წარსულის გადმონაშთი: „გირჩმა" ხელმოწერები ცესკოში ფაეტონით მიიტანა

© Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები ფაეტონით მცხეთაში
ტურისტები ფაეტონით მცხეთაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარტია „გირჩმა" არჩევნებში მონაწილეობისთვის საჭირო 28 000 ხელმოწერა შეაგროვა და დოკუმენტები ცესკოში ძველებური ხერხით მიიტანა.

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ოპოზიციურმა პარტიამ „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩი" ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტები ცესკოში ცხენშებმული ფაეტონით მიიტანა, იუწყება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი".

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები ოქტომბრის ბოლოს ჩატარდება. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიამ ცესკოში ამომრჩეველთა მინიმუმ 25 000 ხელმოწერა უნდა წარადგინოს. პარტია „გირჩი" მათ ელექტრონულ ფორმატში აგროვებდა — პარტიის მომხრეები საკუთარ ხელმოწერებსა და პირად მონაცემებს პარტიის ვებგვერდზე ათავსებდნენ.

„გირჩმა" მოახერხა 28 000 ხელმოწერის შეგროვება, რომლებიც პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ცესკოს ადმინისტრაციაში ხურჯინით მიიტანა.

„დღეს ცესკოს წარვუდგინეთ 28 000 მხარდამჭერის ხელმოწერილი ფორმა, შევსებულია კანონმდებლობის ყველა წესის დაცვით. ჩვენ გთხოვთ და ვითხოვთ, დაგვარეგისტრიროთ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე", — აცხადებს ჯაფარიძე.

ამასთან პარტიის ლიდერმა აღნიშნა, რომ ცესკოში დოკუმენტების მიტანის ასეთი უჩვეულო ხერხი პარტიამ იმიტომ აირჩია, რადგან მიიჩნევს, რომ XXI საუკუნეში დოკუმენტების წარდგენა უნდა ხდებოდეს ელექტრონულად, და არა ქაღალდზე.

პარტია ორიგინალური დასახელებით „გირჩი" 2015 წელს შეიქმნა. ის დააარსეს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა. პარტიის ერთ-ერთ მიზანს ასევე წარმოადგენს საქართველოში მარიხუანის შეძენა-შენახვისა და მოხმარების ლეგალიზაცია.

2016 წლის ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს, პარტიის აქტივისტებმა საკუთარ ოფისში კანაფი პირდაპირ ეთერში დათესეს. 11 დღეში პოლიციამ ქოთნები ამოსული მცენარით ამოიღო, თუმცა ხანგრძლივმა გამოძიებამ აჩვენა, რომ მოყვანილი „ბალახის" რაოდენობა სისხლის სამართლის საქმისა და დაპატიმრებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

ივლისის ბოლოს პარტია გამოვიდა კიდევ ერთი უჩვეულო წინადადებით — საქართველოში პროსტიტუციის ლეგალიზების მოწოდებით.

 

ყველა ახალი ამბავი
0