დევდორაკის გვირაბი – სარგებელი ეკონომიკისათვის

გამოწერა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ავტომაგისტრალზე გვირაბის მშენებლობის მიზეზებზე ისაუბრა.

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. საქართველოს სამხედრო გზაზე, დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილზე გვირაბის მშენებლობა მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სეთურიძემ ტელეარხ „TV პირველის“ ეთერში.

სამშენებლო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და 2018 წლის მარტში უნდა დასრულდეს. პროექტის ფარგლებში აშენდება 1,7 კმ სიგრძის გვირაბი, რომლის სავალი ნაწილის სიგანე 8,5 მეტრი იქნება. გვირაბის მშენებლობა მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, მისი ღირებულება 47 მილიონ ლარს აღემატება.

"დღესდღეობით საქართველოს, როგორც ტრანზიტული ჰაბის დანიშნულება, ყველაზე მეტად დამოკიდებულია ჩრდილოეთ კორიდორზე. წინა წლებში იქ დაახლოებით 300 ერთეული სატვირთო მანქანა გადაადგილდებოდა, ახლა უკვე დაფიქსირებულია 700-750 ერთეულის გადაადგილება. გზები ძალიან გადატვირთულია და, წარმოიდგინეთ, იმ შემთხვევაში, თუ არ იფუნქციონირებს "ლარსის" საკონტროლო-გამშვები პუნქტი, როგორ გაუჭირდება ეკონომიკას", — განაცხადა სეთურიძემ.

მან აღნიშნა, რომ სწორედ მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ავტომაგისტრალით გადის რუსეთში საქართველოდან ტვირთების დიდი რაოდენობა.

"მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ გზით აქტიურად სარგებლობენ ქართველი მომხმარებლები. ძალიან ბევრი სეზონური პროდუქცია გადის ჩრდილოეთის ბაზრებზე. ასე რომ, ეს გვირაბი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის", — აღნიშნა სეთურიძემ.

დარიალის ხეობაში ბევრჯერ გამეორდა ისეთი სტიქიური მოვლენები, როგორიც არის ღვარცოფი, მეწყერი, ქვათა ცვენა. გზა ხშირად იკეტებოდა. ამ მაგისტრალის სატრანზიტო ფუნქცია წყდებოდა და ქვეყანას დიდი ფინანსური ზარალი ადგებოდა.

"როდესაც სპეციალისტებმა გააანალიზეს სიტუაცია, ფაქტობრივად ყველამ აღნიშნა, რომ არ არსებობს არანაირი გარანტია იმისა, რომ დევდორაკის ამ მონაკვეთზე ასეთი კატასტროფული მოვლენები არ განმეორდეს. როგორც თქვენთვის ცნობილია, რამდენიმე წლის წინ ამ ადგილზე მსხვერპლიც მოხდა. საბოლოოდ აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო გვირაბის აშენება გადაწყდა და ეს გვირაბი დაახლოებით 1750 მეტრი სიგრძის იქნება. ეს დაახლოებით რიკოთის გვირაბის სიგრძეა", — განაცხადა სეთურიძემ.

ამჟამად ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა ერთადერთი მოქმედი საავტომობილო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს.

ყველა ახალი ამბავი
0