა არსებობა უძველესი დროიდან საქართველოში დადასტურებულია არქეოლოგიური კვლევებითა და ეთნოგრაფიული წყაროებით.

ქვრიმა (Setaria mocharica (Alef.) Menabde & Ericzjan) — მეგრულად — „ქურიმ — ა“; ჭანურად — „მტკუი ქურუმ“; კახურად —„ძურწა ფეტვი“, ცნობილია აგრეთვე, „მჭადის“, „მჭადის ფეტვის“, ან „კარწუმელის“ სახელწოდებით, მოხსენიებულია შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანსა“ (XII ს.) და დავით ნარინის დროის (XIII ს.), გელათის მონასტრისადმი ბოძებულ  სიგელში.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად დადასტურდა, რომ ქვრიმას კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან იყო  ცნობილი. პალეობოტანიკური მონაცემების მიხედვით, V-VII საუკუნეებში და შემდეგაც, ეს კულტურა მოჰყავდათ რაჭასა და იმერეთში. ქვრიმას  კარბონიზირებული მარცვლები აღმოჩენილია გვიანი ნეოლითიდან ბერძნული კოლონიზაციის პერიოდამდელ დიხაგუძუბას (ზუგდიდის რაიონი) არქეოლოგიურ ძეგლზე. 

ლიტერატურული წყაროების მიხედვით, ქვრიმა გავრცელებული იყო რაჭის, იმერეთისა და დუშეთის რაიონებში XVIII — XIX საუკუნეებში.  ზღვის დონიდან 600-700 მეტრამდე — ღომი, უფრო მაღლა (რაჭაში) — ფეტვისა და ქვრიმას ნარევი, 1200 მეტრზე ზევით კი — ქვრიმას სუფთა კულტურა ითესებოდა. ქვრიმას კულტურა დასავლეთ საქართველოს პირობებში ზღვის დონიდან 1200-1600 მეტრზეც ადის. 

© ნინო გოცაძის პირადი არქივიქვრიმა - Setaria mocharica (საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის საკოლექციო ნაკვეთი)
 „ვეფხისტყაოსანში“ მოხსენიებული ქვრიმა და ყმა გლეხების საკვები ურიში - Sputnik საქართველო
ქვრიმა - Setaria mocharica (საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის საკოლექციო ნაკვეთი)

ქვრიმა მორფოლოგიურად მწვანე ძურწისა და ღომის მსგავსი, ერთწლოვანი მცენარეა. აქვს სწორმდგომი, 30-70 სმ. სიმაღლის, წვრილი, მწვანე, ან იისფერი ღერო. ფოთლის ფირფიტა წვრილი და მოკლეა. 4-20 სმ. სიგრძის თაველი ვიწროა, ცილინდრული ფორმის. თავთუნები ღომის თავთუნებთან შედარებით დიდი ზომისაა, ოვალური ფორმის. ყვავილობა მიმდინარეობს ღომის და ფეტვის ყვავილობის მსგავსად. მარცვალი ძალიან წვრილია. ოვალური, ღია ყვითელი, ყვითელი, წითელი, ან შავი.  კილგაცლილი მარცვალი ძირითადად თეთრი, ან ყვითელია. არჩევენ ქვრიმას თეთრ, შავ და წითელ თაველიან ჯიშებს.  

ფეტვსა და ღომთან შედარებით, ქვრიმასგან დამზადებული ბურღული დაბალი ხარისხისაა.  არ არის მომთხოვნი ნიადაგის მიმართ და ამ მხრივ,  ფეტვსა და ღომს სჯობნის. ამასთან ერთად, მცენარის მწვანე მასა კარგი კონცენტრირებული საკვებია შინაური პირუტყვისთვის და როგორც გვალვაგამძლე კულტურა, მნიშვნელოვანია ისეთ რეგიონებში, სადაც მორწყვის პრობლემა დგას. ქვრიმა კარგი წინამორბედია პარკოსანი და თავთავიანი კულტურებისათვის. მცენარის მწვანე მასის მოსავლიანობა საშუალოდ  არის 150-200 ც/ჰა,  თივის — 40-60 ც/ჰა,  მარცვლის 15-20 ც/ჰა.  

სხვა მარცვლოვნებისგან განსხვავებით, ქვრიმა ხასიათდება მოკლე სავეგეტაციო პერიოდით. ბიოლოგიური თვისებებიდან გამომდინარე, რეკომენდირებულია მისი მოყვანა მაღალმთიან რეგიონებში, სადაც სხვა მარცვლოვნები მომწიფებას ვერ ასწრებენ.

რაც შეეხება უძველეს ფეტვნაირ პურეულ კულტურას — ურიშს (Echinochloa frumentacea Link), არქეოლოგიური კვლევებითა და ეთნოგრაფიული წყაროებით მტკიცდება, რომ ამ კულტურის თესვა-მოყვანას კოლხები და მათი მონათესავე ქართველური ტომები სხვა ფეტვნაირი კულტურების მსგავსად, ჯერ კიდევ VI საუკუნეში მისდევდნენ. მცენარის კარბონიზირებული მარცვლები აღმოჩენილია ნოქალაქევის უნიკალური ნაქალაქარის ტერიტორიაზე (ძვ.წ.აღ. VIII-VI-IV-II სს). ვანის ნაქალაქარის ტერიტორიაზე (ძვ.წ.აღ. IV — III სს.) კი აღმოჩენილია ურიშის დანახშირებული  მარცვლები.

ბიზანტიელი ისტორიკოს პროკოპი კესარიელის გადმოცემით, VI საუკუნეში სკანდისა და შორაპნის სანახებში ადგილობრივი მოსახლეობა საკვებად რაღაც მარცვლოვანი „ელჳმოსით“ იკვებებოდა, რომელიც  იმდენად დაბალი ღირსების ყოფილა, რომ სკანდისა და შორაპნის ციხეებში  ჩაყენებულმა ბერძენთა მეციხოვნე ჯარმა ვერ აიტანა ამ მცენარით კვება, ციხეები მიატოვა და წავიდა. ურიშის სახელი „ელჳმოს“ ნაწარმოებია ბერძნული სიტყვისაგან „ჰელოს“ (ჭაობი), რადგან, ეს მცენარე ნესტიან ადგილებსა და ჭაობებში იზრდება. 

ურიში სამეგრელოში XIX საუკუნის ბოლომდე მოჰყავდათ, რომელსაც „ფაიძას“, ან „თამაკს“ უწოდებდნენ. მეცნიერთა აზრით, ურიში აზიური წარმოშობის მცენარეა და მისი სახელიც ჩინური სახელწოდების „პაიცზას“ შესატყვისია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მთიან სამეგრელოში არის სოფელი თამაკონი, სადაც ურიში ითესებოდა და მცენარის ძველთა-ძველი მეგრული სახელი „თამაკიც“ სწორედ აქედან მოდის.  

© ნინო გოცაძის პირადი არქივიურიში - Echinochloa frumentacea Link. ალ. მაყაშვილის ჰერბარიუმი, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახ. უნივერსიტეტი
 „ვეფხისტყაოსანში“ მოხსენიებული ქვრიმა და ყმა გლეხების საკვები ურიში - Sputnik საქართველო
ურიში - Echinochloa frumentacea Link. ალ. მაყაშვილის ჰერბარიუმი, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახ. უნივერსიტეტი

ურიში ერთწლოვანი კულტურაა, მძლავრად განვითარებული ფესვთა სისტემით და უხვად შეფოთლილი ღეროებით. მორფოლოგიურად ძალიან ჰგავს სარეველა მცენარეს ბურჩხას — Echinochloa crus-galli (L). P. Beauv.  იგი კარგად ხარობს ნესტიან და ჭაობიან ადგილებში. ვეგეტაციის პერიოდში შესაძლებელია ორჯერ მოთიბვა, რამდენადაც, სწრაფად ივითარებს მწვანე მასას, რომელიც გამოიყენებოდა საქონლის საკვებად. 

სხვა პურეული მარცვლეეული კულტურებისგან განსხვავებით, ურიში მეტად დაბალი ღირსებისაა და ღომის მსგავსად, მცენარის მოხარშული მარცვლით ძირითადად ყმა გლეხები იკვებებოდნენ. ურიშის დაცეხვილი მარცვლისგან ფაფას, ან მჭადს ამზადებდნენ, რომელსაც მწარე გემოს დასაკარგად თაფლს, ან ნიგოზს ურევდნენ.

მცენარეს სამეგრელოში სამკურნალო მიზნითაც თესავდნენ. ნიორს, მწარე წიწაკას, ქონდარსა და ზაფრანას (ყვითელ ყვავილს) ღომის ნაცვლად, უმატებდნენ ურიშის მარცვლებს და ხარშავდნენ წამალს „ტიბუ“, რომელსაც იყენებდნენ გრიპისა და გაციების დროს, ოფლის მოსადენად. 

ამჟამად, საქართველოში, ქვრიმა და ურიში, ისევე როგორც სხვა ფეტვნაირი კულტურები (ღომი, ფეტვი, ბრინჯი), აღარ ითესება.

ნინო გოცაძე


ყველა ახალი ამბავი
0