რობერტ სტურუა – კაცი, რომელიც საკუთარ ცხოვრებას თხზავს

© ვახტანგ კობაიძერობერტ სტურუა
რობერტ სტურუა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვახტანგ კობაიძე

რობიკო სტურუა, შემიძლია თამამად ვთქვა, ჩემი მეგობარია. თავის დაბადების დღეს ყოველთვის აღნიშნავს მეგობრების ვიწრო წრეში, რომელსაც თვითონვე არჩევს. ძირითადად, თბილისში ან ბათუმში. იშვიათად, თუ დაემთხვა, გასტროლებზე… არც გასტროლების დროს, არც დასვენებისას თბილისში, თუ სადაც არ უნდა იყოს, ახალ სპექტაკლზე რეპეტიციებს არ წყვეტს. ასეა ამჯერადაც. 31 ივლისს 79 წელი შეუსრულდა. მიუხედავად ამისა ყოველდღე რეპეტიციებია — ბათუმში ერლომ ახვლედიანის მოთხრობების მიხედვით ახალ სპექტაკლზე მუშაობს — „ვანო და ნიკო“. ჩვენი შეხვედრაც ბათუმში შედგა, თუმცა ინტერვიუ სახელდახელო გამოვიდა, ვერაფრით მოიცალა…

© ვახტანგ კობაიძერობერტ სტურუა და ვახტანგ კობაიძე
რობერტ სტურუა – კაცი, რომელიც საკუთარ ცხოვრებას თხზავს - Sputnik საქართველო
რობერტ სტურუა და ვახტანგ კობაიძე

– გილოცავთ 79-ე წლისთავს, მომავალი დიდი იუბილესათვის როგორ ემზადებით?

— არავითარი დიდი იუბილე არ იქნება. ხომ არ გადამიხდია 70 და 75 წლისთავი? არც 80-ის გადახდას ვაპირებ.

– მახსოვს, 75 წლისთავზე დიდი ტორტი იყო და სპექტაკლი „მარია კალასი“…

— მართალია, ტორტი დიდი იყო, მაგრამ სპექტაკლი და იუბილე პატარა.

– თქვენ შემოქმედებაში რა სიახლეებია?

— სიახლეზე რა გითხრათ, ვმუშაობ ისე, როგორც შემიძლია, ანალიზს ვერ ვაკეთებ ახლა, რომ რამე ახალს ვქმნი. ეს მაყურებლის გადასაწყვეტია, ჩემი ნაშრომი მათთვის სიახლეა თუ არა. სულ ბოლოს მოსკოვში, კალიაგინის თეატრ „ეტ–სეტერაში“ დაიდგა გოგოლის „რევიზორი“. ამბობენ, მოეწონათო. როცა ქართველი ან ნებისმიერი სხვა ეროვნების რეჟისორი რუსულ კლასიკას დგამს, ძალიან პრეტენზიული მომენტია, ერევი სხვა ქვეყნის ხელოვნებაში, კულტურაში. ეს დიდი გამოწვევაა. მოკლედ, ექვსი თვე ჯოჯოხეთურ შრომაში გავატარე. ამბობენ, რომ სპექტაკლი შედგა.

– მომავალში რას უნდა ველოდოთ რობერტ სტურუასგან?

— აგერ ახლა ვასრულებ ბათუმის სახელმწიფო თაეტრში ერლომ ახვლედიანის მოთხრობების მიხედვით სპექტაკლს, შემდეგ ცოტას დავისვენებ და ვიფიქრებ. ისე, დიდი სურვილი მაქვს ისევ მივუბრუნდე „ვეფხისტყაოსნის“ თემას, ვნახოთ, ვნახოთ…

© ვახტანგ კობაიძერობერტ სტურუა
რობერტ სტურუა – კაცი, რომელიც საკუთარ ცხოვრებას თხზავს - Sputnik საქართველო
რობერტ სტურუა

