თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. ბოლნისის რაიონის სოფელ ფოლადაურში "საერთაშორისო საზაფხულო სკაუტური ბანაკი" გაიხსნა, რომლის მიზანია ლიდერული უნარ-ჩვევებისა და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება.
ბანაკში 14–დან 18 წლამდე 550–მდე ახალგაზრდა ერთ კვირას გაატარებს.
ბანაკში დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული აქტივობა და ლაშქრობა; ის ასევე ითვალისწინებს ტრენინგების კურსებს, როგორიცაა ლიდერობა და პიროვნული განვითარება, სამოქალაქო განათლება, გარემოს დაცვა, ბუნებაში ორიენტირება.
"ბანაკის მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას ევროკავშირის ღირებულებების შესახებ და გაეცნობიან სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს", – აღნიშნულია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
პროგრამა ხორციელდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით და საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზებით.