თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. მაშველებმა ქობულეთში ზღვაში ხუთბალიანი შტორმისას სომხეთის სამი და საქართველოს ერთი მოქალაქე გადაარჩინეს.
საქართველოს შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მონაცემებით, ამჟამად დამსვენებლების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ მიუხედავად შტორმის შესახებ გაფრთხილებისა და საგუშაგოებზე წითელი ალმების აღმართვისა, რაც ცურვის აკრძალვას ნიშნავს, ზოგიერთი ტურისტი მაინც შედის ზღვაში და ამით საფრთხეს უქმნის საკუთარ და მაშველების სიცოცხლეს.
"შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ: ყურადღება მიაქციეთ მაფრთხილებელ ნიშნებს, დაემორჩილეთ მაშველთა მითითებებს, არ დატოვოთ ბავშვები მეთვალყურეობის გარეშე და თავი შეიკავეთ ზღვაში შესვლისგან მანამ, სანამ არ გაუქმდება საშტორმო მდგომარეობა, რათა თავიდან იქნას აცილებული უბედური შემთხვევები", – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
სააგენტოში ასევე აღნიშნავენ, რომ როგორც კი ზღვაში შესვლა იქნება უსაფრთხო და დასაშვები, საგუშაგოებზე დაუყოვნებლივ აღიმართება თეთრი ალმები.