დღეს ძალიან სიტყვაძუნწი იყო, ვეცდები ჩემი სიტყვებით შევავსო მისი პორტრეტი. მოგწონდეს მისი შემოქმედება, ეს მედლის ერთი მხარეა, სულ სხვაა, როცა ასეთი ხელოვანის მეგობარი ხდები და ეს მეგობრობა უკვე 40 წელია გრძელდება… აი, ეს კი უკვე მედლის მეორე მხარეა. „ხანუმა“, „ყვარყვარე“, „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ მესამე“, „ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე“… მისი ბოლო წლების დადგმებიდან აღნიშვნის ღირსია პოლიკარპე კაკაბაძის „ასულნი“, თამაზ ჭილაძის „ნადირობის სეზონი“ და, ბოლოს, ბრეხტის „დაკანონებული უკანონობა“… თუმცა, აქ არ ვაპირებ რობიკოსა და რუსთაველის თეატრის ტრიუმფზე ვისაუბრო, ეს თეატრმცოდნეებისთვის მიმინდვია. ამის შესახებ ყველას კარგად მოეხსენება და ჩემი მოკრძალებული შეფასება უადგილოდ მიმაჩნია.

რობერტ სტურუა - Sputnik საქართველო
ეს მაესტრო რობერტ სტურუაა

ხატავს, უკრავს, საოცრად მუსიკალურია, აქვს ფენომენალური მეხსიერება, ერთნაირად ძლიერია ხელოვნებისა თუ მეცნიერების ყველა სფეროში. ამაში მას ეხმარება ის უამრავი, მისთვის საჭირო ინფორმაცია, რომელსაც წიგნებიდან თუ ჟურნალ-გაზეთებიდან კრებს. შეუძლია სქელტანიანი წიგნი ერთი თვალის გადავლებით წაიკითხოს, თავისი შემოქმედებით შესულია მსოფლიო თანამედროვეობის საუკეთესო რეჟისორების ხუთეულში. იყო კარგი რეჟისორი, მეგობარი, არ ჩამორჩე ცხოვრებას, ეს მხოლოდ ერთეულების ხვედრია… რობიკო ჩემთვის და, მე მგონია, სხვა ბევრისთვისაც ამოუხსნელი, ცალკე შესასწავლი ფენომენია.

ერთ ფაქტს გავიხსენებ: ხაბაროვსკი, 1982 წელი. ყოველ დილით უამრავ გაზეთთან ერთად კორეულ ჟურნალს ყიდულობდა. ერთხელ დავინტერესდი: „არ მითხრა, კორეულიც ვიციო?!“ „არა, კოკო, ყოველ ჟურნალში იბეჭდება კიმ ირ სენისადმი მიძღვნილი ჰიმნები, ძალიან საინტერესოა“. გადაშალა ჟურნალი, სადაც ნოტები და ტექსტი იყო დაბეჭდილი, მელოდიის წამღერებით დაიწყო ნოტების კითხვა… საოცრება იყო, გაოგნებული ვუსმენდი!..

ჩემი მრავალწლიანი დაკვირვებით, მორიდებულია, არასოდეს უსვამს ხაზს თავის განსაკუთრებულობას. უყვარს ქეიფი, უყვარს მეგობრები, მათთან ყოფნა, მაგრამ არ გეგონოთ, რომ ეს მისთვის დროის დაკარგვაა. იგი ამ სამყაროთი ცხოვრობს, ამ სამყაროს შუაგულში ტრიალებს და ეს ყველაფერი აისახება მის შემოქმედებაში. ეს ყველაფერი გამოძახილს პოულობს მის ახალ ძიებებში. ეს მუდმივი განახლება, რაც მის ნიჭიერებაში, ბუნებრივ ძალმოსილებაში იღებს სათავეს, დაუსრულებელია და ვისურვებდი, რომ კიდევ დიდხანს გაეხარებინოს მაყურებელი და თაყვანისმცემლები თავისი უაღრესად საინტერესო შემოქმედებით.

P.s. რობერტ სტურუას სამყარო უწინარესად მაინც თეატრი, მისი სპექტაკლებია. ის ცდილობს თავისი შემოქმედებით მიანიჭოს სხვას სიამოვნება. ჩააფიქროს და დაანახოს ხვალინდელი დღე, ცხოვრების არსი. მასთან მეგობრობამ ბევრი რამ მასწავლა… და, ბოლოს, მინდა რობიკოს სიტყვებით დავამთავრო:

„ძალიან ბედნიერი ვარ! ვერ წარმოიდგენთ, რა მღელვარე პროცესია, რა საამო, როცა საკუთარ ცხოვრებას თხზავ!“

ყველა ახალი ამბავი
0